ახალი ამბები

საამიროებში გენდერული თანასწორობის ყველა ჯილდო კაცებს გადასცეს

29 იანვარი, 2019 • 3600
საამიროებში გენდერული თანასწორობის ყველა ჯილდო კაცებს გადასცეს

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაცემული  გენდერული თანასწორობის ჯილდოს ყველა მფლობელი კაცია. დაჯილდოების ცერემონია, რომელიც კრიტიკისა და დაცინვის ობიექტი გახდა, დუბაიში კვირას, 27 იანვარს გაიმართა.

“გარდიანის” ცნობით, ჯილდო არაბეთის გაერთიანებული საამიროების ვიცეპრეზიდენტმა და დუბაის პრინცმა, მუჰამმად ბინ რაშიდ ალ-მაქთუმმა, გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად დააწესა. ნომინაციებს შორის იყო “გენდერული ბალანსის მხარდამჭერი საუკეთესო სამთავრობო უწყება”, “გენდერული ბალანსის მხარდამჭერი საუკეთესო ფედერალური ორგანო” და “გენდერული ბალანსის საუკეთესო ინიციატივა”.

ჯილდოები გადაეცათ ფინანსთა სამინისტროს, ფედერალური სტატისტიკის სამსახურსა და “ადამიანური რესურსების სამინისტროს”. დაჯილდოების ცერემონიაზე ყველა უწყებას კაცები წარმოადგენდნენ.

“ტვიტერის” პოსტზე, რომლითაც “დუბაის მედიაოფისი” საზოგადოებას დაჯილდოების შესახებ აუწყებდა, არაერთი კრიტიკული და ირონიული კომენტარი გაჩნდა.

“მერე იტყვიან, რომ სატირა მკვდარია!” – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

“წარმატებები… კაცებო! ისე, მომავალ წელს, ვიზუალისთვის, ფოტოებზე სიმბოლურად მაინც დაამატეთ ქალი, კარგი? უბრალოდ, რჩევაა”, – აღნიშნავს კიდევ ერთი.

მოგვიანებით, “დუბაის მედიაოფისმა” ახალი ფოტოებით დაამატა, რომელთაგან ერთ-ერთზე ცერემონიაზე დამსწრე 5 ქალი ჩანს, თუმცა მათი ვინაობა არ დაკონკრეტებულა.

არაბეთის გაერთიანებული საამიროების თანასწორობის ინდექსის ჯილდო იმ პროგრესს უსვამს ხაზს, რომელიც 2015 წელს, მთავრობის მიერ თანასწორობასთან დაკავშირებული მიზნების გაცხადების შემდეგ, საჯარო სექტორში აღინიშნება.

“ამაყები ვართ საამიროების ქალების წარმატებითა და მათი როლით ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში”, – ვკითხულობთ “დუბაის მედიაოფისის” გვერდზე.

გაეროს განვითარების პროგრამის 2018 წლის კვლევის თანახმად, ნავთობის ქვეყნებს შორის საამიროები  უმაღლეს შეფასებას იმსახურებს გენდერული თანასწორობის კუთხით; ასევე, მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნება ქალთა დასაქმების მიმართულებით. შედარებისთვის, 2015 წლის მონაცემებით, საამიროებში 135 000 ქალია წარმოდგენილი შრომის ბაზარზე, როცა 1975 წელს ეს რიცხვი 1000-ს შეადგენდა.

მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფების თანახმად, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია კვლავ მწვავე პრობლემად რჩება ქვეყანაში, მათ შორის, სამართლებრივ სექტორში, როცა კაცებს უპირატესობა ენიჭებათ ოჯახში, ასევე ქორწინების, გაყრისა და შემდგომ შვილის აღზრდის უფლებათა კუთხით.

“გარდიანის” თანახმად, ქვეყანაში კანონი ასევე არ ზღუდავს ოჯახში ძალადობას მანამ, სანამ ის ისლამური კანონმდებლობით დადგენილ საზღვრებს არ გასცდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი