ახალი ამბები

ბიზნესსკოლის გაუქმების შეწყვეტისა  და ქადაგიძის აღდგენის მოთხოვნით მანიფესტი შეიქმნა

1 თებერვალი, 2019 • 1266
ბიზნესსკოლის გაუქმების შეწყვეტისა  და ქადაგიძის აღდგენის მოთხოვნით მანიფესტი შეიქმნა

ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის გაუქმების შეწყვეტისა  და მისი დეკანის, გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით, მანიფესტი შეიქმნა. მანიფესტით, რომელსაც ამ დროისთვის 1000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს, საინიციატოვო გუნდი ითხოვს, შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც სკოლა უქმდება.

“ამ ე.წ. რეორგანიზაციის ფარგლებში იქმნება ახალი მიმართულება, „ტექნოლოგიების, განათლების და მენეჯმენტის“ ფაკულტეტი, რომელიც სრულად მიიერთებს ბიზნესის ფაკულტეტს. შესაბამისად, ის სკოლა, რომელშიც ჩავაბარეთ და რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იხვეჭდა სახელს და კარგი აღქმა აქვს როგორც სტუდენტებში, ისე დამსაქმებლებს შორის, უქმდება და ხდება გაუგებარი ფაკულტეტის ნაწილი,”-წერია მანიფესტში.

ილიას უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას განცხადებით, ამ ახალ ფაკულტეტს ჯერჯერობით აკრედიტაცია არ გაუვლია. მანიფესტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ აკრედიტაციის საკითხის ბუნდოვანება გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს.

“სკოლა, რომელიც ბოლო დროს დინამიკურად ვითარდებოდა და იზრდებოდა, რომელიც ქართულ ბიზნესსკოლებში ერთ-ერთი გამორჩეული და იმედის მომცემი იყო, დოკუმენტალურად აღარ იარსებებს! კურსდამთავრებულებიც აღარ ჩაითვლებიან ბიზნესის სკოლის სტუდენტებად და ის ფაქტი, რომ ისინი ამ სკოლის სტუდენტები იყვნენ, აღარსად დაფიქსირდება,”-ნათქვამია მანიფესტში.

ამასთან ავტორების განცხადებით, სრულიად გაუგებარი მიზეზებით თანამდებობიდან გაათავისუფლეს სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე. “ბიზნესის სკოლის დეკანის პოზიციაზე მისი მოსვლის შემდეგაც, ბიზნესსკოლის სტუდენტებისთვის რადიკალურად უკეთესობისკენ შეიცვალა უკლებლივ ყველაფერი”,-წერია მანიფესტში.

ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის საინიციატოვო გუნდი მოითხოვს, დაუყონებლივ შეწყდეს ხსენებული რეორგანიზაცია და ქადაგიძე დაბრუნდეს დეკანის თანამდებობაზე. მანიფესტის ავტორები ასევე ითხოვენ, ბიზნესის სკოლა შენარჩუნდეს დამოუკიდებელ ერთეულად და მოხდეს ფაკულტეტის, როგორც “ბიზნესის ადმინისტრირების” სახელით აღდგენა.

გუშინ, 31 იანვარს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანსამდებობიდან გაათავისუფლეს. ქადაგიძის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა აქვს, სწორედ ამის გამო მოხდა მისი გათავისუფლება.

ქადაგიძეს Facebook-ითვე უპასუხა უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ. მისი თქმით, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეფუძნებინა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, სადაც იფუნქციონირებს ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა და სხვა პროგრამები. როგორც ზედანია წერს, პროფესორები რჩებიან, პროგრამები რჩება და იზრდება სინერგია დისციპლინებს შორის.

ზედანიას თქმითვე, ილიას უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეფუძნებინა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, სადაც ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა და სხვა პროგრამები იფუნქციონირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი