თამარ მოდებაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა გამოკვეთილი არაა – კონსული

50 წლის ქართველი მხატვარი თამარ მოდებაძე იტალიის ქალაქ ნეაპოლში მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა, რომელიც გარდაცვლილის მეგობრებს ესაუბრა იტალიაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და საგარეო საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ცხედარი ნეაპოლის ექსპერტიზაზეა გადასვენებული, ხოლო გამოძიებას ადგილობრივი პოლიცია აწარმოებს.

შსს დამატებით დეტალებს ჯერჯერობით არ ფლობს, ხოლო საგარეოში გვითხრეს, რომ იტალიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა თამარ მოდებაძის ოჯახთან.

იტალიაში საქართველოს კონსულმა, თამთა რჩეულიშვილმა რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა სამართალდამცველებთან და დეტალებზე საუბარი ექსპერტიზის დასრულებამდე შეუძლებელია.

კონსულის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ეჭვმიტანილი გამოკვეთილი არ არის:

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპზე იკითხებიან მეზობლები, ადგილობრივები… ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია ეჭვმიტანილის თაობაზე და ამ ამბებზე არ არსებობს.”

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი მხატვარი, რომელსაც 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ, ნაწამებია. იტალიაში მცხოვრები ქართველები რუსთავი 2-თან საუბრისას აცხადებენ, რომ დაკარგულია თამარ მოდებაძის თანხა და საბუთები. ამის გამო ისინი ვარაუდობენ, რომ მკვლელობის ერთ-ერთი სავარუდო მიზეზი ძარცვაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.