ახალი ამბები

პეტიციას მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად 1650 ხელმოწერა აქვს

28 იანვარი, 2019 • 1704
პეტიციას მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად 1650 ხელმოწერა აქვს

“პანკისელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი” პეტიციით მიმართავს პარლამენტს და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

პეტიციას, 2019 წლის 28 იანვრის მონაცემებით, 1650 ხელმოწერა აქვს.

“ჩვენ დავინახეთ, რომ დავით სარალიძის საქმეზე პარლამენტმა შექმნა საგამოძიებო კომისია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თემირლანის სიცოცხლე გახდეს პარლამენტის მხრიდან აღიარებული და მან, როგორც კოლექტიურმა პოლიტიკურმა ორგანომ, დაგვანახოს, რომ კანონის უზენაესობა, სამართლიანობა და თანასწორობა ჩვენთვის ჩვენსავე სახელმწიფოში ბოლომდე არ არის გაუქმებული”, – წერია პეტიციაში.

პეტიცია 2018 წლის 26 დეკემბერს შეიქმნა, ზუსტად ერთი წლისთავზე იმ სპეცოპერაციიდან, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში შუბლის არეში დაჭრეს. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავების მომენტში მაჩალიკაშვილი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.

მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა. “განცდა იმისა, რომ ჩვენ დაცულები არ ვართ და ჩვენი სიცოცხლე ნაკლებად შეიძლება ფასობდეს ჩვენს სახელმწიფოში, ისედაც გვქონდა, თუმცა ახლა უფრო გაძლიერდა”, — წერია პეტიციის ტექსტში.

პეტიციის ავტორები პროკურატურას სთხოვენ, გამოიძიონ მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე და დასაჯონ სპეცოპრაციის დაგეგმვასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირები იმ ადამიანთან ერთად, ვინც მაჩალიკაშვილს ესროლა; პარლამენტს კი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასა და პასუხისმგებელი თანამდებობის პირების დანაშაულის შეფასებას სთხოვენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი