ახალი ამბები

არ აქვს მნიშვნელობა, ბიზნესს გავაკეთებთ ვაკის პარკში, გლდანში თუ ვარკეთილში – ზაქაიძე

25 იანვარი, 2019 • 3303
არ აქვს მნიშვნელობა, ბიზნესს გავაკეთებთ ვაკის პარკში, გლდანში თუ ვარკეთილში – ზაქაიძე

იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ვაკის პარკში სასტუმროს აშენებას უკვე რამდენიმე წელია ცდილობს, დღეს აცხადებს, რომ მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, ბიზნესს სად გააკეთებენ.

“წინადადებები, რაც მერიამ შემოგვთავაზა, დავთანხმდით. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, ბიზნესს გავაკეთებთ ვაკის პარკის ტერიტორიაზე, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მთაწმინდაზე, გლდანში თუ ვარკეთილში”, – უთხრა ჟურნალისტებს კომპანიის წარმომადგენელმა გოგა ზაქაიძემ.

მის ამ განცხადებას წინ უძღოდა მოლაპარაკებები თბილისის მერიასთან. როგორც ინვესტორი და მერია აცხადებენ, ისინი გარკვეულ პირობებზე შეთანხმდნენ.

“ჩვენმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავთანხმდეთ ჩანაცვლებაზე, ან გამოსყიდვაზე. ჩვენ გვაქვს ალტერნატივა, რომ ამოვარჩიოთ შემოთავაზებებიდან. მოლაპარაკება შედგა და დასრულდა. ამ ეტაპზე რასაც გვთავაზობენ, ის ვარიანტები გვაკმაყოფილებს”, – ამბობს ზაქაიძე და აღნიშნავს, რომ კომპანიამ უარი თქვა დამატებით სასამართლო პროცესებსა და  ზარალზე.

თბილისის მერმა კახა კალაძემ კი დღეს, 25 იანვარს თქვა, რომ ინვესტორთან მოლაპრაკების შედეგად ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტი” არ აშენდება. თუმცა არ დაუკონკრეტებია მოლაპარაკების უფრო კონკრეტული დეტალები, მათ შორის ის, თუ რის სანაცვლოდ ამბობს ინვესტორი უარს ვაკის პარკში სასტუმროს აშენებაზე.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის 16 იანვარს ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით ძალაში დატოვა თბილისის მერიის 2013 წლის 24 ივლისის (მერი – გიგი უგულავა) განკარგულება, რომლითაც ილია ჭავჭავაძის გამზირის #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დამტკიცდა. სასამართლო პროცესის შემდეგ ინვესტორი აცხადებდა, რომ ის ვაკის პარკში სასტუმროს მაინც ააშენებდა.

სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობას ვაკის პარკში უკვე წლებია, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობოები ეწინააღმდეგებიან. სწორედ მათი აქციების შედეგად შეაჩერა კომპანიამ დაწყებული მშენებლობა. აქტივისტები სამშენებლო ტექნიკას მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმეწლიანი სასამართლო დავა ინვესტორის სასიკეთოდ გადაწყდა, თბილისის ამჟამინდელმა მერიამ თქვა, რომ ვაკის პარკში მშენებლობას არ დაუშვებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი