ახალი ამბებიეკონომიკა

პარლამენტარი კაკულია უმუშევრობის კომპენსაციის იდეით გამოდის

24 იანვარი, 2019 • 2256
პარლამენტარი კაკულია უმუშევრობის კომპენსაციის იდეით გამოდის

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ ემხრობა ქვეყანაში უმუშევრობის კომპენსაციის შემოღებას და ამ საკითხზე სამომავლოდ იმუშავებს, თუმცა ამბობს, რომ ეს მისი პირადი იდეაა, რომლის “მყისიერად შემოღების უნარი დღეს მთავრობას არ გააჩნია”.

ეს განცხადება კაკულიამ 24 იანვარს გააკეთა საქსტატის მიერ დასაქმებულთა აღრიცხვის მეთოდოლოგიის ცვლილებების შეფასების შემდეგ.

“[საქართველოს] გამოწვევა არის უმუშევრობა, მაგრამ მისი დაძლევა ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული ქვეყნისათვის ძალიან ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული”, – თქვა პარლამენტარმა.

“ამიტომ ვახსენე უმუშევრობის კომპენსაცია, რომლის მყისიერად შემოღების უნარი დღეს მთავრობას არ გააჩნია, მაგრამ უნდა შევკრათ ეს ციკლი, უნდა გვქონდეს პასუხი იმ ადამიანისთვის, რომელიც კონკურენციაში, დავუშვათ, არასაკმარისი უნარების გამო დაკარგავს სამსახურს. მის მიმართ რა პასუხი გვაქვს? “რა ვქნათ, საბაზრო ეკონომიკაა და შენთვის პასუხი არა გვაქვს”? ეს პასუხი ძალიან მძიმეა, ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარეობს, მაგრამ ვფიქრობ, თუნდაც სიმბოლურად, თავიდან უნდა შეიქმნას უმუშევრობის კომპენსაცია”, – უთხრა კაკულიამ ჟურნალისტებს.

კაკულიას თანახმად, როდესაც სახელმწიფო მიაღწევს ეტაპს, სადაც უმუშევრობის კომპენსაცია შესაძლებელი იქნება და კონკურენციის გამო უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს უფასო სწავლებას შესთავაზებენ პრიორიტეტული მიმართულებით, “მაშინ შეგვეძლება ვთქვათ, რომ დავიწყეთ ეკონომიკის განვითარების რეალური მოდელით სარგებლობა”.

კაკულიამ ხაზი გაუსვა, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა და დასძინა: “დღეს ბიუჯეტს ამის საშუალება არა აქვს”. თუმცა ისიც თქვა, რომ “მომავალში შესაძლებელია გაჩნდეს ეს მუხლი”.

მე ძალიან ბევრ ისეთ ხარჯს ვხედავ, რომლის შემცირებაც, ჩემი აზრით, შესაძლებელია. არამყისიერად, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვიმუშავებ ფინანსთა სამინისტროსთან სამომავლოდ, ეკონომიკის მინისტრმაც იცის ჩემი მოსაზრება, რომ ჩვენ ეს პუნქტი, თუნდაც იმ ადამიანებისთვის საწყის ეტაპზე, რომლებსაც აქვთ სამუშაო და დაკარგავენ მას იმის გამო, რომ კონკურენციაში ვეღარ შევლენ სხვა საწარმოებთან, რომლებიც შესაძლებელია, გაჩნდნენ სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ, შესაძლებელია, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები გვაქვს ძალიან ბევრ ქვეყანასთან, მათთვის ჩვენ პასუხი უნდა გვქონდეს”, – თქვა კაკულიამ.

მან აგარის შაქრის ქარხნის მუშების მაგალითი მოიყვანა. “აგარის შაქარი” რამდენიმე თვე იყო გაჩერებული. ქარხნის მფლობელები აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი კონკურენციას ვერ უწევდა უცხოურ დაბალხარისხიან პროდუქციას ფასების გამო.

“რა პასუხი გვქონდა ჩვენ აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომლებისთვის, რომლებიც სახლში წავიდნენ? არაფერი. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ეს თანხა არ იყოს ისეთი, რომელიც ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს, მაგრამ რაღაციდან უნდა დავიწყოთ”, – განაცხადა კაკულიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი