ახალი ამბები

აშშ-ის მთავრობის გახსნაზე შეთანხმება შედგა, თუმცა, დროებით და “კედლის დაფინანსების გარეშე”

26 იანვარი, 2019 • 1073
აშშ-ის მთავრობის გახსნაზე შეთანხმება შედგა, თუმცა, დროებით და “კედლის დაფინანსების გარეშე”

35-დღიანი ნაწილობრივი დახურვის შემდეგ შეთანხმება შედგა – ამერიკის ფედერალური მთავრობა კვლავ გაიხსნება, თუმცა, მხოლოდ 3 კვირით. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ამერიკული და სხვა მედიასაშუალებები კონგრესის წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ დემოკრატებთან მიღწეული შეთანხმება არ გულისხმობს აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისათვის ბიუჯეტიდან დაფინანსებას, რაც 1 თვის წინ ტრამპის ხისტი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა.

რესპუბლიკელ პრეზიდენტს არაერთგზის უთქვამს, რომ უარყოფდა ყველა იმ ანგარიშს, რომელიც მოიცავდა აღნიშნული კედლის აშენებისათვის საჭირო თანხის – 5.7 მილიარდი დოლარის გამოყოფას. თუმცა დემოკრატები, რომლებიც კონგრესის ქვედა პალატას აკონტროლებენ, აღნიშნულს არ თანხმდებიან.

“ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ფედერალური მთავრობა კვლავ გავხსნათ”, – მიმართა ტრამპმა თეთრი სახლის ვარდების ბაღიდან მოსახლეობას.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, არსებული შეთანხმების მიხედვით, მთავრობა 3 კვირით – 15 თებერვლამდე გაიხსნება, რის შემდეგაც 35-დღიანი დახურვით დაზარალებული სახელმწიფო სააგენტოები კვლავ ამუშავდებიან.

დონალდ ტრამპს სადავო კედლის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოუხსნია. მისი თქმით, თუ ამისათვის დაფინანსება არ გამოიყოფა, მთავრობა 15 თებერვალს ისევ დაიხურება.

“ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს არჩევანი, გარდა მძლავრი კედლის ან რკინის ბარიერის მშენებლობისა. თუ ვერ მივიღებთ დაფინანსებას კონგრესისგან, მთავრობა 15 თებერვალს ისევ დაიხურება, ან გამოვიყენებ აშშ-ის კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ”, – თქვა მან.

ტრამპის განცხადებით, ხელფასი სრულად აუნაზღაურდებათ ფედერალურ მოხელეებს, რომლებიც მთავრობის დახურვისა და დაფინანსების შეწყვეტის გამო, ამ დრომდე ანაზღაურების გარეშე მუშაობდნენ.

აშშ-ს მთავრობა ზუსტად 35 დღის მანძილზე იყო დახურული, რაც რეკორდული მაჩვენებელია ქვეყნის ისტორიაში.

 ამ ხნის მანძილზე, არაერთი ფედერალური სააგენტო შეფერხდა, 800 000 მოხელეს კი უხელფასოდ უწევდა მუშაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი