ახალი ამბები

კლავსტრანგაზი! – ელისაშვილის აქცია ყაზტრანგაზის ოფისთან [ვიდეო]

29 იანვარი, 2019 • 1823
კლავსტრანგაზი! – ელისაშვილის აქცია ყაზტრანგაზის ოფისთან [ვიდეო]

დღეს, 29 იანვარს, ყაზტრანსგაზის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომისა და ახალი მენეჯმენტის მიერ მაკონტროლებელი საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის მოთხოვნით ამ კომპანიის მთავარ ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა

საპროტესტო აქცია ალექსანდრე ელისაშვილის დაფუძნებულმა “საქართველოს სამოქალაქო მოძრაობამ”დააანონსა რამდენიმე დღის წინ, თუმცა, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის თქმით, ყაზტრანგაზის ოფისთან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებიც უერთდებოდნენ ორ მთავარ მოთხოვნას.

ადამიანი, რომელიც არის გენერალური დირექტორი ამ კომპანიის, მამუკა კობახიძე, რომელიც, ასევე, არის მერიის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი და რომელიც ამავდროულად ყოფილა ენერგეტიკის განვითარების ფონდის უფროსი, უბრალოდ, ამ ადამიანს არანაირი მორალური უფლება არ აქვს, რომ კვლავ დარჩეს თანამდებობაზე. მისი შეცდომების და ცუდი მმართველობის გამო დაიღუპა ხალხი – ფონიჭალაშიც და დიდ დიღომშიც. ვინ არის რიგში კიდევ, ღმერთმა უწყოს. შესაბამისად, ამ ადამიანმა უნდა დატოვოს თანამდებობა,” – განუცხადა ნეტგაზეთს ალექსანდრე ელისაშვილმა.

როგორც ელისაშვილი აცხადებს, კომპანიის ახალმა მენეჯმენტმა უნდა შექმნას საზოგადოებრივი საბჭო, რომელშიც უნდა შევიდნენ დარგის სპეციალისტები და საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანები. მისი თქმით, ახალმა მენეჯმენტმა დროდადრო უნდა ჩააბაროს ხოლმე სწორედ ამ საბჭოს ანგარიში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ყაზტრანსგაზის მთავარ ოფისთან საპროტესტო აქცია საათზე მეტხანს გაგრძელდა, თუმცა მოქალაქეებთან შესახვედრად კომპანიის არცერთი წარმომადგენელი გამოსულა შენობიდან, ხოლო ოფისში ასულ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ამ საკითზე კომენტარს არ გააკეთებდნენ. მოლაპარაკება არ უცდიათ აქციის ორგანიზატორებსაც.

არანაირი მოლაპარაკება არ გვქონია და არც არაფერი გვაქვს მოსალაპარაკებელი. რა არის აქ მოლაპარაკების და კომპრომისის საგანი? 2×2 არის 4 –  როდესაც კომპანია ცუდად მუშაობს და მისი მუშაობის გამო ხალხი იღუპება, მენეჯმენტმა უნდა აგოს პასუხი და ჯოხი არ უნდა გადატეხონ რიგით თანამშრომლებზე,” – ამბობს ელისაშვილი.

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, “საქართველოს სამოქალაქო მოძრაობას” მოფიქრებული აქვს ძალიან კონკრეტული და რადიკალური ნაბიჯები:

იმედი გვაქვს, რომ აქამდე არ მივა საქმე, ეყოფათ შეგნებაც და პასუხისმგებლობაც… ამათ თუ არა, ყოველ შემთხვევაში, მათ უფროსს, კახა კალაძეს მაინც ექნება, ვინაიდან ის აკონტროლებს ამ კომპანიას რეალურად, და მამუკა კობახიძეც მისი მეგობარია. კეთილგონიერების იმედი მაინც გვაქვს ამათი. თუ არადა, არც ჩვენ გვეზარება დანარჩნი ნაბიჯების გადადგმა.”

შესაძლოა, კორპუსებში გაზის დეტექტორების დამონტაჟება სავალდებულო გახდეს; ამასთან, მოქალაქეები, შესაძლოა, მერიის მიერ ექსპლუატაციაში მიღებამდე ვეღარ შესახლდნენ კორპუსებში. ამ ინიციატივებზე 28 იანვარს ისაუბრეს თბილისის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელსაც სამინისტროების, მერიის და გაზის კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საპროტესტო აქცია ყაზტრანგაზთან. 29.01.2019. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ალექსანდრე ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ, დედაქალაქის მერიამ და სემეკმა რეგულაციებზე და უსაფრთხოების ნორმებზე საუბარი მისი მოძრაობის მიერ ყაზტრანგასთან საპროტესტო აქციის დაანონსების შემდეგ დაიწყეს, რადგან შეეშინდათ.

გუშინ ზედიზედ განცხადება გააკეთა ეკონომიკის სამინისტრომ, დედაქალაქის მერიამ და სემეკმა იმის შესახებ, რომ მუშაობენ რეგულაციებზე, უსაფრთხოების ნორმებზე და ა.შ. რა უშლიდათ აქამდე, რომ ეს ეთქვათ? მაგრამ ჩვენ როდესაც აქცია დავაანონსეთ, მას შემდეგ დაიწყეს ამაზე საუბარი. ეს დროში ემთხვევა, შეგნებულად გააკეთეს თუ როგორ, ყველამ თავისთვის გამოიტანოს დასკვნა. ჩემთვის ნათელია, რომ ჩვენი შეფუცხუნების მერე დაიწყესს ამ რაღაცაზე ფიქრი,” – ამბობს ელისაშვილი.

2018 წლის 15 ნოემბერს ზემო ფონიჭალაში და 2019 წლის 16 იანვარს დიდ დიღომში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ კორპუსებში ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და გაცილებით მეტი დაშავდა. აფეთქებებს შეეწირა როგორც ზრდასრული, ასევე, პატარა ბავშვების სიცოცხლე. ფონიჭალის ინციდენტზე დაკავებული ამ დრომდე არავინაა, ხოლო დიდ დიღომში აფეთქებასთან დაკავშრებით ყაზტრანსგაზის ორი თანამშრომელი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი