ახალი ამბებისამართალი

სტრასბურგის 2 საქმე, რომელიც მურუსიძეს ეხება, მაგრამ “ჯერ წაკითხული არ ჰქონდა”

25 იანვარი, 2019 • 3753
სტრასბურგის 2 საქმე, რომელიც მურუსიძეს ეხება, მაგრამ “ჯერ წაკითხული არ ჰქონდა”

სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძემ სამშაბათს, 22 იანვარს, ტელეიმედის ეთერში  გამართულ დებატებში თქვა, რომ არ იცნობს სტრასბურგის სასამართლოს (ECHR) მიღებულ გადაწყვეტილებებს იმ ორ საქმეზე, რომლებთან დაკავშირებითაც საქართველომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაარღვია და რომლებთანაც მურუსიძეს უშუალო კავშირი აქვს.

მურუსიძემ ეს GDI-ის იურისტთან, გიორგი მშვენიერაძესთან დებატებში თქვა.

ერთ-ერთი საქმე, რომელზეც მურუსიძე დებატებში ამბობდა, რომ არ იცნობს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში გათავისუფლებულ მოსამართლეებს ეხება, მეორე კი — მკვლელობის ბრალდებით დაპატიმრებული ადამიანისთვის 15-წლიანი პატიმრობის შეფარდებას მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით.

“მე, სიმართლე გითხრათ, არ ვარ გაცნობილი [გადაწყვეტილებას]. გიპასუხებთ, რომ წავიკითხავ”, – ასე თქვა მურუსიძემ პირველ საქმესთან დაკავშირებით; მეორე საქმესთან დაკავშირებით კი მოგვიანებით მშვენიერაძეს სთხოვა, დაეტოვებინა გადაწყვეტილების ტექსტის ასლი, რათა გაცნობოდა. “იქნებ თქვენ არაკეთილსინდისიერებაში არ ჩამითვალოთ. 2006 წლის საქმე არ მახსოვს”, – თქვა მან.

ტურავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ

პირველი საქმე ეხება 2005-06 წლებში გათავისუფლებულ 4 მოსამართლეს და, როგორც გიორგი მშვენიერაძემ თქვა გადაცემაში, “ეს არის პირველი საქმე, რომლითაც ენმ-მ ბატონობა მოიპოვა სასამართლო სისტემაში”.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2018 წლის 27 ნოემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება ამ საქმეზე. მოსარჩელე ოთხი მოსამართლე იყო — მერაბ ტურავა, ნინო გვენეტაძე, მურმან ისაევი და თამარ ლალიაშვილი.

ტურავა, გვენეტაძე, ისაევი და ლალიაშვილი უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეები იყვნენ. მოსამართლეობის ათწლიანი ვადის შესრულება 1999 წლის ივლისსა და 2000 წლის დეკემბერს შორის დაიწყეს.

2005 წლის 19 სექტემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო ოთხივე მათგანის წინააღმდეგ სხვადასხვა ეპიზოდში მართლმსაჯულების დარღვევის ბრალდებით. სამართალწარმოება ეხებოდა იმ საქმეებს, რომლებსაც ეს მოსამართლეები განიხილავდნენ.

2005 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საერთო სასამართლოების სადისციპლინო კოლეგიამ დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრა მოსამართლეებს. მათ აეკრძალათ მართლმსაჯულების სისტემაში პოსტების დაკავება. ეს გადაწყვეტილება 2006 წლის 10 აგვისტოს ძალაში დატოვა უმაღლესი საბჭოს სადისციპლინო პალატამ. სწორედ ამ პალატაში იყო მაშინ ლევან მურუსიძე.

მანამ, სანამ სტრასბურგში საქმის მიმდინარეობა დასრულდებოდა, ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს, რის შედეგადაც მან აღარ ისურვა სახელმწიფოს წინააღმდეგ დავის გაგრძელება. არ ისურვა დავის გაგრძელება არც მერაბ ტურავამ, რომელიც ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა. თუმცა ორმა, ისაევმა და ლალიაშვილმა, დავა გააგრძელა.

როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, საქართველომ აღიარა ისაევისა და ლალიაშვილის წინააღმდეგ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა და თითოეული მათგანისთვის 10 000 ევროს გადახდა იკისრა. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით,  იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფომ აღიარა დარღვევა და კომპენსაციაც იკისრა, აღარ აგრძელებდა საქმის განხილვას.

საკვანძო საქმე შეეხებოდა ტერმინ მეუღლის განმარტებას – ამ ოთხმა მოსამართლემ მეუღლის ცნებაში გააერთიანა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ადამიანები (რომლებსაც ჯვარი დაწერილი ჰქონდათ). მშვენიერაძის კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა შესაძლებელი მოსამართლის გაშვება ნორმის განმარტების გამო, მურუსიძემ ასე უპასუხა:

“როდესაც მე ვიხილავდი საქმეს, მოსამართლე შეიძლება გათავისუფლებულიყო თანამდებობიდან, როდესაც მას ჰქონდა კანონის უხეში დარღვევა. პალატამ მიიჩნია, რომ კანონის უხეშ დარღვევას ჰქონდა ადგილი და მიიღო ეს გადაწყვეტილება. მიმაჩნდა, რომ რა გადაწყვეტილებაც მივიღე იმ მომენტში, იყო სწორი, დღევანდელი კანონმდებლობის აღნიშნული ნორმით მოსამართლის გაშვება არ შეიძლება”.

პაატა როსტომაშვილის საქმე

2004 წლის 16 აგვისტოს პაატა როსტომაშვილი და კიდევ ორი ადამიანი (ძმები) მსგავსი, ცეცხლსასროლის იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის, ბრალდებებით დააპატიმრეს.

2006 წლის 8 მაისს როსტომაშვილს 15-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, დანარჩენ ორს – 16 და 17 წელი. როგორც სტრასბურგის სასამართლო წერს, ბრალდებები როსტომაშვილის წინააღმდეგ მთლიანად ეფუძნებოდა მოკლულის მამის, ვ.ნ-ის ჩვენებას, რომელიც ამბობდა, რომ შეესწრო დანაშაულს; პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა მოწმეთა ჩვენებები, რომელთა თანახმადაც როსტომაშვილს ალიბი ჰქონდა მკვლელობის მომენტში. სასამართლოს არგუმენტი იყო, რომ “დაცვის მოწმეთა ჩვენებები არ ემთხვეოდა ერთმანეთს და არათანმიმდევრული იყო”.

როსტომაშვილმა 2006 წლის 13 ივნისს გაასაჩივრა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება იმ არგუმენტით, რომ მას მკვლელობასთან მხოლოდ მოკლულის მამის ჩვენება აკავშირებდა, რომელიც, სხვა მოწმეების ჩვენების თანახმად, საეჭვო იყო, რომ ადგილზე საერთოდ იმყოფებოდა.

2006 წლის 21 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ, როგორც მეორე და ფინალური ინსტანციის სასამართლომ, ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მურუსიძე უზენაესის მოსამართლე იყო და ამ საქმეს განიხილავდა.

2018 წლის 8 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, სამართლიანი სასამართლო უფლების დარღვევა. ასევე, დააკისრა 3 600 ევროს გადახდა სახელმწიფოს.

სრულად როსტომაშვილის საქმეს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

სტრასბურგის ის საქმეები, რომლებშიც მურუსიძე ფიგურირებს

სტრასბურგის სასამართლომ ნეტგაზეთისთვის ცნობილი, სულ ცოტა, ხუთი საქმე განიხილა, რომელშიც ლევან მურუსიძეც ფიგურირებს და სადაც კონვენციის რომელიმე მუხლის დარღვევა დადგინდა. ხუთ საქმეზე საქართველოს აპლიკანტებისთვის, ჯამში, 105 988 ევროს გადახდა დაეკისრა, თუმცა ამ საქმეების განხილვაში, მურუსიძის გარდა სამივე ინსტანციის სხვა მოსამართლეებმაც მიიღეს მონაწილეობა.

დებატებს გიორგი მშვენიერაძესა და ლევან მურუსიძეს შორის გაეცანით ქვემოთ მოყვანილ ბმულზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი