ახალი ამბები

ქალი ამბობს, რომ პოლიციელმა აბორტის გაკეთება აიძულა

28 იანვარი, 2019 • 1893
ქალი ამბობს, რომ პოლიციელმა აბორტის გაკეთება აიძულა

სახალხო დამცველის აპარატმა იმ ქალის საქმის შესწავლა დაიწყო, რომელიც ამბობს, რომ პოლიციელმა აბორტის გაკეთება აიძულა. როგორც რუსთავი 2-ზე გასულ სიუჟეტში ქალი ჰყვება,  პოლიციელებმა საავადმყოფოში ძალით მიიყვენეს და აბორტის გაკეთება აიძულეს. როგორც ქალი ამბობს,  ამ დროს ოთხი თვის ორსული იყო.

რუსთავი 2-ის ცნობით, ქალის ყოფილი პარტნიორი პოლიციაში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობს და ექიმებიც აბორტის გაკეთებაზე მისი ამ სტატუსის გამო დათანხმდნენ. სიუჟეტის მიხედვით, შსს-ს თანამშრომელი რამდენიმე თვის განმავლობაში სთხოვდა ქალს აბორტის გაკეთებას, უარის მიღების შემდეგ კი,  სხვა პოლიციელებთან ერთად, იძულებით მიიყვანა საავადმყოფოში. როგორც ქალი ამბობს, თავისი ყოფილი პარტნიორი მას ემუქრებოდა.

“რადგან აბორტს არ ვიკეთებდი.. ერთი ამბავი ატყდა და ექიმიც პანიკაში ჩავარდა, დაურეკა საავადმყოფოს დირექტორს, მათ თქვეს, რომ პოლიციას მიმართავდნენ. მათ უპასუხეს, რომ თავად პოლიციის მაღალჩინოსნები იყვნენ და ვერაფერს გააწყობდნენ…,” – ამბობს ქალი.

მისივე თქმით, აბორტის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იყო და სუიციდიც სცადა. სიუჟეტის თანახმად, ქალი პოლიციელებმა საავადმყოფოში გვიან ღამით მიიყვანეს. ექიმი, რომელმაც ქალის მტკიცებით, აბორტი გაუკეთა, ამბობს, რომ ამ საკითხზე მხოლოდ გამოძიებასთან ისაუბრებს.

ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, გვინტერესებდა გაგვეგო, დაიწყო თუ არა ქალის მონაყოლზე გამოძიება; ამასთან, დადგა თუ არა იმ პოლიციელიელების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც, ქალის მტკიცებით, აბორტის გაკეთება აიძულეს. შსს-ს პასუხს მიღებისთანავე გავავრცელებთ.

ნეტგაზეთი პროკურატურასაც დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურში განმარტეს, რომ ვინაიდან სიუჟეტში ქალი იდენტიფიცირებული არ არის, მისი ვინაობა არ იციან, ვერ გვეტყვიან, დაიწყო თუ არა გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი