ახალი ამბები

პატრიარქმა შეგვარიგა – ძიუდოისტები

30 იანვარი, 2019 • 2416
პატრიარქმა შეგვარიგა – ძიუდოისტები

ერთმანეთთან დაპირისპირებული ძიუდოისტები, ასევე, ძიუდოს ფედერაციის წევრები და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდნენ, საიდანაც გამოსვლის შემდეგ განაცხადეს, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შერიგდნენ და ახლა ისევ ერთი ოჯახი არიან.

ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტნის, ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ძიუდოს ოჯახი საპატრიარქოში სრული შემადგენლობით იმყოფებოდა:

უწმინდესმა დაგვლოცა და მისი ლოცვა-კურთხევით გავერთიანდით. შევეცდებით უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ერთანი ძალებით, უფრო მეტი გამარჯვება მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას და ამ სპორტს. სხვა არანაირ დეტალებზე არ ყოფილა საუბარი. საუბარი იყო იმაზე, რომ ეს ოჯახი უნდა გაერთიანებულიყო. უწმინდესის თქმით, ძალა ერთობაშია და აქედან გამომდინარე გადავდგით ეს ნაბიჯი და ერთანი ძალებით შევეცდებით, ჩვენს ქვეყანას მოვუტანოთ კიდევ უფრო მეტი წარმატება. ჩვენი მიზანი და ოცნებაც ეს არის. ეს უკავშრდებოდა იმ განვლილ გზას [დაპირისპირებას], რომელიც 7-8 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.”

საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი დარწმუნებულია, რომ ამის შემდეგ დაპირისპირება აღარ იქნება ძიუდოს ოჯახში:

ვფიქრობ, ეს იყო ყველას ნება, რომ პატრიარქთან მისულიყვნენ დასალოცად და შესარიგებლად. დღეს ყველამ ერთმანეთს ჩამოართვა ხელი; მოეფერნენ, გადაკოცნეს და ეს ინციდენტი ამოწურულია პატრიარქის ლოცვა-კურთხევით.”

დღეს ძიუდოს კლუბმა “შევარდენი 2005” გაავრცელა ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გურამ მოდებაძის განცხადება, რომელმაც თანამდებობა დატოვა. საპატრიარქოში მისულ ძიუდოისტებს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ქავერის ფოტო: ქართული ჭიდაობა ხალხური

მასალების გადაბეჭდვის წესი