ახალი ამბები

რა მონაცემებს ეფუძნება საქსტატის “ხელფასების კალკულატორი”

30 იანვარი, 2019 • 3102
რა მონაცემებს ეფუძნება საქსტატის “ხელფასების კალკულატორი”

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატმა) შექმნა ვებსაიტი — “ხელფასების კალკულატორი“, სადაც დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასების ჩაშლილად ნახვაა შესაძლებელი.

ხელფასების ნახვა შესაძლებელია რეგიონის, საქმიანობის სახისა და სქესის მიხედვით 2011 წლიდან. ამ ეტაპზე ბოლო წლიური მონაცემი 2017 წლისაა. ჯერჯერობით 2018 წლის მხოლოდ სამი კვარტლის მონაცემებია დათვლილი.

გოგიტა თოდრაძე, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, რომ ახალი საიტი არის “ხელფასების სტატისტიკის შესახებ მონაცემების ალტერნატიული მიღების საშუალება, რომელიც ეფუძნება საქსტატის კვლევებს და ცხრილებს, რომლბიც სხვადასხვა სექციაშია მიმობნეული”.

“კალკულატორზე” მითითებული ინფორმაცია ეფუძნება საქსტატის წლიურ და კვარტლურ კვლევებს, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხება  15 ათასამდე საწარმო და ორგანიზაცია. საშუალო ხელფასების მაჩვენებელი, რაც ამ კვლევებით აქვს საქსტატს დადგენილი და რაც ამ საიტზეა მოცემული, მედიანური მეთოდის ნაცვლად, გამოანგარიშებულია საშუალო არითმეტიკული მეთოდით.

საშუალო ხელფასის გამოთვლის ორი ხერხი არსებობს: საშუალო არითმეტიკულითა და მედიანური მეთოდით. საშუალო არითმეტიკული ეწოდება მონაცემთა ჯამისა და ამ მონაცემების რაოდენობის შეფარდებას. მედიანა კი ზრდადობის მიხედვით დალაგებულ მონაცემებს შორის მოქცეული რიცხვია.

საქსტატი ხელფასებს საშუალო არითმეტიკულის მეთოდით ითვლის, რაც ნიშნავს, რომ მაღალი ხელფასების მაჩვენებლები, რაც ნაკლებ ადამიანს აქვს, ძლიერად მოქმედებს საბოლოო რიცხვზე და ზრდის მას.

ნეტგაზეთის პასუხად გოგიტა თოდრაძე ამბობს, რომ “საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიას, საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასს განსაზღვრავს საშუალო არითმეტიკულის მიხედვით. მედიანური ხელფასი, რა თქმა უნდა, კარგი საშუალებაა ანალიზისთვის, მაგრამ საქსტატი მოკლებულია შესაძლებლობას, იანგარიშოს მედიანური ხელფასი, რადგანაც ინდივიდუალური მონაცემების მიღებაა საჭირო. მონაცემთა არარსებობა არ გვაძლევს საშუალებას, რომ მივიღოთ ეს ინფორმაცია”.

საქსტატის განმარტებით, კვლევის ფარგლებში საწარმოები მათ მხოლოდ დასაქმებულების რაოდენობასა და საერთო სახელფასო ფონდს აწვიან და არა ინდივიდუალური ხელფასების რაოდენობას, რაც მედიანური ხელფასის გამოსათვლელადაა საჭირო. დაქირავებულთა რიცხოვნობის და მათზე დარიცხულ სახელფასო ფონდის მიხედვით კი მხოლოდ საშუალოს გამოთვლაა შესაძლებელი.

სტატისტიკას, სადაც ოფიციალურად დასაქმებულების ინდივიდუალური ხელფასებიც ჩანს, ისედაც აწარმოებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, თუმცა საქსტატი ამბობს, რომ ამ მონაცემებს ვერ იყენებს, რადგან ამ ორი ორგანოს ინტერესის საგანი განსხვავდება ერთმანეთისგან.

ნეტგაზეთის კითხვაზე, ხომ არ აჯობებს, საქსტატმა იფიქროს [გამოვიდეს ინიციატივით], შემოსავლების სამსახურმა ისე აწარმოოს სტატისტიკა, რომ საქსტატმაც მოახერხოს მათი მონაცემების გამოყენება (რითაც, სავარაუდოდ, საქსტატის ცალკე კვლევის საჭიროებაც შეიძლება მოიხსნას), თოდრაძე გვპასუხობს:

“გეთანხმებით, ნამდვილად ვფიქრობთ იმაზე და ვეთანმხებით ფართო საზოგადოების აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ მედიანური ხელფასი საკმაოდ საინტერესო საანალიზო საშუალებაა, მაგრამ ჩვენ გაანგარიშებისას ვეფუძნებით არა შემოსავლების სამსახურს, არამედ კვლევებს. მაგალითად, კვარტლურად 15 000 რესპონდენტს ვიკვლევთ, ყოველწლიურად – 18 000-ს. ისიც უნდა ვიფიქროთ, რომ ეს რესპონდენტის ტვირთს ამძიმებს. ალბათ, დადგება დრო, როდესაც მოთხოვნა იქნება ამაზე”…

ნეტგაზეთის კითხვაზე, — თუკი მთავრობამ საქსტატის ეს მონაცემები, სხვა მიზნებთან ერთად, სოციალური პოლიტიკის დასაგეგმადაც შეიძლება გამოიყენოს, ფიქრობს თუ არა, რომ მათ მიერ დასახელებული მონაცემები მაქსიმალურად ზუსტ სურათს უნდა ასახავდეს, თოდრაძე ამბობს:

“ეს არის შრომის ბაზრის დახასიათებისთვის საჭირო ერთ-ერთი ინდიკატორი… სხვადასხვა რამისთვის იყენებენ: შეიძლება მთავრობამ პოლიტიკის დაგეგმისთვის გამოიყენოს, შეიძლება, ფიზიკურმა პირმა ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით გამოიყენოს და ა.შ… ზუსტია თუ არაზუსტი, ეს სხვა თემაა. საშუალო თვიური ხელფასი, რომელსაც ვანგარიშობთ, ზუსტია. მაგრამ თქვენ თუ მედიანური გაინტერესებთ, რომელიც ე.წ ამოვარდნებს გამორიცხავს და ბევრად დაბალ მაჩვენებელს გვაჩვენებს, ეს კიდევ სხვა საკითხია”.

“ყველამ იცის, რომ ამ საშუალო ხელფასის გაანგარიშებაში მონაწილეობს ის 200-ლარიანი ხელფასი, მაგალითად, განათლების დარგში რომ გაქვს, და ვიღაცას, პირობითად, 10 000 რომ აქვს, ისიც. ანუ ამათი საშუალო არითმეტიკულია. ამის ინტერპრეტაცია არასწორად არ უნდა მოახდინონ მომხმარებლებმა, გეთანხმებით”.

წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატიები ამ საკითხზე:

რატომ არ არის ზუსტი საქსტატის დასახელებული საშუალო ხელფასი

რატომ არ არის ზუსტი საქსტატის დასახელებული საშუალო ხელფასი

მასალების გადაბეჭდვის წესი