ახალი ამბებისამართალი

ქრთამის აღების ბრალდებით წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

25 იანვარი, 2019 • 3046
ქრთამის აღების ბრალდებით წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

დღეს, 25 იანვარს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი დააკავეს.

საკრებულოს წევრების განცხადებით, ოცამდე ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენელმა გრიგოლ ივანეიშვილს ხელბორკილები საკრებულოს სხდომაზე დაადო.

გამოძიების ინფორმაციით, გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა.

ამასთან, როგორც სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო აცხადებს, გრიგოლ ივანეიშვილის ინიციატივით, ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის გადახდის გარანტად უცხოელმა ბიზნესმენმა მისი კუთვნილი ფირმის 16%-იანი წილი გადაუფორმა ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს.

ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის 26 დეკემბერს თვითმმართველმა ერთეულმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი წყალტუბოში, შანიძის ქუჩა N1-ში მდებარე შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის შესყისდვასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უცხოელმა ბინზესმენმა და გრიგოლ ივანეიშვილის დახმარებით შეძლო აღნიშნული შენობის და მიწის ნაკვეთის წინასწარ შეთანხმებულ და ხელსაყრელ ფასად შეძენა:

დანაშაულის შენიღბვის მიზნით, გრიგოლ ივანეიშვილმა უცხოელ ბიზნესმენთან გააფორმა ფიქტიური სესხის ხელშეკრულება და ამ უკანასკნელს 250 000 ლარი თავისი შვილის ანგარიშზე ჩაარიცხინა. აღნიშნული გადარიცხვის შემდეგ, 2019 წლის 25 იანვარს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით აწარმოებს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კოდექსის მიხედვით, გრიგოლ ივანეიშვილს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

62 წლის გრიგოლ ივანეიშვილი სხვადასხვა დროს ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ასოცირებულ პროფესორად. საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევამდე, იგი წყალტუბოში რამდენიმე ტურისტულ და ინფრასტრუქტურულ პროექტზეც მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი