ახალი ამბები

სირიის ხელისუფლებას ჟურნალისტ მარი კოლვინის მკვლელობისთვის $300 მილიონი დააკისრეს

1 თებერვალი, 2019 • 2283
სირიის ხელისუფლებას ჟურნალისტ მარი კოლვინის მკვლელობისთვის $300 მილიონი დააკისრეს

ამერიკულმა სასამართლომ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება დამნაშავედ ცნო ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტისა და ომის კორესპონდენტის, მარი კოლვინის მკვლელობაში.

56 წლის მარი კოლვინი ფოტოგრაფ რემი ოშლიკთან ერთად 2012 წლის თებერვალში ემსხვერპლა დაბომბვას სირიაში. აშშ-ში კოლუმბიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ემი ბერმან ჯეკსონის ვერდიქტით, ეს იყო “არასანქცირებული მკვლელობა” [სიკვდილით დასჯა].

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დამასკოს (სირიის დედაქალაქი) დაეკისრა 302,5 მილიონი აშშ დოლარის (231 მილიონი ევროს) გადახდა “ამ გაუგონარი დანაშაულის” გამო. დამატებით, სირიის ხელისუფლებას დაევალა 2.5 მილიონი აშშ დოლარის გადახდა კოლვინის დისთვის, ქეთლინ კოლვინისთვის.

საქმის მასალებით სასამართლომ დაადგინა, რომ სირიის სამხედრო ძალებმა და უშიშროებამ, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში თვალს ადევნებდნენ ჟურნალისტების საქმიანობას, ჰომსის ალყისას სპეციალურად ამოიღეს მიზანში მედიაცენტრი, სადაც კოლვინი იმყოფებოდა.

როგორც BBC წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასადის მთავრობას პასუხს სთხოვენ ომის დანაშაულისთვის და ამ საქმით სამართლებრივი პრეცედენტი იქმნება. საჩივარი 2016 წელს შეიტანა კოლვინის ოჯახმა. სირიის ხელისუფლებას თავისი მხარე არ დაუცავს.

დამასკოს ჯერჯერობით არ გაუკეთებია საპასუხო კომენტარი. 2-16 წელს ასადმა NBC News-სთან ინტერვიუში თქვა, რომ კოლვინი ომის დროს “არალეგალურად ჩავიდა სირიაში… ტერორისტებთან მუშაობდა და, რადგან არალეგალურად მოვიდა აქ, პასუხსაც თავად აგებს ყველაფერზე, რაც მოუვიდა”.

კოლვინი, რომელიც ბოლოს Sunday Times-ის რეპორტიორი იყო, სხვადასხვა დროს აშუქებდა კონფლიქტებს ახლო აღმოსავლეთში, ლიბიაში, ჩეჩნეთში, შრილანკაში და ა.შ. 2011 წლიდან სირიის სამოქალაქო ომს აშუქებდა.

2018 წელს გამოვიდა ფილმი მარი კოლვინის ცხოვრების შესახებ, რომელშიც მთავარ როლს როზამუნდ პაიკი ასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი