ახალი ამბები

რუსეთი არის რეჟიმი, სადაც იდეისთვის არავინ მოკვდება – ანდრეას უმლანდი

26 იანვარი, 2019 • 2265
რუსეთი არის რეჟიმი, სადაც იდეისთვის არავინ მოკვდება – ანდრეას უმლანდი

“ნაცრისფერ ზონას” ზოგჯერ უწოდებენ რეგიონის იმ ქვეყნებს, რომლებიც არცერთი მსხვილი თავდაცვის ორგანიზაციის წევრები არ არიან. სპეციალისტები სხვადასხვა ფორმატში მსჯელობენ, რამ “გაანაცრისფრა” საქართველო, აზერბაიჯანი, უკრაინა და მოლდოვა; რამ შეუწყო ხელი მათი მათი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გაჭიანურებას და რა შეცდომები დაუშვა დასავლეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რამაც ზონის ქვეყნები ერთი მხრივ, რუსული აგრესიული პოლიტიკის, მეორე მხრივ კი მჭიდრო მოკავშირეების გარეშე დატოვა. აღნიშნულ საკითხზე “ჰაინრიხ ბიოლის ფონდში” გერმანელმა პოლიტოლოგმა, ანდრეას უმლანდმა ისაუბრა, საჯარო ლექციის შემდეგ კი “ნეტგაზეთის” რამდენიმე კითხვასაც უპასუხა. 

პირველ რიგში, მკითხველს მოკლედ რომ განვუმარტოთ, რას ნიშნავს “ნაცრისფერი ზონა” და რა ნიშნით არიან მასში მოქცეული რეგიონის სახელმწიფოები, მათ შორის, საქართველო? 

“ნაცრისფერი ზონა” მოიცავს ქვეყნებს, რომლებიც არცერთი ძირითადი თავდაცვის ორგანიზაციის – არც ნატო–ევროკავშირისა და არც რუსული ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები არიან. ამ სახელმწიფოებს აღნიშნავენ ნაცრისფრად, რადგან, მეტაფორულად რომ ვთქვათ, არც შავი ფერისანი არიან და არც თეთრი.

მიზეზები, რომელთა გამოც ეს სახელმწიფოები მოქცეულნი არიან ამ ზონაში, არაერთგვაროვანია. ერთი მხრივ, მათ არ სურთ ახალი რუსული იმპერიის ნაწილად ყოფნა. საქართველოს შემთხვევაში, ნატოსა და ევროკავშირში შეუსვლელობას შიდა მიზეზები განაპირობებს. აქ რეფორმები საკმარისად ადრე არ დაწყებულა. შესაძლოა, ვარდების რევოლუცია 90–იან წლებში რომ მომხდარიყო, ქვეყანა ევროკავშირშიც შესულიყო და ნატოშიც.

რა თქმა უნდა, მიზეზები დასავლეთშიც უნდა ვეძიოთ: იქ ვერ შეძლეს საკმარისი სიგნალების მიწოდება და შეთავაზებების გაჟღერება ამ ქვეყნებისათვის, მათ შორის, საქართველოსთვის. ასე რომ საქმე გვაქვს სტრატეგიულ შეცდომასთან, ორივე მხრიდან.

რას აღნიშნავდით დასავლეთის შეცდომებიდან, რამაც პროცესების გაჭიანურებას შეუწყო ხელი? 

შეცდომები დაიშვა დასავლეთის პოლიტიკაში რუსეთის მიმართ. საბჭოთა კავშირის [დაშლის] შემდეგ გეგმა არ არსებობდა. რუსეთი არ შეფასებულა, როგორც მტერი, მაგრამ, ამასთან, არ არსებობდა აზრი, როგორ უნდა დაესტაბილურებინათ და ემართათ რუსული დემოკრატია. ეს იყო ერთ–ერთი მიზეზი, რომლის გამოც, საბოლოოდ, რუსული დემოკრატია ჩავარდა და იმპერიალიზმი უკან დაბრუნდა.

მაგრამ, შეცდომები ასევე დაიშვა საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილი წევრი სახელმწიფოების მიმართ. არ არსებობდა გეგმა, რა უნდა გაკეთებულიყო ამ ვითარებაში, როცა რუსეთი აგრესიულია და იმპერიის აღდგენას ცდილობს. არანაირი პოზიტიური პასუხი არ ყოფილა 2008 წლის სამიტის შემდეგ, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნაწილობრივ პოზიტიური იყო დაპირება, რომ ისინი გახდებოდნენ ნატოს წევრები, თუმცა არ ითქვა, როგორ, როდის, არ დასახულა სამოქმედო გეგმა და ამან განაპირობა ამ ქვეყნების გასაჭირი.

ვფიქრობ, [დასავლეთის მხრიდან] რეგიონი საკმარისად არაა აღქმული, ისევე როგორც, არასაკმარისია რუსული იმპერიალიზმის გაგება. ასევე, არასრულყოფილადაა გაცნობიერებული საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტების პრობლემატურობა; რომ დღის ბოლოს, ისინი დასავლეთის პრობლემადაც იქცევიან და ეს უკვე ხდება. ვფიქრობ, ადამიანებს რომ სცოდნოდათ, როგორ დასრულდებოდა ეს “მარშრუტი”, კონფლიქტები ერთი მხრივ, რუსეთს, მეორე მხრივ, საქართველოსა და უკრაინას შორის და ასევე, რუსეთ–დასავლეთს შორის, ვფიქრობ, მათი ქმედებები 90–იანებსა და 2000–იანებში სხვანაირი იქნებოდა.

რას ფიქრობთ, არის თუ არა საქართველოს (და არამხოლოდ) ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ხელში იარაღი, შეინარჩუნოს ნაცრისფერი ზონის დღის წესრიგი?

დიახ, ვფიქრობ, მიზეზი, რის გამოც 2008 წელს რუსეთმა გააკეთა ის, რაც გააკეთა, იყო ის, რომ საქართველო არ იყო არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი, ასევე არ ჰქონდა სანდო თავდაცვის გარანტიები სხვა პარტნიორებისაგან.  რომ წარმოვიდგინოთ, რომ საქართველო თავდაცვის ამ გარანტიებს მიიღებს, არ ვფიქრობ, რომ ეს შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკან დაბრუნებას, არამედ მოიცავს ქვეყბის მთავრობის მიერ ამჟამად კონტროლირებად ტერიტორიებს.

ასე რომ, რუსეთმა ეს გააკეთა, რადგან საქართველო იყო სუსტი, არ ჰყავდა მოკავშირეები და დაიკავა კიდეც საქართველოს ორი ტერიტორია, რადგან ეს ძვირად არ დაუჯდებოდა. რთულია, ვივარაუდოთ, რა მოხდებოდა, საქართველოს რომ თავდაცვის გარკვეული გარანტია ჰქონოდა. ვერ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთი ამას კვლავ იზამდა, თუმცა გათვლები მოსკოვში სხვანაირი იქნებოდა, რაც რუსეთს უფრო შეზღუდავდა.

რეგიონში არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, სწორად მიგაჩნიათ ე.წ. ნაცრისფერი ზონის სახელმწიფოთა ერთ ქვაბში მოხარშვა, ერთ კონტექსტში განხილვა?

განმარტების მიხედვით, სწორია. არცერთი მათგანია დიდი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, რომელიც მრავალმხრივ თავდაცვით გარანტიებს შესთავაზებდა მათ. გამონაკლისია აზერბაიჯანი, რომელსაც თავდაცვის შეთანხმება აქვს თურქეთთან. თუმცა, რა თქმა უნდა, არც ეს შეთანხმება ნიშნავს აზერბაიჯანისთვის დახმარებას ყარაბაღის დასაბრუნებლად.

იმას, რომ ერთ ზონაში არიან მოქცეულნი, ეს ქვეყნები თავადაც ცნობენ “სუამის” არსებობით. ეს გაერთიანება მოიცავს ოთხივე მათგანს. ასევე, ოთხივე არის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი. ვფიქრობ, მათ ერთგავრი საერთო რწმენა აერთიანებთ, ისევე როგორც საერთო პრობლემა – რუსეთი.

მსგავსებები, რა თქმა უნდა, სხვა მხრივაცაა, თუმცა რუსეთის პრობლემა და თავდაცვისუნარიანობა მათი მთავარი გამაერთიანებელია.

ინტერვიუებში თუ საჯარო გამოსვლების დროს, ხშირად ახსენებთ “ნატოს” ალტერნატივებს, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინისადმი. აცხადებთ, რომ იმ ფონზე, როცა ალიანსის წევრობა ჯერ მოსალოდნელი არ არის, ქვეყნებმა უნდა ეძიონ ალტერნატიული შეთანხმებები და გაერთიანებები, რაც მათ თავდაცვისუნარიანობას გაამყარებს და ნაცრისფერ ზონას ნაკლებად ნაცრისფერს გახდის. რას გულისხმობთ აღნიშნულ ალტერნატივებში და როგორ გესახებათ რუსეთის შესაძლო რეაქცია?

