სოხუმი ნიკოლას მადუროს მხარდაჭერას უცხადებს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებზე ვაშინგტონის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აბსოლუტურად დაუშვებელია ვენესუელას შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობები.

“ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის დამახასიათებელი ცინიკურობით, აშშ-ის ხელისუფლება უცერემონიოდ ერევა სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში და ისედაც რთული სიტუაციის ესკალაციას ახდენს. მსგავსი განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა ღია მოწოდება სახელმწიფო გადატრიალებაზე.

აფხაზეთის რესპუბლიკა სრულ მხარდაჭერას უცხადებს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს და იმედოვნებს, რომ ვენესუელაში წარმოქმნილი შიდაპოლიტიკური კრიზისი ისეთი გზით გადაიჭრება, რომელიც კონსტიტუციის ფარგლებს არ გასცდება “, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ვენესუელაში ნიკოლას მადუროს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ, რომელიც ოპოზიციის აქციის ორგანიზატორია, 23 იანვარს თავი მოქმედ პრეზიდენტად გამოაცხადა.

პირველი ქვეყანა, რომელმაც ხუან გუაიდოს, როგორც გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტის, ლეგიტიმაცია ცნო, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ამის შემდეგ ოპოზიციის ლიდერი დროებით პრეზიდენტად აღიარეს კანადამ, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა, მხარდამჭერი განცხადება გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

საქართველომ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა.

ელ-სალვადორისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ლიდერები ერთმანეთს ვენესუელაში, ნიკოლას მადუროს ინაუგურაციაზე შეხვდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი