ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მლნ ევროს გადახდა დააკისრა

31 იანვარი, 2019 • 5151
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მლნ ევროს გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.

ეს თანხა სულ მცირე 1 500 მსხვერპლზე უნდა გადანაწილდეს. 2 000 ევროს კომპენსაციას მიიღებენ მოქალაქეები, რომელთა მიმართ მხოლოდ კონვენციის ერთი მუხლი დაირღვა (კოლექტიური გასახლება); 10 000-დან 15 000-მდე ოდენობის კომპენსაცია უნდა მიიღონ მათ, რომლებიც ამავდროულად, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა მსხვერპლნი გახდნენ.

საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის 26 მარტს შეიტანა სახელმწიფოთაშორისი საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც უკავშირდებოდა რუსეთის მიერ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების დევნას და მათ მასობრივ გაძევებას. ქართული მხარე ამტკიცებდა, რომ იმ პერიოდის განმავლობაში ქართველების წინააღმდეგ გაიცა 4 634 გაძევების ბრძანება, რომლიდან 2 380 დაკავებული და იძულებით გაძევებული იყო, დარჩენილმა 2 254–მა ადამიანმა კი თავიანთი ძალებით დატოვეს ქვეყანა. სამი ადამიანი პატიმრობისას გარდაიცვალა. საჩივარში საილუსტრაციოდ მოყვანილი იყო 130-მდე  ინდივიდუალური შემთხვევა.

საქართველოს საჩივარი ემყარებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების შემდეგ მუხლებს: კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-18 (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები), 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი (საკუთრების დაცვა) და მე-2 (განათლების უფლება), მე-4 ოქმის მე-4 (უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა) და მე-7 დამატებითი ოქმის 1-ლი (უცხოელთა გაძევებასთან დაკავშირებული გარანტიები) მუხლები. საქართველო ითხოვს ამ უფლებების დარღვევის აღიარებას და დაზარალებულთათვის მორალური და მატერიალური კომპენსაციის მინიჭებას.

2014 წლის 3 ივლისს დავა არსებითად საქართველოს გამარჯვებით დასრულდა და  დაზარალებულთა კომპენსაციასთან დაკავშირებული პროცედურები დაიწყო. სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის შემოდგომით რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების, დაპატიმრების და გამოძევების კოორდინებული პოლიტიკა, რომელიც წარმოადგენდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას. სასამართლომ, ასევე, მიუთითა, რომ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ უკანონოდ დაკავებული და გამოძევებული ევროპული კონვენციის მე-3 და მე-5(1),(4) მუხლების დარღვევით; ზემოაღნიშნული უფლებების დარღვევის მსხვერპლთათვის არ იყო ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებები, რამაც გამოიწვია კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა მე-3, მე-5 (1), (4) მუხლებთან და მეოთხე ოქმის მე-4 მუხლთან ერთობლიობაში.

აღნიშნული დარღვევების დადგენით რუსეთს წარმოეშვა სამართლებრივი ვალდებულება, საქართველოს გადაუხადოს კომპენსაცია ზემოაღნიშნული უფლებების დარღვევისთვის. კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოსა და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს 12-თვიანი ვადა მიეცათ, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეებს დაევალათ წერილობითი მოსაზრებების წარდგენა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. განცდილი მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით საქართველო რუსეთის ხელისუფლებისაგან 70 320 000 ევროს ითხოვდა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ამ პროცედურის ფარგლებში, 2014-2015 წლებში უწყებას “მოუწია, განეხორციელებინა კომპლექსური ღონისძიებები თითოეული დაზარალებულის ინდივიდუალური მონაცემების შეგროვების მიზნით, რადგანაც აღმოჩნდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს მთავრობას მხოლოდ 118 დაზარალებულის მონაცემები ჰქონდა დამუშავებული და სტრასბურგის სასამართლოში გადაგზავნილი, მიუხედავად იმისა, რომ საჩივრის შეტანის დღიდანვე მთავრობა რუსეთიდან გამოძევებული 4634 ჩვენი მოქალაქის უფლებების დარღვევების გამო დავობდა”.

იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ დაუკავშირდა არაერთ დაზარალებულს, რომელთაგან 345-მა განაცხადა თანხმობა, ყოფილიყო სიაში; 25-მა განაცხადა, რომ არ სურდა სიაში ყოფნა (კვლავ რუსეთში დაბრუნდა, და სხვ.). მთლიანობაში, იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული საკომუნიკაციო და მოძიებითი სამუშაოების შედეგად, სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა 1795 ქართველი მსხვერპლის შესახებ დეტალური მონაცემები, მათი გამოძევების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად. იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს არაერთხელ შეატყობინა, რომ გაგზავნილი სია იყო საილუსტრაციო, რომელიც რუსული მხარის პოზიციის საპირისპიროდ ადასტურებდა, რომ 2006 წლის შემოდგომაზე ნამდვილად მოხდა 4600-ზე მეტი საქართველოს მოქალაქის რუსეთიდან გამოძევება.

“1795 მსხვერპლის მონაცემების შეგროვება იუსტიციის სამინისტროსთვის ძალიან დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან გამოძევებიდან 10 წლის შემდეგ, როდესაც არ არსებობს თავის დროზე აღრიცხული მონაცემები და სათანადო ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ, საჭირო გახდა ამ სიის თითქმის ნულიდან შედგენა. ეს პროცედურა მოიცავდა ათეულობით ათას გვერდ საარქივო თუ სხვა მასალის დამუშავებას, საქართველოში და, ასევე, მის საზღვრებს გარეთ, სხვადასხვა ქვეყანაში დაზარალებულების იდენტიფიცირებას სხვადასხვა წყაროდან, მათი საკონტაქტო ინფორმაციის მოძიებას, მათთან უშუალოდ დაკავშირებას, მათი მსხვერპლად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვებას, დახარისხებასა და ინგლისურ ენაზე თარგმნას. რა თქმა უნდა, გაცილებით მარტივი და აუცილებელიც იყო 2007 წელს, სასამართლოში საჩივრის შეტანის დროს, ამ სიის შედგენა, მაგრამ ეს არ გაკეთებულა და, როგორც აღინიშნა, მაშინ მხოლოდ 118 დაზარალებულის შესახებ მონაცემი გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაგრძელდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი