ახალი ამბები

ოპოზიციური პარტიები არ დაგვკავშირებიან, პროპორციულ სისტემას მხარს ვუჭერთ – ხვიჩია

30 იანვარი, 2019 • 1449
ოპოზიციური პარტიები არ დაგვკავშირებიან, პროპორციულ სისტემას მხარს ვუჭერთ – ხვიჩია

“გირჩი” მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემას და ყველა ადამიანს, ვინც ამას ითხოვს, პარტიის მხარდაჭერა ექნება. ამის შესახებ ნეტგაზეთს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა. რაც შეეხება საინიციატოვო ჯგუფს, ხვიჩია ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიები “გირჩს” არ დაკავშირებიან.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს. გაერთიანებაში “ძალა ერთობაშია” შემავალმა პარტიებმა, “ევროპულმა საქართველომ” და “თავისუფალმა დემოკრატებმა” შესაბამის მემორანდუმს დღეს, 30 იანვარს მოაწერეს ხელი.

“რაც გირჩი” არსებობს, მას შემდეგ ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ბარიერის გარეშე. ჩვენ არავინ დაგვკავშირებია, არ ვიცოდით. სხვა ოპოზიციურ პარტიებს, როგორც ჩანს, ერთმანეთთან კომუნიკაცია აქვთ. ამ სისტემას არა მხოლოდ მხარს ვუჭერთ, არამედ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 2020 წლისთვის ჩვენ გვქონდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა ბარიერის გარეშე. ანუ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილნი იმ რაოდენობით, რამდენ პროცენტსაც არჩევნებზე მიიღებენ,”-ამბობს იაგო ხვიჩია.

“თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ უნდა შეაგროვოს 200 000-ზე მეტი, შესაძლოა, მილიონი ხელმოწერა იმისთვის, რომ საარჩევო სისტემა სამართლიანი გახდეს. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ კი საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტში შეიტანენ.

იაგო ხვიჩიას მტკიცებით, საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან საკუთარ მომხრეებს მოუწოდონ ხელი მოაწერონ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვილის მოთხოვნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი