ახალი ამბები

დღევანდელი გადმოსახედიდან ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი – უგულავა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე

23 იანვარი, 2019 • 1443
დღევანდელი გადმოსახედიდან ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი – უგულავა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილებას ამ გადმოსახედიდან არ მიიღებდა.

“დღევანდელი გადმოსახედიდან მე ამ გადაწყვეტილებას [ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა] არ მივიღებდი მიუხედავად იმისა, რომ სამართლებლივად მაშინდელი გადაწყვეტილება იყო სწორი და ამ უსამართლო სასამართლოსაც მოუწია ამის აღიარება”, – თქვა გიგი უგულავამ დღეს, 23 იანვარს.

მან თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე გააკრიტიკა და თქვა, რომ მას შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა მარტივად შეუძლია.

“გამოსავალი არის ზეპარტიული ფონდის ჩამოყალიბება, რომელიც მეც, კალაძესაც და თითოეულ დაინტერესებულ პირს მისცემს შესაძლებლობას, ვიმუშაოთ, ფული შევაგროვოთ, ჩამოვაყალიბოთ ფონდი და გამოვისყიდოთ ტერიტორია, რომელიც 90-იან წლებში იყიდეს შევარდნაძის ნათესავმა მამუკა შევარდნაძემ და ოცნებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა გიორგი კაპანაძემ, იგივე რიჟამ. მეტიც, ეს ადამიანები დღემდე ფლობენ ამ ტერიტორიას”, – თქვა გიგი უგულავამ.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 16 იანვარს ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით ძალაში დატოვა თბილისის მერიის 2013 წლის 24 ივლისის (მერი – გიგი უგულავა) განკარგულება, რომლითაც ილია ჭავჭავაძის გამზირის #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დამტკიცდა.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებიდან მალევე, თბილისის უკვე ამჟამინდელმა მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. თუმცა მერიაში ჯერჯერობით არ იციან, როგორ უნდა შეაჩერონ მშენებლობა.

ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ მძლავრი საპროტესტო აქციები თვეების განმავლობაში იმართებოდა, რის გამოც მშენებლობის დაწყება ვერ მოხერხდა. აქტივისტები ამბობენ, რომ მშენებლობას არც ამჯერად დაუშვებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი