ახალი ამბები

30 ათასმდე შემოსავლის პირობებში, ბინის გამქირავებლები შესაძლოა გადასახადისგან გათავისუფლდნენ

28 იანვარი, 2019 • 5329
30 ათასმდე შემოსავლის პირობებში, ბინის გამქირავებლები შესაძლოა გადასახადისგან გათავისუფლდნენ

ბინის საცხოვრებელი მიზნით გაქირავებიდან მიღებული წლიური შემოსავალი თუ 30 ათას ლარს არ აღემატება, შესაძლოა გადასახადისგან გათავისუფლდეს. კანონპროექტი საგადასახადო კოდექსში ცვლილებას ითვალისწინებს და მისი ავტორი “ევროპული საქართველოა” .

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ბინის გამქირავებლები, მიკრომეწარმის სტატუსის მინიჭებათ, სწორედ ამ სტატუსის მეშვეობით აღარ დაიბეგრებიან. მოქმედი კანონმდებლობით, 30 ათას ლარამდე წლიური შემოსავლის პირობებში, ბინის გამქირავებლები ბიუჯეტში 5%-ს იხდიან. განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიზანია, ამ სფეროში ქვეყანაში არსებული მაღალი ფასების დაწევა მოხდეს.

ავტორების მტკიცებით, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება ბინების დღიურად და მეტი ხნით გაქირავების ბიზნესში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, რადგან უძრავ ქონებაში ჩადებული ფული ინვესტიციას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ავტორებს მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია დამატებითი სტიმული მიეცეს ამ სექტორში მომუშავე ადამიანებს.

განმარტებითი ბარათის თანახმად, მთავრობამ ბოლო წლებში უამრავი რეგულაცია დაუწესა არა მხოლოდ უძრავი ქონების სექტორს, არამედ იმ სექტორებსაც, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ ამ ბიზნესის განვითარებაზე. განმარტებით ბარათში ამის მაგალითად მოყვანილია 2018 წელს ამოქმედებული საბანკო რეგულაციები, სადაც იპოთეკურ სესხებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.

თუ პარლამენტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა, ცვლილება შეეხება სხვადასხვა უცხოური პლატფორმის მეშვეობით გაქირავებულ სახლებსაც. საკანონმდებლო ცვლილებებას დღეს, 28 იანვარს, მხარი დაგრობრივი ეკონომიკის კომიტეტმა დაუჭირა .

მასალების გადაბეჭდვის წესი