ვაჩნაძე მის დაკავებას ადასტურებს, თუმცა ფეხსაცმლის ქურდობის ვერსიას უარყოფს

პოლიტპატიმრის სტატუსით 2012 წელს გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე, რომელიც ამჟამად გერმანიაში იმყოფება, მისი დაკავების შესახებ ცნობას”ნეტგაზეთს”  უდასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ მიზეზი პასპორტთან დაკავშირებით პოლიციასთან შექმნილი პრობლემა იყო.

ვაჩნაძის დაკავების თაობაზე ინფორმაცია დღეს რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა. ისინი მიზეზად ვაჩნაძის მიერ მაღაზიიდან ფეხსაცმლის ქურდობას ასახელებდნენ, რასაც ეს უკანასკნელი უარყოფს.

ვაჩნაძემ “ნეტგაზეთთან” სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ პასპორტთან დაკავშირებით პრობლემა იანვრის შუა რიცხვებში შეექმნა. მისი თქმით, ოჯახთან ერთად ერთ-ერთ კაფეში იმყოფებოდა, საიდანაც ქუჩის მოპირდაპირე მარკეტში გადასვლა გადაწყვიტა, თუმცა ჩანთა, რომელშიც პასპორტიც იდო, არ წაუღია. მისი თქმით, ქუჩაზე გადასვლისას პოლიციამ გააჩერა და მას შემდეგ, რაც პასპორტი ვერ წარადგინა, დააკავა.

“უპასპორტობაზე დამაკავეს: ჩემი შვილი და ცოლი კაფეში შევიყვანე, ბავშვი მყავდა კიოლნის ზოოპარკში. ვაჭამე, დავტოვე კაფეში და გადავედი გზაზე, მარკეტში რაღაცების ყიდვა მინდოდა. გამაჩერა 10-მა პოლიციელმა, საბუთი მაჩვენეო. ჩანთა იქ[კაფეში] მქონდა დატოვებული. [ვუთხარი], აგერ მაქვს, 100 მეტრში მეთქი, ინგლისურად ვუხსნიდი. არ გამომყვნენ, წამოგვყევიო და ჭიდაობას ხომ არ დავუწყებდი? [ვეუბნებოდი], ქუჩაში ხომ არ დავტოვებ-მეთქი… ამაზე თქვეს, წინააღმდეგობას გვიწევსო, დამახტა 10 კაცი, დამადო ბორკილები და წამიყვანეს განყოფილებაში”, – ამბობს ის.

ვაჩნაძის თქმით, სამი დღის მანძილზე დაკავებული იყო ისე, რომ არც თარჯიმანი ჰყავდა და არც ადვოკატი. მისი განცხადებით, სასამართლომ 500 ევროთი დააჯარიმა. ვაჩნაძე გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ყველა საჭირო დოკუემნტი აქვს და გერმანიაში ყოფნის განმავლობაში დარღვევები არ ჰქონია.

რაც შეეხება ბოტასის ქურდობის ვერსიას, ვაჩნაძის თქმით, ამ ვერსიის შესახებ თავადაც დღეს წაიკითხა.

“პირველად გავიგე, რა ბოტასები. სამი წყვილი ბოტასი მაქვს და ორი წყვილი ფეხსაცმელი, ჩეკებით. ბოტასი რა შუაშია?”, – უთხრა მან “ნეტგაზეთს”.

საქართველოს შსს-ში დაადასტურეს მელორ ვაჩნაძის დაკავება და თქვეს, რომ ინფორმაცია მათ გერმანულმა მხარემ შეატყობინა. თუმცა უწყებას მიზეზების შესახებ არ უსაუბრია. მელორ ვაჩნაძის განცხადებით, მას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია “შკვეთილი სტატიებით ებრძვის”.

მელორ ვაჩნაძემ საქართველო 2018 წლის 28 ნოემბერს დატოვა და გერმანიაში ოჯახთან ერთად გაემგზავრა. როგორც ვაჩნაძე ამბობდა, საქართველო დატოვა ხელისუფლების მხრიდან შურისძიების შიშით. როგორც ვაჩნაძემ რუსთავი 2-ს გერმანიაში გამგზავრებამდე უთხრა, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში დაიბარეს, სადაც ესაუბრა დათო პაპაშვილს, სამმართველოს უფროსის მოადგილეს, და მასთან საუბარი ჩაიწერა, რადგან მიაჩნდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა.

“მეორე დღეს მივედი და ვუთხარი, მე თქვენ ჩაგწერეთ და ამას სააშკარაოზე გამოვიტან, თუკი თავს არ დამანებებთ”, – რაზეც პასუხად, ვაჩნაძის თქმით, მუქარა მიიღო: “იარაღის ჩადება დამიპირეს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან