ახალი ამბები

შეხვედრები ალიევთან და სხვებთან – საქართველოს დელეგაცია დავოსში

23 იანვარი, 2019 • 1336
შეხვედრები ალიევთან და სხვებთან – საქართველოს დელეგაცია დავოსში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პოლიტიკოსებს, კომპანიებისა და კორპორაციების წარმომადგენლებს ხვდება. მხარეები საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალსა და სამომავლო თანამშრომლობას განიხილავენ.

ერთ-ერთი პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შედგა, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც ესწრებოდა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მამუკა ბახტაძემ ალიევთან ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და ერთობლივი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა. ისაუბრეს როგორც ტრანს-ანატოლიური მილსადენის, ისე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტისა და ამ კონტექსტში საქართველოსა და აზერბაიჯანის სატრანზიტო პოტენციალის შესახებ.

“ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის კიდევ უფრო ზრდის პერსპექტივასა და საქართველოსა და აზრბაიჯანის ბიზნესებს შორის კავშირების მეტად გააქტიურებააზე”, – აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

ფორუმის ფარგლებში მამუკა ბახტაძე, ეკონომიკის მინისტრთან ერთად, კანადის საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაციის მინისტრს, ჯიმ კარსაც შეხვდა. პრემიერის აპარატის ცნობით, იმსჯელეს ქვეყნების შესაძლო თანამშრომლობაზე სხვადასხვა სექტორში, ასევე, საქართველოს წინსვლაზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების კუთხით. ისაუბრეს ქვეყნის ჰიდრორესურსებზე, ვაჭრობისათვის აუციელებლი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და “საქართველოს ძალისხმევაზე ამ პროცესში”.

“ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სავაჭრო ტენდენციებს, ასევე, კანადის პოლიტიკას ვაჭრობის დივერსიფიკაციის მიმართულებით. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია ქვეყნის უფრო ეფექტური ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში”, – ვკითხულობთ პრესრელიზში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ კანადამ ქართული მხარე საერთაშორისო გამოფენაზე მიიწვია, რომელშიც ბუნებრივი რესურსების მომპოვებელი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს საინვესტიციო გარემოზე მამუკა ბახტაძე ჩინური კერძო საინვესტიციო ჯგუფის, China Minsheng Investment Group-ის პრეზიდენტ ლიუ ბენსიანსაც ესაუბრა.

“შეხვედრაზე იმსჯელეს თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებსა და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე, რომელთა განხორციელებითაც, შესაძლოა, ჩინეთის უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჯგუფი დაინტერესდეს”, – აცხადებს პრემიერის პრესსამსახური.

მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესდა კორპორაცია ჩინური კორპორაციის, COSCO Shipping-ს თავმჯდომარე. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, სიუ ლიჟონგმა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის ვაჭრობაში საქართველოს როლზე ისაუბრა; ასევე გამოთქვა საქართველოსთან თანამშრომლობისა და საზღვაო გადაზიდვების სფეროში ქვეყნის შესაძლებლობების შესწავლის სურვილი.

საზღვაო გადაზიდვების ორგანიზებით მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას ამ სფეროში მომუშავე შვედური კომპანია Stena Rederi-ც დაინტერესდა. შეხვედრა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ კარლ ჰაგმანსა და საქართველოს პრემიერს შორის შედგა.

“მიმაჩნია, რომ საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია იმისა, რომ განვითარდეს შავი ზღვის რეგიონში. მე გახლავართ საზღვაო გადაზიდვების სფეროში მოქმედი კომპანიის წარმომადგენელი და საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან ვიხილავდით შავ ზღვაზე სატრანსპორტო ქსელების განვითარების შესაძლებლობას, გეოგრაფიულად საქართველოს შესანიშნავი პოზიცია აქვს და მიმაჩნია, რომ ქვეყანას ბრწყინვალე მთავრობა ჰყავს”, – ციტირებს პრემიერის აპარატი კომპანიის დირექტორს.

დავოსის ეკონომიკური ფორუმი 22-25 იანვარს იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი