ახალი ამბები

გაფიცვა ოჯახური მედიცინის ცენტრში – რაზე შეთანხმდნენ მხარეები?

29 იანვარი, 2019 • 1529
გაფიცვა ოჯახური მედიცინის ცენტრში – რაზე შეთანხმდნენ მხარეები?

თბილისში, ვაზისუბანში მდებარე მეოთხე ოჯახური მედიცინის ცენტრის ექიმები, რომლებიც 29 იანვრის დილიდან გაფიცულნი არიან, კლინიკის ადმინისტრაციას შეხვდნენ. შეხვედრაში მედიცინის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირისა და აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მათი ცნობით, დამსაქმებელმა პერსონალის მიმართ კონკრეტული ვალდებულებები აიღო.

კერძოდ, პროფკავშირების თანახმად, დამსაქმებელმა ვალდებულება აიღო, დასაქმებულებს სახელფასო დავალიანება  მომდევნო 10 დღის განმავლობაში აუნაზღაუროს. ასევე, შედგა შეთანხმება, რომ ეტაპობრივად გამოსწორდება შრომითი პირობები, გაიწერება ხელფასის ჩარიცხვის დრო, ზეგანაკვეთური შრომა ანაზღაურდება გაზრდილი ტარიფით, სადღესასწაულო დღეებში კი – ირმაგად.

პროფკავშირების წარმომადგენელთა ცნობით, მომდევნო შეხვედრა მხარეებს შორის ხვალ, 30 იანვარს, 13:00-ზე გაიმართება. სწორედ ამ დროს გადაწყდება, განაგრძობენ თუ არა მუშაობას გაფიცული თანამშრომლები მოთხოვნათა დაკმაყოფილებამდე.

მეოთხე ოჯახური მედიცინის ცენტრის ექიმები, ერთი მხრივ, ცენტრში არსებულ რთულ სამუშაო პირობებს, მეორე მხრივ კი, სახელფასო ანაზღაურების დროულად მიღებას ითხოვენ. ადმინისტრაცია ფინანსურ ნაწილში პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებს, უწყებაში კი აღნიშნული გაუგებრად მიაჩნიათ.

ექიმების განცხადებით, კლინიკაში ფინანსური და სხვა სახის პრობლემები აქამდეც იდგა დღის წესრიგში, თუმცა, “რუსთავი2-ის” ცნობით, გაფიცვა მას შემდეგ დაიწყო, რაც დღეს, დილით, თანამშრომლებს არც წყალი დახვდათ და არც ელექტროენერგია.

“პრობლემა არ არის ერთი, არამედ ძალიან ბევრი. პაციენტებსაც პრობლემები აქვთ და მომსახურე პერსონალსაც. ლაბორატორიაში რეაქტივების დეფიციტია ხშირად. შუქი არ არის და ამის გამო სპეციალისტები ვერ მუშაობენ, რენტგენის აპარატი ვერ მუშაობს, ექოსკოპიის კაბინეტი ვერ მუშაობს… როცა ასეთი პრობლემებია, ჩვენც პრობლემა გაქვს იმიტომ, რომ პაციენტებს სათანადოდ ვერ ვემსახურებით. ხელფასები დაგვიანებითაა. რას გვაძლევენ, ისიც არ ვიცით, განახევრებულია თითქმის ხელფასები”, – უთხრა ტელეარხს ექიმმა ზოია წულუკიძემ.

ფინანსურ სირთულეებსა და თანმდევ პრობლემებს კლინიკის დირექტორი, ვახტანგ ჭედიაც ადასტურებდა და აცხადებდა, რომ მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცენტრისათვის თანხების შემცირებაა.

“პრობლემები ძირითადად შეიქმნა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ გაგვინახევრა აბსოლუტურად გაურკვეველი მიზეზის გამო…  დღემდე პასუხი ვერ გავიგეთ, ნახევარ ხელფასებს რატომ გვირიცხავენ.

როცა მოთხოვნილი თანხის ნახევარს მოგცემენ, მიღება-ჩაბარების აქტზე,სულ სხვანაირად ვართ  შეთანხმებული ჯანდაცვის სამინისტროსთან და მოდის იმის ნახევარი , იმ დღეებში შეიქმნება პრობლემა, აბა, რა… მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებთ ყველა პრობლემის აღმოფხვრას”,-ამბობს ჭედია ტელეარხთან საუბრისას.

ინფორმაციის გადასამოწმებლად “ნეტგაზეთი” ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ მიღება-ჩაბარების აქტებიდან კლინიკას მართლაც უკავებდნენ თანხას ჯარიმის სახით, რადგან კონტროლის სამსახურმა მოქალაქეთა აღრიცხვის პროცესში ცენტრს დარღვევები დაუდგინა. თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ ამ დროისათვის მორატორიუმია გამოცხადებული და კლინიკას თანხა აღარ ეჭრება.

“ბოლო პერიოდში საჯარიმო სანქციის ადმინისტრირება შეჩერდა და გამოცხადებულია მორატორიუმი. ანუ, მიღება-ჩაბარების აქტებზე თანხის დაკავება ბოლო პერიოდში არ ხდება პირველ თებერვლამდე. ჯერჯერობით ესაა ბოლო ვადა. მიმდინარეობს მათთან ერთად შეთანხმებული ფორმატით საუბრები, საჯარიმო სანქციების ოდენობისა და ადმინისტრირების გადახედვა. შემდგომ, მთავრობის სხდომაზე განიხილება აღნიშნული ცვლილებები და მიღებული იქნება მთავრობის დადგენილებაში. ამ ეტაპამდე, სანამ არ იქნება კორექტირებული საჯარიმო სანქციების ოდენობა და ადმინისტრირება, ათი საჯარიმო სანქცია არ უკავდებათ მიღება-ჩაბარების აქტიდან. აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არის ეს მიზეზი პერსონალისთვის რაიმე სახით ხელფასების კორექტირებისა”, – აცხადებს სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი.

მისივე ცნობით, ადგილზე ვითარებას სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები არკვევენ და მასალებს, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებას გაუგზავნიან.

გაფიცვასთან დაკავშირებით ვითარებას არკვევს არასამთავრობო ორგანიზაცია EMC, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს, “დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის მიზნით ჩაერთოს საქმეში და უფასო იურიდიული მომსახურება გაუწიოს მათ.

 *სტატიის გარეკანზე გამოყენებულია EMC-ს ფოტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი