ახალი ამბები

ბატიაშვილი აქციაზე მყოფ მოჭიდავეებს მოუწოდებს, შეწყვიტონ პროტესტი და გააგრძელონ ვარჯიში

23 იანვარი, 2019 • 1407
ბატიაშვილი აქციაზე მყოფ მოჭიდავეებს მოუწოდებს, შეწყვიტონ პროტესტი და გააგრძელონ ვარჯიში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მოუწოდებს გეგა გეგეშიძის მხარდამჭერ აქციაზე მყოფ სპორტსმენებს, დაუბრუნდნენ დარბაზებს და გააგრძელონ ვარჯიში.

მინისტრის განცხადებით, ჭიდაობის ეროვნული ჩემპიონატის დროს სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამინისტროს პოზიცია ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია და ის არ შეიცვლება:

ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას. ამასთან, დაპირისპირებულ მხარეებს მოვუწოდებთ, დაელოდონ გამოძიების შედეგებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას. ასევე, ვთხოვთ იმ მოჭიდავეებს, რომლებმაც დატოვეს მოსამზადებელი შეკრება და შეწყვიტეს სავარჯიშო პროცესი, დაუბრუნდნენ დარბაზებს და გააგრძელონ საწვრთნელი პროცესი ნაკრების მწვრთნელთა მეთვალყურეობით. მათგან ქართველი გულშემატკივარი, სპორტული საზოგადოება ელის მხოლოდ წარმატებულ ასპარეზობას საერთაშორისო სარბიელზე, რაშიც ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ,” – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

პირველი განცხადება მიხეილ ბატიაშვილმა ინციდენტიდან ერთ კვირაში, 18 იანვარს, გააკეთა. მან აღნიშნა, რომ სამინისტრო მზადაა, მტკივნეული გადაწყვეტილებები მიიღოს.

ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით 22 იანვარს  დააკავეს. ფედერაციის ცნობით, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაწილი დუშეთის შეკრებიდან ჩამოვიდა, ხოლო თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დიღმის პოლიციის სამმართველოსთან შეიკრიბნენ.

მოჭდავეებს შორის იყო ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ “ჭიდაობაც ძალადობაა” და მის კოლეგაზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო არ უნდა დაეჭირათ გეგა გეგეშიძე. თავად ხინჩეგაშვილი რამდენიმე თვის წინ შეუერთდა კამპანიას “ძლიერები არ ძალადობენ”.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანმა და ორგზის ევროპის ჩემპიონმა, ზურაბ დათუნაშვილმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძე რკინის ბლაგვი საგნით თავის გატეხვასა და კორუფციაში დაადანაშაულა, თუმცა პოლიციას ჩვენება არ მისცა. მოჭიდავე ამბობს, რომ არავის დაჭერა სურს და მხოლოდ გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს მთლი თავისი გუნდით. ზურაბ დათუნაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ გამოკითხა.

დეტალები ამ თემაზე:

ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თავში რკინა ჩამარტყა – მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი