9 კომპანია სილქნეტსა და მაგთიკომს ტარიფების შეთანხმებით გაძვირებაში ადანაშაულებს

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მოქმედი ქართული კომპანიების ნაწილი “სილქნეტისა და მაგთიკომის ოლიგოპოლიური შეთანხმების შესახებ” განცხადებას ავრცელებს.

სილქნეტისა და მაგთიკომის შესაძლო ოლიგოპოლიური შეთანხმების შესახებ განცხადებას 9 სატელეკომუნიკაციო კომპანია აწერს ხელს:

  1. ლაგი;
  2. გლობალ ერთი;
  3. მაი ფოუნი;
  4. ინექსფონი;
  5. ჯეონეტი;
  6. ნიუ ვიჟენი;
  7. იუ თი ეს;
  8. სითი ტელეკომი;
  9. არკომი.

როგორც განცხადების ხელმომწერები ამბობენ, სილქნეტისა და მაგთიკომის მიერ ტარიფების შესაძლო შეთანხმებით გაძვირება კიდევ 21 კომპანიას შეუქმნის საფრთხეს.

სატელეკომუნიკაციო კომპანიების განცხადებით, გაძვირების გარდა, აღნიშნულ კომპანიებს შორის მიღწეული ოლიგოპოლიური გარიგების მიზანი მცირე და საშუალო ოპერატორების ბაზრიდან გაძევება იყო.


როგორც კომპანიების განცხადებაშია ნათქვამი, მოსალოდნელი რადიკალური სატარიფო ცვლილება დახურვის რისკის წინაშე აყენებდა 30-მდე სატელეკომუნიკაციო კომპანიას, რაც დაახლოებით 1000-მდე ადამიანის უმუშევრად დარჩენას გულისხმობს.

შერჩევითი დისკრიმინაციითა და კარტელური გადაწყვეტილებით, კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი კომპანიებიდან სამი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანია ერთმანეთში ზარების განხორციელების განსხვავებულ პირობებზე შეთანხმდნენ. ხოლო დარჩენილ 30-მდე მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო კომპანიას კი კაბალური პირობები დაუწესეს. საყურადღებოა, რომ დაანონსებული ცვლილებებით, გაზრდილი ფასის მიუხედავად, აბონენტებს ეზღუდებოდათ იმ ნომრებზე დარეკვა, რომლებიც სილქნეტს, მაგთიკომსა და ახალ ქსელებს არ ეკუთვნის. მედიისა და საზოგადოების ყურადღება კი ძირითადად ტარიფების ზრდაზე გამახვილდა, ხოლო ამ ცვლილებებით გამოწვეულ ზემოთ აღნიშნულ მნიშვნელოვან პრობლემას ნაკლები ყურადღება დაეთმო. ეს შეთანხმება ბიზნესის არსებობის წინააღმდეგ გამიზნული ქმედებაა. ის რეალურად მიმართულია როგორც აბონენტების, ისე ბაზარზე მოქმედი სხვა ოპერატორების წინააღმდეგ და წარმოადგენს კარტელურ გარიგებას ბაზარზე მოთამაშე დიდ კომპანიებს შორის. აღნიშნული შეთანხმება კანონის უხეში დარღვევაა, რომელიც სცდება სამართლიან და კონკურენტულ ბიზნესეთიკას და დახურვის რისკის წინაშე აყენებს ბაზარზე არსებულ ყველა სხვა მცირე და საშუალო ზომის სატელეკომუნიკაციო კომპანიას,” – აცხადებენ სატელეკომუნიკაციო კომპანიები.

ამ განცხადების ხელმომწერი კომპანიები მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში მარეგულირებელი კომისიის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას. მათი განცხადებით, ამან ბიძგი მისცა ბაზარზე მცირე და საშუალო კომპანიების განვითარებას და ტარიფებისა და საბაზრო წილის ათვისების კუთხით საკმაოდ ჯანსაღი გარემო შექმნა:

აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვების მიზნით კი დიდი კომპანიები არასამართლებრივი გზებით მუდმივად ცდილობდნენ საშუალო და მცირე პროვაიდერების შევიწროებასა და ბაზრიდან გაძევებას. კომპანიების ეს განზრახვა არის მორიგი ზღვარგადასული მცდელობა, ბაზრიდან გააძევონ სხვა მოთამაშეები და მთლიანად დაეპატრონონ ბაზარს.”

როგორც სატელეკომუნიკაციო კომპანიები აცხადებენ, მარეგულირებელი კომისიის პრინციპული პოზიციისა და მათი პროტესტის ფონზე ერთ-ერთმა კომპანიამ ცვლილების დროებით შეჩერება დააანონსა. ისინი ამჯერად მეორე კომპანიის პოზიციის დაფიქსირებას ელოდებიან: “თუმცა, სამწუხაროდ, დროებით შეჩერება არ ნიშნავს ბაზრის მთლიანად დაპატრონების ჩანაფიქრზე საბოლოოდ უარის თქმას.”

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მოქმედი ქართული კომპანიები მიმართავენ საქარველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატს, კონკურენციის სააგენტოს, ბიზნესომბუდსმენსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს – დაინტერესდნენ და პირად კონტროლზე აიყვანონ აღნიშნული საკითხი, მოსახლეობისა და ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით.

იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული საკითხის ჯეროვანი განხილვისა და შესწავლის შემდეგ კომპანიები საბოლოოდ უარს იტყვიან საკუთარ უკანონო, მონოპოლისტურ ჩანაფიქრზე და აღარ შეეცდებიან მცირე და საშუალო ზომის კომპანიების მიმართ ბოროტად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ძალაუფლება,” – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი კომპანიები იმედოვნებენ, რომ “საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისი, მყარად შეინარჩუნებს სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების პოზიციას, რომლის შედეგადაც ბაზარზე მოქმედ დიდ კომპანიებს აღარ უნდა გაუჩნდეთ მცირე და საშუალო კომპანიების ბაზრდიდან უკანონოდ განდევნისა და ოლიგოპოლიური გარიგების დადების სურვილი”.

  • იხილეთ შესაძლო გაძვირებულ ტარიფებთან დაკავშრებით სილქნეტის განცხადებები:

სილქნეტი გაძვირებულ ტარიფებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი ჯეოსელის პაკეტების გაძვირების პროცესს დროებით აჩერებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.