ახალი ამბები

ვენესუელის არმიამ მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა

25 იანვარი, 2019 • 1521
ვენესუელის არმიამ მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა

ვენესუელის არმიამ, რომელსაც გენერალი ვლადიმირ პადრინო ლოპესი მეთაურობს, სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, პრეზიდენტ მადუროს ერთგულება საჯაროდ კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ლოპესს, არმიის გენერლის გარდა, ვენესუელის თავდაცვის მინისტრის პოსტი უკავია და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია.

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ 23 იანვარს პრეზიდენტი ნიკოლას მადურო არალეგიტიმურად, საკუთარი თავი კი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებამდე. მან პოლიციასა და არმიას ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პარალელურად, კარაკასის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა მადუროს წინააღმდეგ.

გენერალმა ლოპესმა გუაიდოს ქმედებები დაგმო და თქვა:

“ჩვენ აქ ვართ, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი ვენესუელელებს შორის. ვენესუელის პრობლემები უნდა მოგვარდეს დიალოგით და არა – სამოქალაქო ომით”.

ლოპესის ვიდეომიმართვა სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა. მის უკან იდგნენ ქვეყნის სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები. გენერლისვე განცხადებით, ვენესუელელებმა მადურო “კანონიერი” არჩევნებით აირჩიეს, თუმცა ამას არ ეთანხმება ქვეყნის ოპოზიცია, რომელიც მადუროს ავტორიტარიზმში ადანაშაულებს და, შესაბამისად, მის ლეგიტიმურობას არ ცნობს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ოფიციალურად აღიარა ვენესუელის დროებით პრეზიდენტად. ტრამპის გადაწყვეტილების კვალდაკვალ, გუაიდოს მხარდაჭერა გამოუცხადა მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც. რაც შეეხება რუსეთს, თურქეთსა და ჩინეთს, ისინი ვენესუელის პრეზიდენტანდ მადუროს უჭერენ მხარს.

2013 წელს გაპრეზიდენტების შემდეგ მადუროს ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების დარღვევაში. ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია. ბოლო არჩევნებს, რომლის შედეგადაც მადურო ქვეყნის მმართველად დარჩა, გაყალბებულად მიიჩნევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი