მარიო ვარგას ლიოსა საქართველოში სექტემბერში ჩამოვა

თბილისში ცნობილი პერუელი მწერალი, მარიო ვარგას ლიოსა ჩამოვა. ნობელის პრემიის ლაურეატი საქართველოს სექტემბრის შუა რიცხვებში ეწვევა.

თბილისში ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ავტორის შეხვედრები არა მარტო ქართველ, არამედ სომეხ და აზერბაიჯანელ გამომცემლებთან და მთარგმნელებთან. გაიმართება შეხვედრები ქართველ მკითხველთან და სტუდენტებთან.

როგორც შეხვედრის ორგანიზტორები ამბობენ, ავტორთან შეთანხმებით მზადდება სპეციალური კულტურული პროგრამა, რომლის მიზანია მარიო ვარგას ლიოსასთვის ქართული ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება.

1936 წელს პერუში დაბადებული მარიო ვარგას ლიოსა ცნობილია არა მხოლოდ როგორც ლიტერატორი, არამედ როგორც თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი მოაზროვნე. ერთ-ერთი გამორჩეული სამხრეთამერიკელი ავტორი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1990 წელს ის მონაწილეობდა პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის მხარდაჭერით, თუმცა ალბერტო ფუხიმორისთან დამარცხდა.

1993 წელს მწერალმა პერუ დატოვა, ორმაგი მოქალაქეობა მიიღო და ესპანეთში გადასახლდა. მარიო ვარგას ლიოსა 20-მდე რომანის, უამრავი მოთხრობის, სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომისა და პიესის ავტორია. მიღებული აქვს არაერთი პრიზი, მათ შორის, სერვანტესის სახელობის პრემია – ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანურენოვან სამყაროში. 2010 წელს კი გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურაში.

ქართულ ენაზე უკვე თარგმნილი და გამოცემულია ლიოსას ხუთი წიგნი – „ცუდი გოგოს ოინები“, „ვაცის ნადიმი“, „ქალაქი და ძაღლები“, „ხუთი კუთხე“ (გამომცემლობა ინტელექტი; მთარგმნელები ლანა კალანდია, მაკა გოგოლაშვილი), „დეიდა ხულია და სცენარისტი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; მთარგმნელი ამირან გაბესკირია). მიმდინარე წელს ქართველი მკითხველი ავტორის კიდევ ორ ნაწარმოებს გაეცნობა ქართულ თარგმანში – „საუბარი კათედრალში“ (გამომცემლობა ინტელექტი; მთარგმნელი ლანა კალანდია), „ბოლო ჟამის ომი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; მთარგმნელი დოდო ყვავილაშვილი)
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიზანია, მსოფლიო მნიშვნელობის მწერლების ვიზიტებით ხელი შეუწყოს საქართველოს ჩამოყალიბებას როგორც მსოფლიო ლიტერატურული და ინტელექტუალური დისკუსიების პლატფორმად.

ლიოსა საქართველოს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სერვანტესის ინსტიტუტის მოწვევით და გამომცემლობა ინტელექტთან თანამშრომლობით ჩამოდის. ვიზიტის მხარდამჭერია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. პროეექტის სპონსორია სასტუმრო სტამბა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.