ახალი ამბები

გუაიდო VS მადურო: ვინ ვისკენაა მსოფლიოს გარშემო?

24 იანვარი, 2019 • 2441
გუაიდო VS მადურო: ვინ ვისკენაა მსოფლიოს გარშემო?

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერსა და ქვეყნის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს, რომელმაც თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. პარალელურად, რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებიდან მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მხარდამჭერი გზავნილებიც ისმის.

მხარდაჭერა და აღიარება გუაიდოს

პირველი ქვეყანა, რომელმაც გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ვენესუელელმა ხალხმა მადუროს უარი უთხრა.

“ვენესუელელმა ხალხმა გამბედავად აიმაღლა ხმა მადუროსა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ, მოითხოვა თავისუფლება და კანონის უზენაესობა”, – აღნიშნა მან და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, ოპოზიციის ლიდერი დროებით აღიარონ პირველ პირად.

ამის შემდეგ ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ვენესუელა წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს აშშ-თან და ვაშინგტონს მოუწოდა, მისი დიპლომატები ქვეყნიდან გაიყვანოს. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საპასუხოდ თქვა, რომ აშშ ამას არ იზამს.

ოპოზიციის ლიდერი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად კანადამაც აღიარა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, კრისტია ფრილანდის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქვეყანა მხარს უჭერს გუაიდოს რწმენას, მართოს ვენესუელა თავისუფალი და ღია საპრეზიდენტო არჩევნებით. კანადა მოუწოდებს მადუროს, ძალაუფლება დათმოს.

გუაიდო სამხრეთ ლათინური ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანამ აღიარა. შესაბამის დეკლარაციას ხელი მოაწერეს “ლიმას” ჯგუფში შემავალმა ქვეყნებმა, მათ შორის, არგენტინამ, ბრაზილიამ, ჩილემ, კოლუმბიამ, კოსტა რიკამ, გვატემალამ, ჰონდურასმა, პარაგვაიმ და პერუმ.

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს დროებით პრეზიდენტად საქართველოც აღიარებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ  “სრულ ნდობას უცხადებს ხალხის მიერ არჩეულ ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოს, ეროვნულ ასამბლეას”.

ვენესუელის მოვლენებს “ტვიტერით” გამოეხმაურა ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ “ევროპა გაერთიანდება ვენესუელის დემოკრატიული ძალების მხარდასაჭერად”. მისი თქმით, მადუროსგან განსხვავებით, “საპარლამენტო ასამბლეას, მათ შორის, ხუან გუაიდოს, დემოკრატიული მანდატი აქვს ვენესუელის მოქალაქეებისაგან”.

განცხადება ევროკავშირმაც გაავრცელა. გაერთიანებას გუაიდო არ უღიარებია, თუმცა ვენესუელის ოფიციალურ პირებს მოუწოდა, პატივი სცენ ოპოზიციის ლიდერის სამოქალაქო უფლებებს, თავისუფლებასა და უსაფრთხოებას. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვენესუელელებს აქვთ მშვიდობიანი პროტესტის, ლიდერთა არჩევისა და მომავლის განსაზღვრის უფლება.

ვენესუელის პროტესტის “ტვიტერზე” შეფასებისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კვლავ ხაზი გაუსვა მადუროს არჩევის არალეგიტიმურობას და მის წინააღმდეგ აქციების მონაწილეებს გამბედაობა მოუწონა.

ლოიალური გზავნილები მადუროს მიმართ

ოპოზიციისადმი ფართო საერთაშორისო მხარდაჭერის ფონზე, რამდენიმე სახელმწიფომ ნიკოლას მადუროს მხარდამჭერი გზავნილებიც გაახმიანა.

რუსეთი მადუროს ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად მოიხსენიებს და აშშ-ს ვენესუელაში ძალაუფლების უზურპაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

არაერთი სახელმწიფოს მიერ არალეგიტიმურად აღიარებული მადურო თურქეთის პრეზიდენტმაც გაამხნევა. “ძმაო მადურო, მყარად იდექი!” – ციტირებს რეჯეფ თაიფ ერდოღანს მისი სპიკერი “ტვიტერზე”.

ვენესუელის მთავრობას მხარდაჭერა ჩინეთმაც აღუთქვა. ქვეყნის საგარეო  უწყებამ ასევე გააკრიტიკა “საგარეო ჩარევა” ქვეყნის შიდა პოლიტიკაში.

ნიკოლას მადუროს მიმართ სამხრეთ ამერიკის რამდენიმე მთავრობა ამ დრომდე ლოიალური რჩება. მათ შორის არიან კუბა და ბოლივია. მექსიკამ კი, სადაც მემარცხენე ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა პრეზიდენტის პოსტი გასულ წელს ჩაიბარა, მადუროსადმი წინა მთავრობის საწინააღმდეგო კურსი შეცვალა და აღნიშნავს, რომ ჩაურევლობის პოლიტიკას გაჰყვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი