ახალი ამბები

ამ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილობის გამო დღეს არ მივიღებდი – უგულავა

23 იანვარი, 2019 • 1943
ამ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილობის გამო დღეს არ მივიღებდი – უგულავა

[შესწორება: ნიუსის თავდაპირეველი ვერსიის სათაური იყო “სამართლებრივად რომ სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, ეს დაადასტურა სასამართლომაც” – უგულავა”. აღნიშნული ნიუსი მომზადდა დამონტაჟებულ ვიდეოზე დაყრდნობით. სრული ჩანაწერის მოსმენის შემდეგ კი მასალა ჩასწორდა. პირვანდელი სათაური იძლეოდა არასწორ წარმოდგენას უგულავას განცხადების მთლიან პათოსზე, რის გამოც ის შეიცვალა.]

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ამბობს, რომ მისი მერობის პერიოდში ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე გაცემული ნებართვა იყო “სამართლებრივად სწორი”, თუმცა ამ გადაწყვეტილებას დღეს არ მიიღებდა.

“დღეს რომ ვიღებდე გადაწყვეტილებას, დღეს მე ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი, არა იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის სამართლებრივად და კანონის შესაბამისად სწორი. აქ დგას მიზანშეწონილობის საკითხი, დღევანდელი გადმოსახედიდან მე ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი მიუხედავად იმისა, რომ ეს სამართლებრივად იყო სწორი და დღეს ამ უსამართლო სასამართლოსაც მოუწია ამის აღიარება”, – თქვა უგულავამ დღეს, 23 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.

თბილისი ყოფილი მერი “ფარისევლობასა” და “ხალხის მოტყუებას” უწოდებს მოქმედი მერის, კახი კალაძის განცხადებებს ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, კალაძე ატყუებს ხალხს, როდესაც ამბობს, რომ მას სხვა გზა არ აქვს.

“ვიმეორებ, გამოსავალი ამ სიტუაციაში არის შემდეგი: სამართლებრივად რომ სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, ეს იცის კალაძემაც და ეს დაადასტურა სასამართლომაც. შესაბამისად, დღეს, მიუხედავად იმისა, რას გვეტყვის კალაძე, მას აქვს სრული ლეგალური შესაძლებლობა, არ განაახლოს ეს მშენებლობა, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდაზე ინვესტორთან და მონახოს საერთო ენა. მას აქვს ბევრი არგუმენტი, მათ შორის, ახალი გენგეგმა, რომელსაც თვითონ ლობირებს”, – თქვა უგულავამ.

მან დედაქალაქის მოქმედ მერს მოუწოდა, გამოვიდეს “მისი ჩრდილიდან”: “ნუ მეზომება, ნუ მეტოლება, თუ რამე კარგს გააკეთებს, მე გამიხარდება.”

უგულავას აღნიშნული განცხადება მოჰყვა კახა კალაძის მხრიდან მის კრიტიკასა დედაქალაქის მართვის პრაქტიკასთან დაკავშირებით. კალაძის თქმით, უგულავას გადაწყვეტილებების უარყოფით შედეგებს თბილისი ახლა იმკის.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 16 იანვარს ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით ძალაში დატოვა თბილისის მერიის 2013 წლის 24 ივლისის (მერი – გიგი უგულავა) განკარგულება, რომლითაც ილია ჭავჭავაძის გამზირის #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დამტკიცდა.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებიდან მალევე, თბილისის უკვე ამჟამინდელმა მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. თუმცა მერიაში ჯერჯერობით არ იციან, როგორ უნდა შეაჩერონ მშენებლობა.

ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ მძლავრი საპროტესტო აქციები თვეების განმავლობაში იმართებოდა, რის გამოც მშენებლობის დაწყება ვერ მოხერხდა. აქტივისტები ამბობენ, რომ მშენებლობას არც ამჯერად დაუშვებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი