ახალი ამბები

შსს: შეპარდმა მაშინ გადმოკვეთა საზღვარი, როცა მის მიმართ ძებნა გამოცხადებული არ იყო

24 იანვარი, 2019 • 1397
შსს: შეპარდმა მაშინ გადმოკვეთა საზღვარი, როცა მის მიმართ ძებნა გამოცხადებული არ იყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეპარდმა, რომელსაც ბრიტანეთის პოლიცია თვეების განმავლობაში ეძებდა, საქართველოს საზღვარი მაშინ გადმოკვეთა, როდესაც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადებული არ იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით,
შსს-მ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით დიდ ბრიტანეთში გასამართლებული ჯეკ შეპარდი, სავარაუდოდ, საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა 2019 წლის იანვარში.

“მონაცემთა დამუშავებით დადგინდა, რომ ჯეკ შეპარდმა 2018 წლის მარტში გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მაშინ როდესაც მის მიმართ საერთაშორისო ძებნა გამოცხადებული არ იყო და არანაირი საფუძველი არ არსებობდა მისი დაკავებისთვის. ქართული მხარის ინიციატივით და ბრიტანულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით, 2019 წლის 12 იანვარს ჯეკ შეპარდის მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა, რის შემდგომაც აქტიურად დაიგეგმა და ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ძებნილი პირის დაკავების მიზნით.

ძებნის გამოცხადებიდან 10 დღეში ჯეკ შეპარდი იძულებული გახდა გამოცხადებულიყო პოლიციაში, რადგან საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შემდეგ, ის ვეღარ გადაკვეთდა სახელმწიფო საზღვარს და, ამავდროულად, მისი დაკავების მიზნით, ქართველი სამართალდამცველების მიერ ინტენსიურად მიმდინარეობდა ოპერატიული ღონისძიებები,” – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისივე თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ პოლიციაში გამოცხადებამდე მან აიყვანა ადვოკატები და მიმართა მედიას, მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ უწყება აგრძელებს საჭირო ღონისძიებების გატარებას და დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავ უწყებასთან თანამშრომლობას მისი ექსტრადირებისთვის.

“რა თქმა უნდა, გვქონდა ინტენსიური თანამშრომლობა და გარკვეული ინფორმაცია მისი სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ, რაც საფუძველი გახდა იმისა, რომ ეს ადამიანი გამოცხადებულიყო სამართალდამცავ ორგანოში. ჩვენ ვიყავით ინიციატორები ბრიტანულ მხარესთან, რომ პირველ რიგში მიგვეწოდებინა ინფორმაცია და იქიდან შესაბამისი ინფორმაცია მიგვეღო, რათა ამ ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენა და დაკავება მოგვეხდინა. შესაბამისად, ჩვენ ვთანამშრომლობდით და დღესაც ვთანამშრომლობთ ბრიტანულ მხარესთან“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

31 წლის შეპარდს 2018 წლის ივლისში დაუსწრებლად მიუსაჯეს 6-წლიანი პატიმრობა სიცოცხლის არაგანზრახ მოსპობისა და გულგრილობის ბრალდებით. შეპარდმა ბრიტანეთი მარტში დატოვა. BBC-ის წყაროს ინფორმაციით, იგი მას შემდეგ თბილისში იმყოფებოდა.

BBC ლონდონში საქართველოს საელჩოზე დაყრდნობით წერდა, რომ შსს ბრიტანეთის საგამოძიებო უწყებებთან უკვე იყო კონტაქტში.

ბრიტანეთში მიმდინარე გამოძიების თანახმად, შეპარდმა გაცნობის საიტზე გაიცნო 24 წლის მის ბრაუნი, რომელთან ერთადაც 2015 წლის 8 დეკემბერს წავიდა პაემანზე; შეპარდმა იმავე საღამოს წაიყვანა ბრაუნი კატერით გასასეირნებლად მდინარე ტემზაზე.

 როგორც თვითონ შეპარდი იხსენებს, თავდაპირველად საჭესთან ის იდგა, თუმცა ცოტა ხანში საჭე ბრაუნს დაუთმო, რადგან შამპანური ჰქონდა დალეული. საქმის პროკურორმა მისი ეს გადაწყვეტილება “ნამდვილ სიგიჟედ” შეაფასა. კატერი მალევე შეეჯახა მდინარეში არსებულ ნარჩენებს, რის შედეგადაც ორივენი მდინარეში გადაცვივდნენ. ბრაუნი წყლიდან უკვე გარდაცვლილი ამოიყვანეს.

შეპარდი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებითაა დამნაშავედ ცნობილი, თუმცა ვერდიქტის გასაჩივრების უფლება აქვს.

ვრცლად ამ თემაზე:

ინტერპოლით ძებნილი ბრიტანეთის მოქალაქე საქართველოში პოლიციას ჩაბარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი