ახალი ამბები

უკრაინის საკითხის განსახილველად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან თბილისში ჩამოვიდნენ

29 იანვარი, 2019 • 1778
უკრაინის საკითხის განსახილველად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან თბილისში ჩამოვიდნენ

საქართველოში იმყოფება დელეგაცია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან, რომელიც ხვალ, 31 იუანვარს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება. დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, როგორც საპატრიარქო აცხადებს, უკრაინის საკითხის განხილვაა.

“ხვალ იქნება პატრიარქთან შეხვედრა. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასება იქნება. ეს არ არის ისეთი გადამწყვეტი, რომ სინოდის გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს. ზოგადად, რაც უფრო ზუსტდება დეტალები და ინფორმაცია, უფრო მეტი ეკლესია გამოთქვამს თავის აზრს უფრო მკაფიოდ. თუ ეკლესია, რომელიც იკავებდა თავს, შესაძლოა, რომ თავისი პოზიცია შეცვალოს ან გამოხატოს, ეს დამოკიდებული იქნება იმ საკითხების გაცხადებაზე, რომელიც ახლა შესწავლის პროცესშია” – განუცხადა “პირველ არხს” საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯღამაიძემ.

მოკლედ:

2019 წლის 5 იანვარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი  მოაწერა. ცერემონია სტამბოლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შედგა და მას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა.

4 იანვარს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, რომლის გადაწყვეტილებასაც სახელმწიფო ელის, ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას არ ჩქარობს. სინოდის უკანასკნელი განჩინებით, რომელიც 27 დეკემბრის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სინოდის შემდეგ სხდომებზე გაგრძელდება.

მანამდე, საკუთარ მოსაზრებებს სინოდის წევრები დამოუკიდებლად აფიქსირებენ. ტომოსის გაფორმების შემდეგ უკრაინას ავტოკეფალია შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა მიულოცა და აღნიშნა, რომ უკრაინა ღირსია, ჰქონდეს ავტოკეფალია საუკუნეების მანძილზე ბრძოლის შემდეგ. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უკრაინისათვის მილოცვის თავის შეკავებას სამწუხარო უწოდა. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა კი “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინამ ცოტა უნდა მოიცადოს, საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან კი აზრის დაფიქსირება არაკორექტული იქნება მანამ, სანამ თავიანთ პოზიციებს ის ეკლესიები არ დააფიქსირებენ, რომლებიც დიპტიხში საქართველოზე წინ არიან.

ტომოსის გაფორმებამდე, სინოდის წევრმა არაერთმა მღვდელმთავარმა განაცხადა, რომ უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, აქვს უფლება, ჰქონდეს ავტოკეფალური ეკლესია. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ეწინააღმდეგება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

მასალების გადაბეჭდვის წესი