ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატი შენობის ქირასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

23 იანვარი, 2019 • 2284
სახალხო დამცველის აპარატი შენობის ქირასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის აპარატი სოციალურ ქსელებში ომბუდსმენის ახალი ოფისის ქირასთან დაკავშირებული დისკუსიის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აპარატის ძველი ოფისი ავარიული იყო და თანამშრომლების ნაწილს ჩაბნელებულ და ნესტიან გარემოში უწევდა მუშაობა. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მოსალოდნელი იყო შენობის დაზიანების ხარისხის გაზრდა და მასში საქმიანობის გაგრძელება საფრთხეს შეიცავდა.

“სწორედ ამ მდგომარეობის გამო, 2018 წელს მოგვიხდა რამდენიმე დღით ოფისის საქმიანობის შეჩერება. 2018 წლის აგვისტოდან აპარატი საქმიანობას დავით აღმაშენებლის გამზირზე აგრძელებს. სახალხო დამცველის აპარატის თბილისის ოფისში 150-მდე თანამშრომელი მუშაობს.

შესაბამისად, ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ისეთი შენობა, რომელიც უზრუნველყოფს მინიმუმ ამ რაოდენობის ადამიანთა ნორმალურ სამუშაო პირობებში განთავსებას (2000 კვადრატულ მეტრამდე შენობას), რომელსაც ექნება გათბობის და გაგრილების სისტემა, შეხვედრების ოთახი, ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და ადგილმდებარეობა ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეთათვის.

იმ პირობებში, როდესაც მოგვიწია ოფისის დახურვა და აპარატი საქმიანობას თანამშრომელთა დისტანციური მუშაობით აგრძელებდა, 3 შესაძლო შენობა მოვიძიეთ, რომლებიც ყველა მინიმალურ მოთხოვნას აკმაყოფილებდა, და მათ შორის ყველაზე იაფი შევარჩიეთ (მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ არ დასჭირდებოდა სარემონტო ხარჯების გაღება).

აპარატმა საკმაოდ დიდი ენერგია და დრო დახარჯა ახალ შენობაში ინვენტარის გადასატანად, ელექტრონული ქსელის ასაწყობად, საკომუნიკაციო საშუალებების გასაყვანად. ოფისი ჯერ კიდევ უამრავი ყოფითი პრობლემის პარალელურად საქმიანობს. უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის აპარატს ქირისთვის თანხა 2018 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გადმოეცა, 2019 წლიდან კი ქირას აპარატი საკუთარი ბიუჯეტიდან იხდის”, – წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადებით, მიუღებელია ის ფაქტი, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელ ორგანოს არა აქვს საკუთარი შენობა და აპარატი პერიოდულად დგება ღია ცის ქვეშ დარჩენის რისკის ქვეშ. ასევე, გაუმართლებლად მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან აპარატის ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი თანხის 1/6, რაც უნდა მოხმარებოდა ინსტიტუტის შესაძლებლობების და საქმიანობის გაძლიერებას, ოფისის ქირაზე იხარჯება:

“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ აპარატმა არ შეწყვიტოს ფუნქციონირება და მომსახურება და დახმარება გაუწიოს ათი
ათასობით მოქალაქეს, ჩვენი ბიუჯეტის ფარგლებში მაქსიმალური ეკონომიის გაკეთება გვიწევს. არსებული საბიუჯეტო წელი ისე დავგეგმეთ, რომ თანამშრომელთა ხელფასების მინიმალური გაზრდაც ვერ მოვახერხეთ და მრავალდაგეგმილ პროექტზე მოგვიწია უარის თქმა. დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ მიმართებით დახმარების სურვილს გამოხატავენ. სამწუხაროდ, შექმნილი ვითარება არის არა ჩვენი არჩევანი, არამედ ამ ეტაპზე ჩვენ ხელთ არსებული ერთდერთი გამოსავალი”, – წერია განცხადებაში.

ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შენობის პრობლემის მოსაგვარებლად სახალხო დამცველის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია სახელმწიფო უწყებებთან და განიხილება ყველა შესაძლებლობა: რომელიმე არსებული ფართი, ძველი შენობის რესტავრაცია, მიწის ნაკვეთის გადმოცემა და შენობის აშენება:

“ამ მიზნით სახელმწიფომ ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობა შემოგვთავაზა, რომლის ექსპერტიზაც ჩატარდა და, სამწუხაროდ, ავარიული აღმოჩნდა. ამავდროულად, მიმდინარე რეჟიმში განვიხილავთ რამდენიმე მიწის ნაკვეთის შეძენას და მასზე შენობის აშენების შესაძლებლობას (თითოეულ ნაკვეთთან მიმართებით ხდება საკითხის წინასწარ შესწავლა, რამდენად არის მშენებლობა ნებადართული, რამდენი კვადრატული შენობის აშენებაა შესაძლებელი, ხომ არ არსებობს მესამე პირთა პრეტენზიები აღნიშნულ ფართზე და ა.შ.).

უახლოეს დღეებში იგეგმება სახალხო დამცველის შეხვედრა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან, ასევე, სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს პარლამენტს, უახლოეს პერიოდში მოიწვიოს შესაბამისი კომიტეტის სხდომა, დაიბაროს პასუხისმგებელი პირები და მოითხოვოს ახსნა-განმარტება, თუ რა ნაბიჯები იდგმება სახალხო დამცველის აპარატის შენობით უზრუნველსაყოფად. ასევე აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებთან. სახალხო დამცველი მადლობას უხდის ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციას ამ პროცესში მხარდაჭერისა და ხელისუფლების წინაშე პრობლემის მწვავედ წარმოჩენისთვის”, – წერია განცხადებაში.

ომბუდსმენის აპარატში იმედს გამოთქვამენ, რომ სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებული ადამიანებისთვის ფინანსური და ტექნიკური თვალსაზრისით დიდ ტვირთს, და ხშირ შემთხვევაში შეფერხების საგანს, გარკვეული პირები არ გამოიყენებენ ისევ სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობის დისკრედიტაციისათვის.

სახალხო დამცველის აპარატის შენობის საკითხი სოციალურ ქსელებში განიხილება. აპარატს აკრიტიკებენ შენობის ქირის სახით ყოველთვიურად 34 000 აშშ დოლარის გადახდის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი