ახალი ამბები

თქვენი არჩევანი გადამწყვეტია – დოლიძე და ჯანეზაშვილი მოსამართლეებს მიმართავენ

23 იანვარი, 2019 • 1357
თქვენი არჩევანი გადამწყვეტია – დოლიძე და ჯანეზაშვილი მოსამართლეებს მიმართავენ

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე მოსამართლეებს წერილით მიმართავენ. ისინი საბჭოს უმრავლესობის მიდგომებს კვლავ აკრიტიკებენ, ასევე ამახვილებენ ყურადღებას 26 იანვარს დაგეგმილ მოსამართლეთა კონფერენციაზე და თითოეულ მათგანს სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვისაკენ მოუწოდებენ.

“დღეს სასამართლო ხელისუფლება დგას გზაგასაყარზე: ან სასამართლო იქნება შიდა დემოკრატიულ მმართველობაზე დამყარებული, კანონზე დაფუძნებული სახელმწიფოსა და ხალხის სამსახურში, ან კიდევ უფრო დასცილდება კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის პრინციპებს და გაიზიარებს ერთი ვიწრო ჯგუფის ინტერესებს.

სასამართლოსთან მიმართებაში ყველა ჩვენი მცდელობის ამოსავალი წერტილია ბრძოლა სასამართლოში არაკანონისმიერი გავლენების წინააღმდეგ. ჩვენი მიზანია სასამართლოს შიგნით გავლენების აღმოფხვრა, კეთილისინიდისერი და პროფესიულად ძლიერი მოსამართლეების წარმოჩენა და გაძლიერება. ამრიგად, ჩვენთვის თითოეული კეთილსინდისიერი და კომპეტენტური მოსამართლე ძვირფასია.

ამ გზაგასაყარზე გადამწყვეტია თქვენი არჩევანი. თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს მხარდასაჭერად, გამოხატული ნებისმიერი ფორმით, მნიშვნელოვნად გააძლიერებს ამ მისწრაფებას”, – აცხადებენ ისინი და 26 იანვარს დაგეგმილ კონფერენციასთან დაკავშირებით აღნიშნავენ:

“[კონფერენციის] ერთადერთ საკითხად განსაზღვრულია სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების განხილვა. ამ საკითხთან მიმართებაში მოგმართავთ, რომ დაიცვათ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესი; და გაითვალისწინოთ, რომ ქვეყანას სჭირდება დამოუკიდებელი და, ამავე დროს, ანგარიშვალდებული სასამართლო.

თუმცა ბევრი თქვენგანი შეიძლება იმყოფებოდეს წნეხის, შიდა ცენზურის და თვითცენზურის ქვეშ. შესაბამისად, გვინდა იცოდეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმ მოსამართლის უფლებების დასაცავად, ვისთვისაც ინდივიდუალური დამოუკიდებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კორპორაციული ინტერესი ან ვიწრო ჯგუფის მიმართ ერთგულება”.

წერილი 274 მოსამართლეს ცალ-ცალკე გაეგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი