ახალი ამბებისამართალი

შექმნილი ვითარება ბესელიას აძლევს ხელს – გვრიტიშვილი კადრების გავრცელებაზე

29 იანვარი, 2019 • 3194
შექმნილი ვითარება ბესელიას აძლევს ხელს – გვრიტიშვილი კადრების გავრცელებაზე

მოსამართლე გვრიტიშვილის სამართალი

 

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას თქვა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ყველაზე მეტად თავად ეკა ბესელია დარჩა მოგებული. ამის დასასაბუთებლად მოსამართლემ მოიხმო ძველი რომაელების გამოთქმა.

“ძველი რომაელები ამბობდნენ: როდესაც გსურს გაერკვე მოვლენათა თანმიმდევრობაში, უნდა დასვა შეკითხვა, დამდგარი შედეგი ვისთვის არის ხელსაყრელი. ჩანაწერის გავრცელების ბოლო ფაქტი საეჭვოდ დამეთხვა ბოლო პოლიტიკურ პროცესებს, როდესაც გარკვეულმა ჯგუფმა ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით მოინდომა წამებულის მანტიის მოსხმა, თავისი ნიშის დაკავება პოლიტიკაში და ეს რატომღაც დაუკავშირდა მოსამართლეების თემას. არადა, იყო ინფორმაციები, რომ ეკა ბესელია უნდა გადამდგარიყო მანამდეც”, – თქვა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე ინფორმაცია 28 იანვარს დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გაავრცელა. ბესელიას თქმით, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო 2012 წლამდე იყო ჩაწერილი და შესაბამისად, ის შეიძლება გავრცელებულიყო ან მათ მიერ, ვინც ჩაწერა, ან პროკურატურიდან, ან კიდევ სასამართლოდან, სადაც ამ საქმის განხილვა მიმდინარეობდა და აღნიშნული ვიდეოც სწორედ საქმეს ერთვის მტკიცებულების სახით. სასამართლო დაადანაშაულა ვიდეოს გავრცელებაში დავით ჭიჭინაძემაც.

“ეს არის სამარცხვინო პოზიცია ორივე მათგანის მხრიდან”, – ასე პასუხობს ბრალდებებს მოსამართლე გვრიტშვილი.

“ზოგადად, ამგვარი დანაშაულის გამოძიება რთულია, ვინ გაავრცელა, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში მარტივია დაადგინო, რომ სასამართლოს თეორიულადაც და პრაქტიკულადაც არ შეეძლო ამ ჩანაწერების გავრცელება. ეკა ბესელიას პოსტში ერთი ტყუილია: ეს ჩანაწერები გავრცელდა რამდენიმე დღის უკან, იანვარში. დღეს სპეციალურად ვიმყოფებოდი თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომ გამერკვია ამ საქმის მოძრაობა, და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით: 2018 წლის 10 იანვრიდან ეს საქმე არის გაგზავნილი უზენაეს სასამართლოში. ანუ ბესელია ამბობს ტყუილს, როდესაც ამბობს, რომ საქმე ამჟამად არის სააპელაციო სასამართლოში,” – აცხადებს მოსამართლე.

მისივე თქმით, “ეჭვის საფუძველს იძლეოდა ის ფაქტი, რომ უშუალოდ ეკა ბესელიასთან დაკავშირებულმა დეპუტატმა დავთ ჭიჭინაძემ გაახმოვანა ინფორმაცია ამ ჩანაწერის გავრცელების შესახებ და თქვა, რომ უშუალოდ მან კი არა, მისი ოჯახის წევრმა ნახა”.

“მე არ გამიგია ჩემს გარემოცვაში, რომ ეს ვინმეს ენახოს, თუმცა თქვენ რადგან დაადასტურეთ, ჩავთავლოთ, რომ ეს ჩანაწერი გავრცელდა”, – თქვა პირდაპირ ეთერში გვრიტშვილმა.

“რაც დადგა შედეგი, ხელისუფლებას ხელს არ აძლევს. ხელისუფლებას დაეკისრა უმძიმესი ვალდებულება, რომ გამოიძიოს და რაც შეიძლება სწრაფად დადოს შედეგი, ვინ გაავრცელა ეს კადრები. ხელისუფლებას ეს არ აწყობს.  სასამართლოსთვის ეს არის დამღუპველი. სასამართლოსთვის ამის დამტკიცება ნიშნავს, რომ მორჩა სასამართლო და ეს სასამართლოსაც არ აწყობს”, – აცხადებს გვრიტშვილი.

მოსამართლის თქმით, საქმისთვის დართული მტკიცებულებები (ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო) სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია, ლუქები არ გაუხსნია და ის არის ხელუხლებელი, “რისი დადასტურება შეუძლიათ პროკურატურასაც და უზენაეს სასამართლოსაც”.

ის ასევე გამორიცხავს “თეორიულ და პრაქტიკულ შესაძლებლობას”, რომ ვინმეს შეიძლება აღნიშნული ვიდეო სასამართლოდან გაევრცელებინა.

ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ მოსამართლეს სთხოვა დაზუსტება, ნამდვილად მიიჩნევდა თუ არა, რომ ჩანაწერის გავრცელება თავად ბესელიას ორგანიზებულია.

“არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ეკა ბესელიას ხელს აძლევს შექმნილი სიტუაცია პოლიტიკური თვალსაზრისით”, – უპასუხა გვრიტიშვილმა დასმულ კითხვას.


ეკა ბესელიას მიმართვა

ეკა ბესელიას ღია წერილი საზოგადოებას


ნეტგაზეთის არქივი, 2011

მოსამართლე გვრიტიშვილის სამართალი

მასალების გადაბეჭდვის წესი