ერთ–ერთი ასეთი ალტერნატივა ევროკავშირის წევრობაა. ევროკავშირის დინამიკა  და პროცედურები, მისი ისტორია და იდენტობა ნატოსაგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ ევროკავშირს ასევე აქვს თავდაცვის გარანტიები, დიდ ფინანსურ შესაძლებლობებთან ერთად.

ასევე “სუამი” : ეს ორგანიზაცია დემოკრატიასა და ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირდება, თუმცა, ასევე ეხება თავდაცვასაც. “სუამ+” ფორმატი კი შესაძლებლობას იძლევა, ორგანიზაციას სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ. ეს იქნება ინტერმარიუმის კონცეფცია – მიწა ზღვებს შორის. ეს ძველი კონცეფციაა, I და II მსოფლიო ომებს შორის პერიოდიდან, როცა ძველი იმპერიები დაიშალა და აღმოსავლეთ ევროპაში ახალი სახელმწიფოები გაჩნდა და იყო იდეა, რომ მათ შეექმნათ ალიანსი.

ასევე შეიძლება განვიხილოთ რაიმე სახის განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარება აშშ-სთან. შეიძლება გვქონდეს დისკუსია, რამდენად გააბრაზებს ეს რუსეთს. უკრაინის პერსპექტივიდან ვითარება სხვაგვარადაა, ვინაიდან აქ რუსეთი უკვე საკმარისად გაბრაზებულია, აქ უკვე მიმდინარეობს მწვავე კონფლიქტი და რიტორიკას შესაბამისია. საქართველოს შემთხვევაში სხვა ვითარება გვაქვს – აქ არ მიმდინარეობს ომი, ადგილი აქვს გარკვეული მიმართულებებით რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას. ამიტომ, საქართველოსთვის სხვა ქვეყნებთან ახალ ალიანსებში შესვლა უფრო რისკიანი იქნება.

მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ეს ახალი ალიანსები უფრო შეამცირებენ ესკალაციას და არ გაზრდიან მას. ვფიქრობ, მოსკოვში უფრო რაციონალურად ფიქრობენ, ემოციებზე არ დგანან. აქ კლეპტოკრატიაა და არა იდიოკრატია. ესაა რეჟიმი, რომელსაც არ ამოძრავებს იდეოლოგია და უბრალოდ სურს, მოიპაროს საკუთარი ხალხისაგან. ამიტომაცაა, რომ ისინი ამ “უცხოურ მოგზაურობებს” იყენებენ ისეთი მენტალობის შესაქმნელად, რომლითაც მოსახლეობის ყურადღებას გადაიტანენ შიდა პრობლემებიდან.

თუმცა, თუ გაზრდით “უცხოური მოგზაურობების” “ფასებს” და შექმნით ალიანსებს სხვა ქვეყნებთან, თუ ნაკლებად შესაძლებელს გახდით მოსკოვისათვის, რომ დათვალოს ახალი ესკალაციის “ფასი”, ვფიქრობ, თქვენი თავდაცვისუნარიანობა გაუმჯობესდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ახალი ალიანსები, ჯამში, კარგია. არის რისკი, შიშები, რომ რუსეთი დაბრუნდება და ა.შ., თუმცა თუ შეიქმნება ახალი ალიანსები, აშშ პროცესებში მეტად ჩაერევა, მოსკოვში იქნება ხალხი, ვინც იტყვის: არა, აქ არ გვინდა. ვიცით, რომ აშშ საქართველოს გამო მესამე მსოფლიო ომს არ დაიწყებს, თუმცა მათ შეუძლიათ, რაიმე მოიმოქმედონ, დააწესონ სანქციები და ა.შ.

ახალი ალიანსები მეტ დაბნეულობას ქმნის მოსკოვისთვის. რუსეთმა საქართველოსა და უკრაინაში იმოქმედა ისე, როგორც იმოქმედა, რადგან ქვეყნებს არ ჰქონდათ არანაირი კავშირები. მათ ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ: იცოდნენ, რომ მოიგებდნენ და იცოდნენ, რომ ქვეყნებს არავინ დაეხმარებოთა. მათ ჰქონდათ შეგრძნება: შეგვიძლია, ეს გავაკეთოთ, რადგან ვიცით, რად დაგვიჯდება. მაგრამ თუ გექნებათ ახალი კავშირები, ამ რისკების დათვლა [რუსეთისთვის] გაცილებით რთული იქნება.

რუსეთი რაციონალური რეჟიმია, არ იმართება ფანატიკოსების მიერ, როგორც მაგალითად, ნაცისტური რეჟიმი. ამიტომ არ ვეთანხმები, როცა რუსეთის ხელისუფლებას ფაშისტურ რეჟიმს ეძახიან, რადგან მათ იდეები ამოძრავებდათ. ცუდი იდეებით, მაგრამ მოძრაობდნენ იდეებით. მზად იყვნენ, მომკვდარიყვნენ ამისათვის. არ ვფიქრობ, რომ რუსეთში ვინმე მზადაა, იდეისთვის მოკვდეს. მათ ურჩევნიათ, ჯარი გაგზავნონ და ისინი დაიხოცონ. ეს უბრალოდ კლეპტოკრატიაა.

რას გულისხმობთ, როცა საუბრობთ სხვა სახის ურთიერთობებზე აშშ-სთან? ხომ არ შეიძლება ეს იყოს “არა-ნატოს წევრი მთავარი მოკავშირის” ფორმატი, რომლითაც სამხრეთ კორეა და ისრაელი სარგებლობენ? 

თავდაცვის შეთანხმება, როგორიც აშშ-ს აქვს სამხრეთ კორეასთან და ისრაელთან, ვფიქრობ, იქნება საუკეთესო, რაც უკრაინამ და საქართველომ შეიძლება მიიღონ. შეიძლება, რაღაც მხრივ უკეთესი, ვიდრე ნატო[გაწევრიანება], იმიტომ, რომ, როგორც იცით, აშშ ნატოში მთავარი ძალაა. რაღაც მხრივ, უფრო მარტივი იქნება, უსაფრთხოების გარანტად გვყავდეს აშშ და არა ნატო, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების დაცვის ორგანიზაცია.

მაგრამ ეს ან იქნება შესაძლებელი ამ მომენტში, ან – არა, ვერ გამოვრიცხავ. რაღაც მხრივ, შესაძლოა, შეიცვალოს განწყობა, ალბათ, აშშ-ს შემდგომი არჩევნების შემდეგ, კონგრესის ორივე პალატა და თეთრი სახლი იყოს უფრო “ქორული”(Hawkish – რადიკალური საგარეო პოლიტიკის მომხრე) და ისინი წავიდნენ თავდაცვის ამ შეთანხმებაზე.

თუმცა, შეიძლება, განვიხილოთ სხვა სცენარებიც…

მაინც, რომელი სცენარები?

სხვა სცენარები, შეიძლება იყოს, მაგალითად, უფრო სუსტი შეთანხმებები [ერთი მხრივ] საქართველოსა და უკრაინას [მეორე მხრივ კი] აშშ-ს შორის, რომლებიც გააუმჯობესებს არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. არის ორმხრივი შეთანხმებები, აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია 2008 და 2009 წლებში, მაგრამ თუ თქვენ გსურთ, გააუმჯობესოთ ეს მოცემულობა, მოდით, ვისაუბროთ სამმხრივ შეთანხმებაზე საქართველო-უკრაინა-აშშ-ს შორის, რაც იქნება სიმბოლური ნაბიჯი, რომელიც მიიპყრობს დიდ ყურადღებას, აანერვიულებს ადამიანებს მოსკოვში და ჩემი აზრით, ეს ნერვიულობა კარგი იქნება.

არის სხვა ჯგუფიც, რომელიც ამბობს, რომ ამ ნერვიულობის ფონზე რუსეთი უფრო აგრესიული გახდება. მე პირიქით ვფიქრობ. თუ ისინი დაინახავენ, რომ ამერიკელები მეტად ერევიან [რეგიონში], ვფიქრობ, ისინი უფრო შეშინდებიან [მოსალოდნელი] შედეგებით.

ამიტომ, აქ არის სხვა ფორმატებიც და ვფიქრობ, რომ ზედმეტად ბევრი საუბარი მიდის ნატოზე. ეს საუბარი კი ყურადღებას გადაგვატანინებს სხვა ფორმატების ძეიებისა და ხელშეწყობისკენ, რომელთა მიღწევაც ბევრად მარტივია. ნატოს წევრობა საუკეთესო იქნება, თუმცა თუ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ, იყავით უფრო კრეატიულები და იფიქრეთ სხვა ფორმატებზეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი