ახალი ამბები

თალაკვაძე: უვადო მოსამართლეობის კანდიდატებზე ინდივიდუალური კენჭისყრა გაიმართება

25 იანვარი, 2019 • 1111
თალაკვაძე: უვადო მოსამართლეობის კანდიდატებზე ინდივიდუალური კენჭისყრა გაიმართება

საპარლამენტო უმრავლესობის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ქართული ოცნების მთავარ ოფისში დღეს დასრულდა, რომელზეც ყველაზე დიდი დრო დაეთმო სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხის განხილვას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძეის განცხადებით, მმართველმა გუნდმა უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით ძირითად პრინციპებზე შეჯერდა.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატურაზე ინდივიდუალური კენჭისყრა გაიმართება და პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე სათითაოდ იმ კანდიდატებზე იმსჯელებს, ვინც ახალი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევა.

როგორც თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს, სამუშაო ჯგუფში დაინტერესებული მხარეები იქნებიან ჩართული და ამ ფორმატში შეთავაზება სამოქალაქო საზოგადოებასაც აქვს:

ეს იყო შედეგიანი შეხვედრა და შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით ძირითად ამოსავალ პრინციპებზე გუნდი შეჯერდა. ეს შედეგი იმაში გამოიხატება, რომ უმრავლესობა მზად არის, სამუშაო ჯგუფში პროცესის მონაწილე გახდეს ისე, რომ სამუშაო ჯგუფმა მიზანი შეასრულოს და შეიმუშაოს ეფექტური რეგულაციები.”

კვირას, 27 იანვარს, 10:00 საათზე სასტუმრო “რედისონთან” NGO-ები აქციას გამართავენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, 27 იანვარს სასტუმრო “რედისონში” პარლამენტარები, იუსტიციის საბჭოს წევრები და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები იკრიბებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურების განსახილველად:

“მიუღებელია, რომ ხელისუფლება სამუშაო ჯგუფში ჯდება იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ცდილობდნენ, ქვეყნისთვის უვადოდ მიესაჯათ უსამართლო და მორჩილი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. შემოგვიერთდი და მოითხოვე რეალური ცვლილება სასამართლოში. მოითხოვე დასრულდეს კლანური მმართველობა, სასამართლოს დაპატრონება და გამოყენება ვიწრო ინტერესთა ჯგუფის მხრიდან.”

მათი თქმით, ცრუ და არაფრისმომცემი სამუშაო ფორმატები საზოგადოებრივი პროტესტის შესუსტებას უწყობს ხელს, კოსმეტიკური ცვლილებებით კი, იმავე ჯგუფის ინტერესების გატარებას ემსახურება. ხელისუფლებამ და სასამართლომ უნდა დაინახოს, რომ საზოგადოება რეალურ ცვლილებას ითხოვს. ეს ცვლილება კი, მათი განცხადებით, სასამართლოში გაბატონებული კლანის პირობებში ვერ მიიღწევა.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

NGO-ები უზენაესის მოსამართლეების თემაზე პარლამენტის სამუშაო ჯგუფში არ შევლენ

მასალების გადაბეჭდვის წესი