ახალი ამბები

მაღალი დონის კორუფია და დემოკრატიის რყევა – საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსში

29 იანვარი, 2019 • 1845
მაღალი დონის კორუფია და დემოკრატიის რყევა – საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსში

“საერთაშორისო გამჭვირვალობამ” დღეს, 29 იანვარს გამოაქვეყნა კორუფციის აღქმის ინდექსის 2018 წლის მაჩვენებლები. ამ მონაცემებით, საქართველო 180 ქვეყანას შორის 58 ქულით 41-ე ადგილს იკავებს. საქართველოს მდგომარეობა 2017 წლის შემდეგ მცირედით, 2 ქულით გაუმჯობესდა. თუმცა, როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა” წერს, დემოკრატია საქართველოში განიცდის რყევებს, რაც მას მოწყვლადს ხდის მაღალი დონის კორუფციის მიმართ და აფერხებს მის წინსვლას.

“მდგომარეობის გაუარესება, სხვა საკითხებთან ერთად, გამოწვეულია ძალოვანი სტრუქტურების ანგარიშვალდებულების ნაკლებობით, კორუფციით, სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევით, სახელმწიფოს მიტაცებითა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ხელისუფლების მიერ დაფინანსებული თავდასხმებით. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კორუფციის შემთხვევებისა და მთავრობაში არსებული გადაცდომების სასწრაფოდ გამოძიების საჭიროება, საქართველომ ვერ შეძლო ჩამოეყალიბებინა დამოუკიდებელი სტრუქტურები, რომელიც ამ ფუნქციას შეასრულებდნენ”, – წერს “საერთაშორისო გამჭვირვალობა”.

ორგანიზაციის შეფასებით, დაუსჯელობის სინდრომი აძლიერებს საზოგადოებაში უნდობლობის განცდას. დოკუმენტში ნახსენებია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეთა 36 პროცენტს სჯერა, რომ საჯარო მოხელეები ძალაუფლებას პერსონალური მიზნებისთვის იყენებენ. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 12 პროცენტი იყო

“ანტიკორუფციული მიმართულებით მიღწეული პროგრესის ერთ ადგილზე გაშეშება გაგრძელდება და მდგომარეობა გაუარესდება, თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიიღებს დაუყონებლივ ზომებს ინსტიტუციების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და სამოქალაქო  საზოგადოების მხარდასაჭერად”, – წერს “საერთაშორისო გამჭვირვალობა”. ორგანიზაციის თქმით, სწორედ სამოქალაქო საზოგადოება აძლიერებს პოლიტიკურ ჩართულობასა და საზოგადოებრივ კონტროლს.

მიუხედავად კრიტიკული შეფასებისა, საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსის მაჩვენებლით (58 ქულა) ამ კუთხით ლიდერია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

ანგარიშის მიხედვით, ამ რეგიონში აზერბაიჯანის მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება, რაც შეეხება რუსეთს, ყაზახეთს, კოსოვოს, სერბეთსა და მონტენეგროს, კორუფციის აღქმის ინდექსი ამ ქვეყნებში ან უარესდება, ან სტაგნაცია გრძელდება.

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო 58 ქულით პირველ ადგილზეა. მეორე ადგილზე 45 ქულით მოდის მომნტენეგრო, 44 ქულით მესამე ადგილს კი ბელორუსი იკავებს. რაც შეეხება ბოლო ადგილებს, ამ პოზიციებს ტაჯიკეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი იკავებენ.

ამავე კვლევით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რეგიონის საშუალო მონაცემია 32 ქულა, რაც მხოლოდ სუბ-საჰარული აფრიკის რეგიონზე უკეთესი მაჩვენებელია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” იძლევა რეკომენდაციებს, თუ რა უნდა გააკეთონ სახელმწიფოებმა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად:

  • სამოქალაქო საზოგადოებას მისცენ საქმიანობისთვის თავისუფალი სივრცე, მათ შორის, დაიცვან სიტყვის თავისუფლება, შეკრებისა და პროტესტის უფლება;
  • ჩართონ მოქალაქეები საბიუჯეტო ფინანსების ხარჯვის მონიტორინგში;
  • ჩაატარონ სასამართლო სისტემის რეგორმა, გააუმჯობესონ ერთიანობა და ჩართულობა სახელმწიფო სტრუქტურებს შორის;
  • უზრუნველყონ ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომა და გააუმჯობესონ აღსრულების მექანიზმი ანტიკორუფციული ღონისძიებების წარმატებისთვის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი