ახალი ამბები

კორპუსებში გაზის დეტექტორების დამონტაჟება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

28 იანვარი, 2019 • 2837
კორპუსებში გაზის დეტექტორების დამონტაჟება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

შესაძლოა, კორპუსებში გაზის დეტექტორების დამონტაჟება სავალდებულო გახდეს; ამასთან, მოქალაქეები, შესაძლოა, მერიის მიერ ექსპლუატაციაში მიღებამდე ვეღარ შესახლდნენ კორპუსებში.

ამ ინიციატივებზე 28 იანვარს ისაუბრეს თბილისის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელსაც სამინისტროების, მერიის და გაზის კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სავალდებულო გაზის დეტექტორები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას თანახმად, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს რეგულაციების გასამკაცრებლად. ცვლილებები, ახალ კორპუსებთან ერთად, შეეხება ძველ კორპუსებსაც.

მინისტრის მოადგილის თანახმად, მთავრობა და მერია ფიქრობენ, “გარკვეული პაკეტი” შესთავაზონ მოსახლეობას, ვიდრე ეს რეგულაციები სავალდებულო გახდება. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, ვინ დაამონტაჟებს დეტექტორებს.

“იმდაგვარად უნდა იყოს ეს გაკეთებული, რომ მოსახლეს თვითნებურად არ შეეძლოს კვებიდან მათი გამორთვა; ასევე ეს იქნება გაზის [ღია] წვის დანადგარების სწორი და კვალიფიციური მონტაჟი”, – ამბობს თურმავა. მისი თქმით, სამომავლოდ ეს წესები ყველასთვის სავალდებულო უნდა გახდეს.

შემოწმება ექსპლუატაციაში მიღებამდე

თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ, განაცხადა, რომ შეხვედრაზე განიხილეს, დაებრუნებინათ რეგულაცია, რომელიც ზღუდავდა კორპუსში მოსახლეობის შესახლებას მის ექსპლუატაციაში მიღებამდე.

ხმალაძის თანახმად, მომავალში მერია კორპუსს მანამდე არ ჩაიბარებს, სანამ “სადისტრიბუციო კომპანიები არ დაადასტურებენ, რომ იქ სათანადოდ არის უზრუნველყოფილი ქსელის გაყვანა და მისი მონტაჟი”.

ინიციატივების წარდგენას წინ უძღოდა გაზის აფეთქება მრავალსართულიან კორპუსში, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებული არ იყო, და რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გაზის შიდა ქსელებს სახელმწიფო არ ამოწმებს

მასალების გადაბეჭდვის წესი