ახალი ამბები

გეგა გეგეშიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

25 იანვარი, 2019 • 1515
გეგა გეგეშიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. ინფორმაციას ნეტგაზეთს მისი ადვოტაკი, ირმა ჭკადუა უდასტურებს.

მისი თქმით, 5000-ლარიანი გირაო, რომლის სანაცვლოდაც სასამართლომ გეგეშიძე გაათავისუფლა, უკვე გადახდილია.

გეგეშიძე შსს-მ 22 იანვარს დააკავა. გამოძიება მას  სპორტის სასახლეში ძალადობას ედავება. გეგეშიძეს ბრალი  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრნატ მოსამართლესთან. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გეგეშიძე წარდგენილ ბრალს არ იზიარებს.

გარეკანი ფოტო: გეგა გეგეშიძის ფეისბუკ გვერდი

მასალების გადაბეჭდვის წესი