ჩემი გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერი იყო – მურუსიძე მოლაშვილის საქმეზე

სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ სულხან მოლაშვილის საქმეზე 2006 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც კონტროლის პალატის ყოფილ ხელმძღვანელს პატიმრობა შეეფარდა, კანონიერი იყო. მურუსიძე მაშინ უზენაესი სასამართლოს იმ კოლეგიის წევრი იყო, რომელმაც ეს საქმე განიხილა.

მოლაშვილის საქმეზე მურუსიძემ ტელეიმედის ეთერში GDI-ის წარმომადგენელ, იურისტ გიორგი მშვენიერაძესთან დებატებში განაცხადა.

“მიჭირს გარდაცვლილ ადამიანზე საუბარი…  მე რა გადაწყვეტილებაც მივიღე, შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო აბსოლუტურად კანონიერი, ეფუძნებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის ყველა სტანდარტს ეფუძნებოდა, რაც საჭირო იყო”, – განაცხადა მურუსიძემ.

მისივე თქმით, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, ეს ახალი გარემოება იყო და მხარეს ერთი წელი ჰქონდა გასასაჩივრებლად, მისი თქმით, უკეთესი იქნებოდა, რომ ეს საქმე თავიდან დაბრუნებულიყო სასამართლო განხილვაში და ახლა საუბარი მისთვის უფრო ადვილი იქნებოდა.

“დღეს გულწრფელად მიმაჩნია, რომ მე გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონის შესაბამისად მივიღე”, – განაცხადა მოლაშვილმა.

მოლაშვილის საქმეზე საქართველომ სტრასბურგში კონვენციის არაერთი მუხლის, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა აღიარა და მხარეს 20 ათასი ევრო გადაუხადა. სრულად სტრასბურგის გადაწყვეტილებას მოლაშვილის საქმეზე შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

სულხან მოლაშვილი 2016 წელს გარდაიცვალა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com