ახალი ამბებისამართალიტექნოლოგიები

როგორ გაქრა მოქალაქეთა ანგარიშებიდან ასეულობით ლარი

25 იანვარი, 2019 • 23700
როგორ გაქრა მოქალაქეთა ანგარიშებიდან ასეულობით ლარი

10 GB მობილური ინტერნეტი, ულიმიტო სასაუბრო დრო და უფასო შეტყობინებები 5 ლარად ერთ თვის განმავლობაში – ეს არის ინტერნეტის საშუალებით შემუშავებული სქემის ნაწილი, რომლითაც, შესაძლოა, უკვე საქართველოს არაერთი მოქალაქე დაზარალდა.

თაღლითური სქემა

ფეისბუკზე ერთ-ერთმა გვერდმა სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ საიტზე მიბმული გრაფიკულად დამუშავებული პოსტის რეკლამირება მოახდინა, რომლითაც მოქალაქეებს მობილურისთვის წარმოუდგენლად შეღავათიანი სერვისი შესთავაზა.

შეთავაზებით მოხიბული პირები დაკლიკების შემთხვევაში გადადიოდნენ საიტზე, სადაც შეჰყავდათ თავიანთი საბანკო და პერსონალური მონაცემები. მოქალაქეები 5 ლარს ნებაყოფლობით რიცხავდნენ გაურკვეველ ანგარიშზე, ხოლო მოგვიანებით მათი ბარათებიდან 150-200 და უფრო მეტი თანხა ავტომატურად იჭრებოდა. საქმე ის არის, რომ მსხვერპლები 5 ლართან ერთად თავიანთ საბანკო და პერსონალურ მონაცემებსაც უზიარებდნენ სავარაუდო თაღლითს.

სავარაუდო თაღლითური სქემის რეკლამირებული პოსტის ქვეშ რამდენიმე წუთის ინტერვალით ერთი ადამიანი მაინც წერდა, რომ ბარათიდან თანხები ჩამოეჭრათ მას შემდეგ, რაც გაურკვეველ საიტზე მითითებულ ინსტრუქციას გაჰყვნენ და საკუთარი საბანკო მონაცემები შეიყვანეს. როგორც ეს პირები ამბობენ, აღნიშნული გვერდის ადმინისტრატორი მათ ფეისბუკის გვერდიდან ბლოკავდა, ხოლო კომენტარებს სისტემატურად შლიდა, თუმცა ნაწილი ნეტგაზეთმა სქრინის სახით შეინახა და ამ მოქალაქეებს დაუკავშირდა.

აღნიშნული ფეისბუკის გვერდი და საიტი რამდენიმე საათის წინ გაუქმდა – მას შემდეგ, რაც ნეტგაზეთმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა შესაძლო დანაშაულის შესახებ.

 

თაღლითური სქემით დაზარალებულთა კომენტარები გარეკლამებული პოსტის ქვეშ, რომელიც რამდენიმე წუთში იშლებოდა

 

სავარაუდო თაღლითური სქემის ერთ-ერთი მსხვერპლად მიიჩნევს თავს ნინო ბერიძე, რომლის ფეისბუკის ტაიმლაინზეც მიმზიდველი სერვისის რეკლამირებული პოსტი დაახლოებით ორი თვის წინ გამოჩნდა:

“ჩვეულებრივად შევავსე, რასაც ითხოვდნენ – ბარათის მონაცემებით; 5 ლარი ჩამომეჭრა და მეორე ღამეს, 12 საათზე ჯერ ბარათიდან მომიხსნეს 50 ლარი, შემდეგ -კიდევ 150 ლარი. ბარათი დაზღვეული არ მქონდა და ბანკმა არ ამინაზღაურა. მივმართე ბათუმის კრიმინალური პოლიციის გამომძიებელს, დამაწერინეს განცხადება, მაგრამ რეაგირება იყო ნული”, – განუცხადა ნეტგაზეთს ნინო ბერიძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით (ქურდობა) და 284-ე მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოთ შეღწევა) დაიწყო.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი პირი დაზარალდა ამ სქემით და სხვადასხვა ანგარიშიდან რა ოდენობის თანხა შეიძლება მოეჭრათ დამნაშავეებს უნებართვოდ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი