ახალი ამბებიეკონომიკასაზოგადოება

სად და როგორ დაბანდდება საპენსიო შენატანებზე დაგროვილი თანხა

24 იანვარი, 2019 • 2520
სად და როგორ დაბანდდება საპენსიო შენატანებზე დაგროვილი თანხა

ამ დრომდე უცნობია,როდის დაიწყებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო მუშაობას, სწორედ ის არის საპენსიო აქტივების ინვესტირებაზე პასუხისმგებელი.

კანონის მიხედვით, საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატები კონკურსით შეირჩევიან, ხოლო შემდეგ მათ პარლამენტი ამტკიცებს. საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ვაკანსიის შესახებ ინფორმაციას Economist-სა და Finanacial Times-ში გამოაქვეყნებენ. მისივე თქმით, საბჭო მეტწილად უცხოელი წევრებით დაკომპლექტდება.

კანონში არ წერია, სააგენტოს მუშაობის დაწყებიდან რამდენ ხანში უნდა შეიქმნას შესარჩევი კომისია და როდის უნდა დაიწყოს საინვესტიციო საბჭომ მუშაობა. სააგენტოს დირექტორის თქმით, ეროვნულ ბანკსა და პარლამენტს შესარჩევი კომისიის წევრების დასახელების თხოვნით უკვე მიმართეს.  

“ეს საკითხი ჯერჯერობით პრობლემას არ წარმოადგენს, დრო გვაქვს. ახლა დავიწყეთ [საპენსიო] შენატანების მიღება. საინვესტიციო საქმიანობის დაწყებასაც გარკვეული თანხის შეგროვება სჭირდება. ზოგადად არ ველოდებით ამ პროცესის გახანგრძლივებას. სავარაუდოდ, მარტში ჩვენ უკვე უნდა გვყავდეს საინვესტიციო საბჭო”,-აცხადებს სურგულაძე.

როგორ იმუშავებს საინვესტიციო საბჭო

კანონის მიხედვით, საინვესტიციო საბჭო 5 წევრისგან შედგება და მის წევრებს პარლამენტი 5 წლის ვადით ამტკიცებს. მანამდე იქმნება საინვესტიციო საბჭოს წევრთა შესარჩევი კომისია. შესარჩევი კომისიის წევრები არიან ფინანსთა; ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრები, ასევე პარლამენტის 3 წევრი და კიდევ ერთი დამოუკიდებელი წევრი, რომელსაც ეროვნული ბანკი წარადგენს. შესარჩევი კომისია მიღებულ  განცხადებებს განიხილავს, ასევე იქნება გასაუბრების ეტაპი. ამ პროცესის დასრულების შემდეგ კომისია შერჩეულ 5 წევრს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს.

ლევან სურგულაძის თქმით, შესარჩევი კომისია გაითვალისწინებს კანდიდატის საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილებას. ასევე, ერთ-ერთი მოთხოვნა საპენსიო ფონდებში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებაც იქნება. როგორც სააგენტოს დირექტორი ამბობს, ამ ფონდებში ყურადღება ექცევა გრძელვადიან და დაბალრისკიან ინვესტიციებს და ეს მიმართულება ქართული საპენსიო სააგენტოსთვისაც მნიშვნელოვანია.

საინვესტიციო საბჭოს ხუთივე წევრის ანაზღაურება საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტიდან, ანუ საპენსიო დანაზოგებიდან მოხდება. ამასთან, საინვესტიციო საბჭოს წევრების მიერ არჩეული თავმჯდომარე სამ მინისტრთან ერთად სამეთვალყურეო საბჭოშიც შევა, რომელიც სააგენტოს მაკონტროლებელი ორგანოა. 

ინვესტიციების კუთხით იქმნება საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობაც, რომელიც აყალიბებს საინვესტიციო სამსახურს. ამავე დროს, საინვესტიციო საბჭო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს შეიმუშავებს, რომელსაც ცვლილების შეტანის გარეშე დაამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო. ოფიცერს საინვესტიციო საბჭოს წარდგინებით სააგენტოს დირექტორი ნიშნავს. სურგულაძის თქმით, საბჭოს მიერ გაწერილ საინვესტიციო პოლიტიკას, საინვესტიციო სამსახურის მეშვეობით, ოფიცერი აღასრულებს.

“ჩვენთან უკვე დამტკიცებულია რისკის კონტროლის სტრუქტურა. ეს იქნება ისეთივე დამოუკიდებელი ორგანო, როგორიც არის საინვესტიციო საბჭო. ამ სტურქტურაში სამი ადამიანისგან შემდგარი რისკის კომიტეტი იმუშავებს. მათ ქვემოთ იქნება მთავარი რისკის ოფიცერი. ეს სტრუქტურა თითოეული ტრანზაქციის დონეზე გააკონტროლებს საინვესტიციო საქმიანობას. ასევე გამოავლენს იმ რისკებს, რომლებიც თითოეულ ტრანზაქციას ახლავს. რაოდენობრვად შეაფასებს და მთლიანობაში გამოთვლის პორტფელის მთლიან რისკს. ისინი ამას შეადარებენ იმ რისკის პროფილს, რომელიც საინვესტიციო პოლიტიკაში იქნება გაწერილი,”-აცხადებს ლევან სურგულაძე.

სად დაიხარჯება საპენსიო სააგენტოში დაგროვილი თანხა

ლევან სურგულაძე ამტკიცებს, რომ საპენსიო სააგენტოს ფული არ დაიხარჯება პროექტებსა და სტარტაპებზე. მისი დახარჯვა ძირითადად ფასიან ქაღალდებში მოხდება. დირექტორის თქმით, ფული ქართულ კომერციულ ბანკებსაც მოხმარდება. ამისთვის, შესაძლოა, სააგენტოს ფული გარკვეული პერიოდით ბანკში დარჩეს, რათა ლიკვიდობის დონე შენარჩუნდეს. 

“პირველი ხუთი წლის განმავლობაში დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი უნდა შეიქმნას. ეს შეიძლება ნაწილობრივ იყოს სახაზინო ვალდებულებები, ეს შეიძლება იყოს ევრობონდები. მაგალითად, ევრობონდები საქართველოში რკინიგზას აქვს გამოშვებული. თანხის გარკვეული ნაწილი შესაძლოა ობლიგაციაშიც განთავსდეს,”-ამბობს სურგულაძე.

სააგენტოს დირექტორი განმარტავს, რომ ინვესტირების პროცესი ინვესტორთა საბჭოს შექმნისთანავე დაიწყება. ამ შემთხვევაში კანონით არ არის განსაზღვრული, რამდენ თვეში/წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს თანხის ინვესტირება.

კითხვაზე, რით იქნება დაზღვეული მოქალაქეების საპენსიო შენატანებით განხორციელებული ინვესტიციები? სურგულაძის მტკიცებით, რისკის შესამცირებლად შექმნა სააგენტომ რისკის კომიტეტისა და ოფიცრის სტრუქტურები.

“პროცედურის მიხედვით, საინვესტიციო საბჭო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს დაწერს. ამის შემდეგ ოფიცერი თავის სამსახურთან ერთად შეისწავლის, რა ინსტრუმენტებია ბაზარზე. შემდეგ მოახდენენ ამ საპენსიო დანაზოგებით ამ ინსტრუმენტების (ფინანსური ქაღალდების) შეძენას დივერსიფიცირებულად. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა იყოს ცოტ-ცოტა და ბევრ აქტივებში განთავსებული. სწორედ ამით მოხდება რისკის შემცირება.”

უკვე განხორციელებული ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია ღია იქნება, ის ასევე მოხვდება საპენსიო სააგენტოს დირექტორის წლიურ ანგარიშშიც.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ანალისტიკოსი, ეკონომისტ ბესო ნამჩავაძის თქმით, ინვესტირების მიზანია, რომ შენატანების გარდა, ამ თანხას საპროცენტო შემოსავალი დაემატოს და კიდევ უფრო მეტი დაგროვდეს იმ დროისთვის, როცა ადამიანი პენსიაზე გავა. ნამჩავაძეს მიაჩნია, რომ საპენსიო შენატანების ინვესტიციებით მთავრობა საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას შეეცდება. 

“ყველაზე მეტი კითხვა ზოგადად მსგავსი საპენსიო ფონდების შემთხვევაში ჩნდება ინვესტიციების მართვასთან დაკავშირებით. კანონით განსაზღვრულია, რომ საპენსიო სააგენტოში დაგროვილი თანხა მაღალრისკიან და დაბალრისკიან აქტივებში დაიხარჯება, თუმცა ბუნდოვანია, ამ რისკების შეფასება როგორ მოხდება. სავარაუდოდ, მათი მიდგომით სახელმწიფოს ფასიანი ქაღალდი უფრო დაბალრისკიანი იქნება, ვიდრე რომელიმე კომპანიის. ამასთან, ჩვენთან რისკების შესაფასებლად კომპანიების საკრედიტო რეიტინგი არ არსებობს. ზოგადად, სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები დაბალრისკიანად ითვლება, რადგან მთლიანად სახელმწიფო უნდა გაკოტრდეს, რომ ამ კუთხით რაიმე საფრთხე შეიქმნას. ვფიქრობ, დაგროვილი თანხის გარკვეული ნაწილი კომერციულ ბანკებში დეპოზიტების სახითაც განთავსდება,”-აცხადებს ნამჩავაძე.

ეკონომისტი ინვესტიციების მართვის კუთხით ორ რისკს გამოყოფს:

  1. რამდენად კარგად მოხდება ამ თანხის მართვა;
  2. რეფორმის გრძელვადიანობიდან გამომდინარე, ეკონომიკური სტაბილურობისა და ინფლაციის დონე;

ნამჩავაძე განმარტავს, რომ მთავრობა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს აიძულებს საპენსიო დანაზოგის გაკეთებას, თუმცა ამ თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას არ იღებს, ანუ ამ თანხას შიდა ვალად არ აღიარებს. რაც შეეხება საინვესტიციო საბჭოს უცხოელი წევრებით დაკომპლექტების საკითხს, TI-ის წარმომადგენელი დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს კორუფციის რისკებს შეამცირებს.

“კარგი იქნება, საინვესტიციო საბჭოში სულ უცხოელი წევრები იყვნენ და სააგენტოს დირექტორიც უცხოელი ყოფილიყო. ეს საქართველოა, ნეპოტიზმი, პოლიტიკური კავშირები… ამ საპენსიო შენატანებზე ძალიან ბევრი თანხა დაგროვდება, მილიარდობით ლარი. ბევრ ბიზნესმენს გაუჩნდება სურვილი, ეს ფული მიიღოს. ეს ბანკის სესხთან შედარებით, ბევრად უფრო “იაფი ფული” იქნება. შეიძლება პრივილეგირებულ მდგომარეობაში ის ბიზნესმენები აღმოჩნდნენ, ვინც შემდეგ სახელისუფლებო პარტიას დააფინანსებს. ამის ყველაზე კარგი მაგალითი სახელმწიფო შესყიდვებია. იქ არის ძალიან დიდი კორელაცია “ქართული ოცნების” ფულის შემწირველებსა და მოგებულ ტენდერებს შორის”, – ამბობს ბესო ნამჩავაძე.

საქართველოს პარლამენტმა “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონი 21 ივლისს მესამე მოსმენით მიიღო. “დაგროვებითი პენსიების შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის. დასაქმებული გადაიხდის დაუბეგრავი ხელფასის 2%-ს.  2-2%-ს გადაიხდიან დამსაქმებელი და სახელმწიფო.

მასალების გადაბეჭდვის წესი