18 დღეში საპენსიო ფონდში 20 მილიონ ლარზე მეტია შემოსული – სააგენტოს დირექტორი

საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე აცხადებს, რომ დაგროვებითი პენსიის ამოქმედებიდან 18 დღის განმავლობაში სისტემას 25 000 კერძო კომპანია შეურთდა, სისტემაში კი გაიხსნა დაახლოებით 300 000 პერსონალური ანგარიში.

“საპენსიო დანაზოგის სახით შემოსულია უკვე 20 მილიონ ლარზე მეტი, თუმცა იმ 25 ათასი კომპანიიდან ყველას დეკლარაცია ჯერ დახურული არ არის. 7500-ია მხოლოდ და ველოდებით, რომ ეს პროცესი ალბათ თებერვალშიც გადავა. ყველა დეკლარაცია როდესაც დაიხურება, ეს თანხა გაიზრდება” ,- ამბობს სურგულაძე.

სურგულაძის ვარაუდით, მონაწილეთა რიცხვი 550-650 ათასამდე იქნება:

“ვფიქრობ, ცნობადობის გაზრდის კვალდაკვლად, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება, მათ შორის თვითდასაქმებულები, რომელთათვისაც ეს ნებაყოფლობითია”,- ამბობს იგი.

ნეტგაზეთის კითხვაზე, ექნება თუ არა მოქალაქეს შესაძლებლობა, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ერთბაშად აიღოს დანაზოგი, ლევან სურგულაძე გვასუხობს, რომ ეს მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში იქნება შესაძლებელი.

“თუ ადამიანს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი, მაშინ შეუძლია ნებისმიერ ასაკში გაიტანოს თავისი დანაზოგი.

საპენსიო ასაკში ერთიანად გატანის უფლება აქვთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩაერთვებიან სქემაში ნებაყოფლობით – ქალები, რომლებიც 6 აგვისტოს უკვე იყვნენ 55 წლის, და კაცები, რომლებიც უკვე იყვნენ 60 წლის.

ეს ადამიანები, რომლებიც ავტომატურად არ წევრიანდებიან სისტემაში, თუ ჩაერთვებიან, მათ შეეძლებათ საპენსიო დანაზოგი ერთიანად გაიტანონ. ასევე, თუ მიდიან უცხოეთში საცხოვრებლად”, – ამბობს სურგულაძე.

ლევან სურგულაძე ხსნის იმ პრინციპს, თუ როგორ გამოითვლება ყოველთვიური პენსია:

“[საპენსიო სისტემის ვებსაიტი] თქვენ გეკითხებათ საპენსიო ასაკზე ყოფნის წლებს. ეს არის საშუალო სტატისტიკური მოლოდინი. ანუ როდესაც თქვენ გახვალთ პენსიაზე, იმ მომენტისთვის სტატისტიკურად რაც არის საშუალო სიცოცხლის მოლოდინი, იმ წლებს გამოვაკლებთ პენსიაზე გასვლის ასაკს. მიღებული წლების რაოდენობაზე გაიყოფა თქვენი დანაზოგი, შემდეგ 12-ზე [თვეების რაოდენობაზე] და ამ თანხას აიღებთ პენსიას ყოველთვიურად”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com