ახალი ამბები

პოლიტიკური დროის გაყვანის მცდელობა, თუ მორიგი სამთავრობო ცვლილებების წინაპირობა?

25 ივლისი, 2014 • • 1560
პოლიტიკური დროის გაყვანის მცდელობა, თუ მორიგი სამთავრობო ცვლილებების წინაპირობა?

ირაკლი ღარიბაშვილმა შვიდი მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებისას განაცხადა, რომ მთავრობა “სხვა რეჟიმზე და ტემპებზე” უნდა გადავიდეს, თუმცა მთავრობის შემადგენლობის განახლება მინისტრთა გადანაცვლებით ან მინისტრის მოადგილეების დაწინაურებით შემოიფარგლა. შესაძლებელია თუა არა “ახალ რეჟიმზე” და განახლებაზე საუბარი იმ პირობებში როდესაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრით შეიცვალა, ან გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობას  ინფრასტრუქტური უკვე ყოფილი მინისტრი დაიკავებს. გარდა ამისა, მთავრობის გადასახალისება ირაკლი ღარიბაშვილმა გათავისუფლებული მინისტრების პირველი მოადგილეების დაწინაურებით სცადა. სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა ოთარ დანელიას შეთავაზა, რომელიც აქამდე, გადაყენებული მინისტრის შალავა ფიფიას პირველი მოადგილე იყო, იგივე მოხდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტის შემთხვევაშიც, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა პრემიერმა იმავე უწყების  საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს დავით შავლიაშვილს შეთავაზა. 

 

განახლებულ მინისტრთა კაბინეტში შვიდიდან მხოლოდ ორი მინისტრისთვისაა შეთავაზებული უწყება ახალი, ესაა სასჯელაღსრულების მომავალი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელიც ამ დრომდე შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა და კულტურის მომავალი მინისტრი მიხეილ გიორგაძე, რომელიც  “ისტერნ პრომოუშენის” გენერალური მენეჯერი იყო.

 

მინისტრთა კაბინეტის გადახალისების მიუხედავად,  რადიკალური ცვლილებების მოლოდინი არ აქვს  “ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” სამხრეთ კავკასიის ბიუროს წარმომადგენელს ლევან ცუცქირიძეს, რადგან პრინციპულ და რადიკალურ ცვლილებას ამ გადაადგილებაში ვერ ხედავს:

 

“ამჯერად საქმე არ გვაქვს პრინციპულ ცვლილებებთან, რომლებიც მთავრობის კურსის რაიმენაირ ცვლილებას მოასწავებს. უბრალოდ, სავარაუდოა ინდივიდუალურ სამინისტროთა საქმიანობებში რაღაც ცვლილებები, ამ ეტაპზე ძალიან რთულია ითქვას რა იქნება ეს, იმიტომ, რომ რამდენადაც ვიცი ამაზე არაფერი თქმულა ან ნაკლები ითქვა, იმედი მაქვს, რომ მოვისმენთ ამის შესახებ, როდესაც დისკუსიები იქნება აღნიშნულ საკითხებზე, თუ რა ცვლილებები იქნება, რა გაუმჯობესებები იქნება”.– ამაბობს ის. 

 

მინისტრთა კაბინეტის გადახალისება არსებითი ცვლილებების მომასწავებელი არ არის არც “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” წარმომადგენელის, პოლიტოლოგ ელენე ხოშტარიასთვის, მეტიც, იგი ამბობს, რომ იმ ორი წლის მანძილზე, რაც პარტია “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, განახლებისა და რეფორმების განცდა არ ჰქონია. ხოშტარიას შეფასებით მთავრობის შემადგენლობის შეცვლა ამ შემთხვევაში, მთავრობით უკმაყოფილო საზოგადობაში პოლიტიკური მანევრი და პოლიტიკური დროის გაყვანის ჟესტია:

 

“ეს არის გარკვეული პასუხი იმაზე, რომ საკმაოდ წარუმატებელი 2 წლის შემდეგ, ასეთი გადაწყვეტილებით მიაჩნიათ, რომ ახლის მოლოდინი იქმნება, რომ ახალი მინისტრები რაღაც ახალს გააკეთებენ, ჩვეულებრივი ნაცადი ხერხია, როდესაც ხარ წარუმატებელი შემდეგ მოძრაობა გამოიწვიო, რომ თითქოს რაღაც შეიცვლება. მითუმეტეს, თუ შეხედავთ გამოკითხვებს, საზოგადოების დამოკიდებულება საკმაოდ სერიოზულად იცვლება  უარყოფითისკენ”,– აცხადებს ხოშტარია.  

 

თუ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2014 წლის აპრილის კვლევას დავაკვირდებით, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, წინა კვლევასთან შედარებით შემცირდა, თუკი წინა კვლევის დროს, 2013 წლის იანვარში, მოსახლეობის 47% მიიჩნევდა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ამჯერად ეს რიცხვი 33%–მდე შემცირდა. გამოკითხულთა 38% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა არ იცვლება, 19% კი მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება.

 

ელენე ხოშტარიას შეფასებით საზოგადოების უკმაყოფილება ვერ შეიცვლება მინისტრების გადანაცვლებით და მთავარი პრობლემა 2012 წელს მოსული მმართველი გუნდის ხედვებშია,  მთავრობა კი ხედვის ნაცვლად, ადამიანებს ცვლის. პოლიტოლოგი ასახელებს კონრეტულ მიმართულებებსაც, მაგალითად ქვეყნის საგარეო კურსი, რომელიც მისი შეფასებით აბსურდულია, რომ  რუსეთთან ურთიერთობების დალაგების  დასავლეთთან ინტეგრაცია მოხდეს:

 

“ეს არის უბრალოდ ოქსიმორონი, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი ამოცანაა, რუსეთი არ გაღიზიანდეს და რუსეთს არ ეწყინოს პოლიტიკით ჩვენ ვწირავთ ძალინ ბევრ მნიშვნელოვან მომენტებს დასავლეთთან ურთიერთობაში. შიდა პოლიტიკას, რაც შეეხება მთავრი ამოცანად გაცხადებული აქვთ პრემიერ–მინისტრის ობსესიიდან გამომდინარე ოპოზიციური პარტიის განადგურება, როდესაც შენი ამოცანაა ნებისმიერი ხერხით გაანადგურო ოპონენტი, ბუნებრივია ეს საწყისშივე არასწორი პოლიტიკაა და ამას არანაირი კავშირი არ აქვს სიმართლის დადგენასთან, ან  კნონიერებათან. ეკონომიკას, რომ შევხედოთ, ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავ პოლიტიკას, ერთის მხრივ საუბრობენ, რომ უნდა იყოს ეკონომიკური ზრდა და  მოიზიდონ ინვესტიცები და მეორეს მხრივ ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებს ატარებენ დაწყებული ვიზების რეჟიმიდან, დამთავრებული მიწის გაყიდვით, ამ მიზნის მიღწევას აბსოლუტურად გამორიცხავს. სოფლის მეურნეობის განვითარება თუ ის ჰგონიათ, რომ ჩახვალ და მიწას მოუხნავ, ესეც არ არის სოფლის მეურნეობის განვითარება და საერთოდ ეკონომიკური განვითარების ჭრილში სოფლის მეურნეობამ რა როლი უნდა გააკრიტიკოს გაურკვევლია. რა თქმა უნდა, ცალკეული მინისტრი შეიძლება იყოს მეტად ან ნაკლებად ეფექტური, მაგრამ ძირეული პრობლემა არა მინისტრების გადანაცვლებაში, არამედ იმ ხედვებში, რომელიც გააჩნია პირველ რიგში,  მე ვიტყოდი არა ღარიბაშვილს, არამედ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მიხედვითაც ეს ქვეყანა იმართება სამწუხაროდ”,– ამბობს ის. 

 

განსხვავებული ვერსია აქვს თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას, რომელსაც ამჟამად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. იგი თვლის, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მინისტრების შეცვლა, მომავალში კიდევ 5 მინისტრის თავისუფლად მოსახსნელად ჭირდება. უგულავას ვერსიით, უკვე განხორციელებული ცვლილებების ფარგლებში პრემიერმა ამოწურა ლიმიტი, რომლის თანახმადაც მას 5–ზე მეტი მინისტრის შეცვლის შემთხვევაში პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს. ამ პირობას მთავრობის მეთაურს საქართველოს კონსტიტუცია უყენებს. შეცვლილი მთავრობის დამტკიცების შემთხვევაში. ღარიბაშვილს კვლავ გაუჩნდება შესაძლებლობა 5 მინისტრის ისე შეცვალოს, პარლამენტის ნდობა არ დაჭირდეს. 

 

“ამ ცვლილებებით მთავრობა შეივსებს 1/3 ლიმიტს, რომელიც რეალობაში 5 მინისტრის ცვლილებას გულისხმობს, პარლამენტის და პრეზიდენტის გარეშე და აქედან 2 უკვე გასროლილი იყო. სანიკიძე, რომელმაც მარგველაშვილი შეცვალა და ნარმანია, რომელიც ხოკრიშვილმა ჩაანაცვლა”, – წერს უგულავა. 

 

უგულავას მიერ ჩამოთვლილი მინისტრების გარდა, აქამდე შეცვლილია ასევე სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჯამში სამი მინისტრი, ყოფილ მერს თუ დავუჯერებთ, ღარიბაშვილს სურს ირაკლი ალასანია, თეა წულუკიანი, მაია ფანჯიკიძე, ალექსი პეტრიაშვილი და თამარ სანიკიძე მოხსნას. ამ მათემატიკის პირობებში კი ცვლილებებს პარლამენტის გვერდის ავლით ვერ შეძლებდა. შესაბამისად მან მთავრობაში ფასადურ გადაადგილებას მიმართა, რითაც პარლამენტის თანხმობას იოლად მოიპოვებს, ხოლო შემდეგ არასასურველ 5 მინისტრს თავისუფლად მოხსნის. 

 

თუმცა მთავრობისთის ნდობის ათვლის წერტილად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებების აღება არასწორია. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, რომ ნდობის ორი გამოცხადება უნდა განვასხვავოთ:

 

“ერთი ნდობის გამოცხადება, რომელიც ჩატარდა ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობისას და მეორე ნდობის გამოცხადება, კი, როდესაც პრემიერ-მინისტრი შეიცვალა და ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა, შესაბამისად, როცა 1/3 ათვლას ვიწყებთ, დღევანდელი მდგომარეობით, უნდა ავითვალოთ 2013 წლის დეკემბრიდან და არა 2012 წლის ოქტომბრიდან”- ამბობს გიორგი გოცირიძე. 

 

2013 წლის დეკემბრიდან კი ბოლო ცვლილებებამდე შეცვლილი იყო მხოლოდ ერთი მინისტრი, დავით ნარმანია, იგი თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა კოალიციამ და თანამდებობიდან გადადგა. შესაბამისად ირაკლი ღარიბაშვილს შეეძლო, გიგი უგულავას მიერ ჩამოთვლილი 5 მინისტრიდან, ოთხი ისე შეეცვალა, რომ მთავრობის ნდობა არ დასჭირვებოდა, მაგრამ სექტემბერში დაგეგმილია ნატოს უელსის სამიტი, ამიტომ უგულავა თვლის, რომ იმ საკადრო ცვლილებებს, რომელიც თავდაცვის მინისტრის შეცვლასაც ითვალისწინებს, ღარიბაშვილი სამიტის შემდეგ განახორციელებს. 

 

იმისათვის, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა ნდობაგამოცხადებულად ჩაითვალოს, კონსტიტუციის მიხედვით, საჭიროა დეპუტატების მინიმალური უმრავლესობის მხარდაჭერა, რაც 76 დეპუტატის მიერ გამოცხადებული ნდობაა. 2012 წლის საპარლამენტო არცევნების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში “კოალიცია-ქართულმა ოცნებამ” 85 მანდატი მოიპოვა, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” – 65.  კოალიციის მიერ მიღებულ 85 მანდატიდან 9-ს ირაკლი ალასანიას პარტიას “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” წარმოადგენენ. იმ შემთხვევაში თუ ღარიბაშვილის მიერ ალასანიას და სხვა მინისტრების შეცვლას ნდობას არ გამოუცხადებს  საპარლამენტო უმცირესობა, თუკი ამას დაემატებას ალასანიას პარტიიდან პარლამენტში მოხვედრილი 9 დეპუტატი, პრემიერ-მინისტრს მთავრობის დასამტკიცებლად, (76 ხმის მისაღებად)  დაჭირდება უკლებლივ ყველა დეპუტატის თანხმობა რომელიც პარლამენტში კოალიცია “ქართულ ოცნებას” წარმოადგენენ და მასში პარტია ‘ქართული ოცნების” გარდა, შედის “რესპუბლიკური პარტია”, “კონსერვატიული პარტია”, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” და სხვა, ამიტომაც შესაძლებელია ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დასამტკიცებლად საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ მიიღოს, რასაც წერს კიდევაც გიგი უგულავა, რომ ” დროთა განმავლობაში, სამთავრობო ცვლილებების დამტკიცება კიდევ უფრო გაჭირდება” და სწორედ ამიტომ მიმართავს ღარიბაშვილი ამ ხერხს, რასაც უგულავა “ეშმაკის ბორბალს” უწოდებს და რაც მინისტრების შეცვლას პარლამენტისა და პრეზიდენტის გვერდით ავლით გულისხმობს.  

 

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით თანამდებობიდან 7 მინისტრი გათავისუფლდა– კულტურის, გარემოს დაცვის, სასჯელაღსრულების, იძულებით გადადგილებულ პირთა, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით 7 მინისტრის შეცვლის შემთხვევაში პარლამენტმა მინისტრთა ახალ კაბინეტს ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი