ახალი ამბები

“ვითხოვთ გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას” – NGO-ები შესაძლო პირადი ცხოვრების კადრებზე

29 იანვარი, 2019 • 974
“ვითხოვთ გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას” – NGO-ები შესაძლო პირადი ცხოვრების კადრებზე

არასამთავრობო სექტორი ეკა ბესელიას შესაძლო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიებასა და დამნაშავეთა გამოვლენას ითხოვს.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, მესამე სექტორისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ადამიანთა პირადი ცხოვრება დაცული იყოს.

“გარკვეული ეჭვი, რა თქმა უნდა, არსებობს, ხომ არ უკავშირდება ამ კადრების გავრცელება მის[ბესელიას] ბოლოდროინდელ აქტიურობას. დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული ეს ფაქტი. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება იყოს დაცული ამ ქვეყანაში. სახელმწიფო სტრუქტურები იმიტომ გაგვაჩნია და იმიტომ ვიხდით გადასახადებს, რომ ისეთი მნიშვნელოვანი სიკეთეები, როგორიცაა პირადი ცხოვრება, დაცული იყოს გარე ჩარევებისგან”, – განუცხადა სალაძემ “რუსთავი2”-ს.

კადრების გავრცელებაზე “რუსთავი2”-თან საუბრისას “სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარე მიხეილ ბენიძე დეპუტატის მიმართ სოციალურ ქსელში აგორებულ ბოლოდროინდელ კამპანიას იხსენებს. მისი თქმით, პროცესებს შორის შესაძლო კავშირი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

“ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს, სავარაუდოდ,  ჰქონდათ მცდელობა, რომ იმ მადისკრედიტირებელი კამპანიებით ფეისბუქზე ქალბატონი ბესელიას წინააღმდეგ გარკვეული საზოგადოებრივი აზრი შეექმნათ. არ ვიცი, იგივე ჯგუფი შეიძლება იდგეს თუ არა ამ ეტაპზე ახალი მცდელობების უკან, მაგრამ ეს არის ალბათ ის საკითხები, რაზეც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი”, – ამბობს ის.

დამნაშავეთა დასჯას “საერთაშორისო გამჭვირვალობაც”ითხოვს.  ორგანიზაციის საპარლამენტო მდივნის, ლიკა საჯაიას განცხადებით, “კომპრომატების” გავრცელება ჩვეულ მოვლენად იქცა იმ ადამიანთა მიმართ, რომელთა მხრიდანაც გარკვეულ საკითხებზე მწვავე კრიტიკა ისმის.

“როდესაც ხდება პოლიტიკური დაძაბულობა, რასაც მოსდევს პოლიტიკოსების თუ საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების მიმართ მწვავე კრიტიკა, საზოგადოებას მოლოდინიც კი აქვს, რომ იმ დღეებში უნდა გამოჩნდეს რაღაც კომპრომატი ამ ადამიანზე. კომპრომატების ომი გახდა ჩვეული ამბავი და ძალიან ბინძური ომი გახდა ჩვეული ამბავი ჩვენი პოლიტიკისთვის. მესამე სექტორი ვითხოვთ გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას”, – უთხრა საჯაიამ “რუსთავი2”-ს.

ეკა ბესელიას შესაძლო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე, თავდაპირველად, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. აღნიშნულის საფუძველზე, შსს-მ გამოძიება 157 პრიმა მუხლის – პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.

კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ეკა ბესელიამ განცხადება და ღია წერილი გაავრცელა. განცხადებაში დეპუტატი აღნიშნავდა, რომ კადრები წინა ხელისუფლების დროს მომზადდა, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურამ 8 პირი ცნო დამნაშავედ. ბესელია სამართალდამცავი ორგანოებისაგან გამოძიებასა და პასუხს ითხოვს კითხვაზე, თუ “ვინ აირჩია ანგარიშსწორება ამ ფორმით”.

მოგვიანებით გავრცელებულ ღია წერილში კი ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ არ გაჩუმდება და სურს, ვითარების შესაცვლელად პოლიტიკაში მეტი ქალი იხილოს. მანვე კვლავ ისაუბრა ბოლო დროს უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და მიზეზებზე, თუ რატომ არ სურს წინა ხელისუფლების დროს მომუშავე ზოგიერთი მოსამართლის ხილვა სისტემაში.

ეკა ბესელიას ღია წერილი საზოგადოებას

 

მასალების გადაბეჭდვის წესი