ახალი ამბები

4 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 25 იანვარს კანცელარიასთან აქცია გაიმართება

24 იანვარი, 2019 • 1355
4 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 25 იანვარს კანცელარიასთან აქცია გაიმართება

“4 წლის ნინო სამგლოვიარო აქცია” ამ სახელწოდებით ხვალ, 25 იანვარს 19:00 საათზე ქალთა მოძრაობა კანცელარიასთან აქციას გამართავს. ორგანიზაციის შეფასებით, 4 წლის ბავშვი ოჯახში ძალადობას ემსხვერპლა, ხოლო მომხდარზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა.

“ყველა შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ იცოდა, რომ მას სცემდნენ, უყვიროდნენ და ატირებდნენ სისტემატურად. ამას ადასტურებენ მეზობლები, რომლებიც იძახებდნენ პოლიციას და სოციალურ მუშაკებს. დღეს ჯანდაცვის სამინისტრო უტიფრად ტყუის, რომ ამ ოჯახში პრობლემა არ არსებობდა და თავად კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ,”-აცხადებენ ორგანიზაციაში.

ქალთა მოძრაობა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ძირეულად შესაცვლელია ბავშვზე ზრუნვის სისტემა. “მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაასაჯაროოს საქმის მასალები; დაიწყოს გამოძიება საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ გულგრილობაზე; უფლებამოსილება შეუჩეროს პირებს, ვინც არაჯეროვნად მუშაობდა ამ ოჯახთან და დაიწყოს ძირეული რეფორმები ბავშვთა დასაცავად! გთხოვთ, თან მოიტანოთ ყვავილები და სანთლები,”-წერია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციით, 22 იანვრის დილით ოჯახის წევრებმა სასწრაფო გამოიძახეს. ადგილზე მისულ ბრიგადას ბავშვი გარდაცვლილი დახვდა.

4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. იმავე დღეს ბავშვის დედა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს. 

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო ბავშვის დედითვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

ამავე თემაზე

სისტემური თუ ინდივიდუალური პრობლემა – რას ემსხვერპლა 4 წლის ბავშვი

მასალების გადაბეჭდვის წესი