ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმელი ომბუდსმენი გალელების ინტერესების დასაცავად გამოვიდა

24 იანვარი, 2019 • 2171
სოხუმელი ომბუდსმენი გალელების ინტერესების დასაცავად გამოვიდა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველი ასიდა შაკრილი გალის რაიონში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობს.

“ენგურის გამშვებ პუნქტზე გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც აფხაზეთში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისკენაა მიმართული, გალის რაიონის მცხოვრებთა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებებსაც უნდა ითვალისწინებდეს.

საზღვრის ჩაკეტვა პირველად არ ხდება და ყოველთვის იწვევს მოსახლეობის წუხილს, რდგანაც რაიონის მცხოვრებთა დიდი ნაწილისთვის აღნიშნული საზღვრის გადაკვეთა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც საქართველოში მკურნალობს, ასევე, ხანდაზმული ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე პენსიებსა და დახმარებებს იღებენ. თუმცა აფხაზეთის ხელისუფლება პირველად აღმოჩნდა ასეთი მწვავე რეაქციის პირისპირ”, – ნათქვამია შაკრილის განცხადებაში.

შაკრილი ამბობს, რომ კარანტინის შემოღების პარალელურად, მოსახლეობისთვის ნეგატიური გავლენის შესამცირებლად გააზრებული ზომების მიღება, მეტი დასაბუთება და ანალიზი იყო საჭირო.

ამასთან, აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლიან მიდგომად შეიძლება დასახელდეს, მაგალითად, მკურნალობის საჭიროების მქონე ადამიანებისთვის გადაადგილების ნებართვის გადაწყვეტილება.

ომბუდსმენმა ისაუბრა ასევე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტებზე, რომლებიც საახალწლოდ გალში მშობლებთან ჩავიდნენ და კარანტინის შემოღებისა და შემდგომი გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

როგორც ის ამბობს, ადგილობრივ ადმინისტრაციას უნდა ჰქონოდა მონაცემები იმის შესახებ, რა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდა ხალხი კარანტინის შემოღებით.

ამასთან, თავის განცხადებაში ასიდა შაკრილი გალელების სამრთლებრივი სტატუსის საკითხსაც შეეხო:

“კარანტინთან დაკავშირებული სიტუაცია იმითაც გამწვავდა რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გალის რაიონის მცხოვრებთა სამართლებრივი სტატუსი და დოკუმენტების საკითხი ბოლომდე არ არის გარკვეული მოსახლეობისთვის”.

როგორც ის ამბობს, აღნიშული პრობლემა აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან გალელების მიმართ პოლიტიზებული,  და მოკლევადიანი გადაწყვეტილებების შედეგია, მათი უფლებების საკითხი კი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მწვავდება. შესაბამისად, როგორც ის ამბობს, აფხაზეთის ერთ-ერთ პირველადი ამოცანა უნდა იყოს მათი საკითხების გრძელვადიანი და სამართლიანი გადაჭრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი