ახალი ამბები

შანტაჟი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით სისტემურ პრობლემად იქცა – ლომჯარია

29 იანვარი, 2019 • 2124
შანტაჟი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით სისტემურ პრობლემად იქცა – ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესაძლო გავრცელებას. მისი თქმით, პოლიტიკოს ქალზე კიდევ ერთი თავდასხმა და დისკრედიტაციის მცდელობები ის რეალობაა, რომელშიც ჩვენს სახელმწიფოში ქალ საჯარო პირებს უწევთ მოღვაწეობა.

“შანტაჟი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით იქცა სისტემურ პრობლემად, ამის საპასუხოდ კი მხოლოდ მიმდინარე გამოძიებები გვაქვს, რომლის შესახებაც საზოგადოება სათანადო ინფორმაციასაც ვერ იღებს.

სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ეს დანაშაული გენდერულად მოტივირებულია და მიმართულია ძირითადად ქალი პოლიტიკოსებისკენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ ხაზი გაუსვას დანაშაულის დისკრიმინაციულ მოტივს, რათა სათანადო პასუხი გაეცეს ამგვარი დანაშაულის ჩამდენ პირებს და მომავალში არ გახდეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება პოლიტიკურ სისტემაში ქალთა დისკრიმინაციისა და ჩაგვრის იარაღი,” – ამბობს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველი დასძენს, რომ ჯერჯერობით უცნობია, გამოვლინა თუ არა პროკურატურამ 2016 წლის 11 და 14 მარტს მომხდარი ანალოგიური საქმის დამნაშავეები. ლომჯარია განმარტავს, რომ სწორედ სახელმწიფოს ვალდებულებაა, გაატაროს მკაცრი პოლიტიკა და ყველა დამნაშავე პირი დასაჯოს. საზოგადოება კი ინფორმირებული უნდა იყოს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელება, შენახვა თუ დაარქივება სისხლის სამართლის დანაშაულია და უმკაცრეს სასჯელს ითვალისწინებს.

“პირადი ცხოვრებით შანტაჟის წინააღმდეგ უნდა დაიგეგმოს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნება პრობლემის გადაჭრისკენ, რისკის შემცირებისკენ (ინფორმაციის ოპერატიულად შეტყობინების მექანიზმი, მასალის სწრაფად დაბლოკვის გზები და ა.შ.) და ცნობიერების ამაღლებისკენ. აუცილებელია, სახელმწიფო ორგანოებმა საფუძვლიანად იმუშაონ ამ მიმართულებით, ვინაიდან ქმედითი ნაბიჯების გარეშე შეუძლებელია პრობლემის ძირეული აღმოფხვრა და საკითხის აქტუალიზაცია მხოლოდ გარკვეული პერიოდულობით ხდება,”- წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამართალდამცავებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ და პასუხისგებაში მისცენ დანაშაულის ჩამდენი პირები, საზოგადოებას კი სთხოვს, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების მიუხედავად, გვერდში დაუდგეს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ტიპის შანტაჟის მსხვერპლი გახდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი