უპატივცემლობა და უმოქმედობა – რაში ადანაშაულებენ დეპუტატებს

“კოალიცია თანასწორობისთვის” განცხადებას ავრცელებს და პარლამენტის დეპტატს, ემზარ კვიციანს ეთნიკური უმცირესობების მიმართ უპატივცემლობასა და არატოლერანტულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ.

როგორც კოალიციის განცხადებაში ვკითხულობთ, 21 იანვარს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა ამავე კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე. სხდომაზე ესწრებოდნენ რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს, სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

კოალიციის განცხდაებით, სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსაკუთრებული მსჯელობის საგანი გახდა დეპუტატ ემზარ კვიციანის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაწესებას საჯარო სივრცეში მუსლიმი ქალის ტრადიციული თავსაბურავის – ნიქაბის და ბურქას ტარებისათვის.

“კოალიცია თანასწორობისთვის” აცხადებს, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე საკუთარი აზრი გამოთქვა სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს უფროსმა, მირტაგი ასადოვმა.

მან განაცხადა, რომ შიიტურ მუსლიმურ დღესასწაულებზე აზერბაიჯანული მუსლიმური თემის წევრი ქალები იმოსებიან ნიქაბით და ბურქით. მირტაგი ასადოვის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე მუსლიმები ვერ შეძლებენ მუსლიმური რიტუალების სათანადოდ ჩატარებას, ვინაიდან ბურქის და ნიქაბის ტარება დასჯადი გახდება:

“მირტაგი ასადოვმა მიიჩნია, რომ ამ კანონპროექტის ინიცირება წარმოადგენდა დეპუტატის მოვალეობის დარღვევას. მირტაგ ასადოვი არის საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელი. ქართული ენის არცოდნის გამო სამუშაო ჯგუფის სხდომაზე იგი სიტყვთ აზერბაიჯანულ ენაზე გამოვიდა.

მის განცხადებას ქართულ ენაზე თარგმნიდა ამავე თემის წევრი ოქტაი კაზუმოვი. მირტაგი ასადოვის განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი. მან აგრესიულად მოსთხოვა მირტაგი ასადოვს იმის განმარტება, იყო თუ არა საქართველოს მოქალაქე. როდესაც ამ კითხვაზე დადებითი პასუხი მიიღო, ემზარ კვიციანმა მირტაგი ასადოვს მიმართა შეკითხვით, რომ თუ ის საქართველოს მოქალაქე იყო, ქართულად რატომ არ ლაპარაკობდა” – ვკითხულობთ განცხადებაში.

კოალიციის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფოს სერიოზული გამოწვევაა, რომ უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში კვლავაც პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფო ენის არცოდნა. მათი თქმით, წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, სახელმწიფომ ვერ დასძლია ეს პრობლემა:

“ენის არცოდნა არის ის არსებითი მიზეზი, რაც იწვევს ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელების და სომხების იზოლირებას სახელმწიფოსაგან და დანარჩენი საზოგადოებისაგან.

ემზარ კვიციანის განცხადებაში ცალსახად იყო მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს ენის არცოდნის გამო არა აქვს უფლება, კონკრეტულ კანონპროექტზე, რომელიც უშუალოდ ახდენს გავლენას მასზე და მისი თემის ცხოვრებაზე, დააფიქსიროს საკუთარი კრიტიკული პოზიცია. დეპუტატმა მსგავსი განცხადებით ენის არცოდნა გამოიყენა როგორც ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ოპონენტის მარგინალიზაციის საშუალება”, – წერია განცხადებაში.

კოალიციაში მიიჩნევენ, რომ დეპუტატმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ეთნიკურ უმცირესობას მიკუთვნებული საქართველოს მოქალაქის შესაძლებლობა, მისი წუხილები საქართველოს ხელისუფლების წინაშე გამოთქვას საკუთარ, მშობლიურ ენაზე.

“კოალიცია თანასწორობისთვის” აცხადებს, რომ ამგვარი მიდგომა სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ხელისუფლების დეკლარირებულ ძალისხმევასთან, მოახდინოს ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაცია.

კოალიციაში აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა დადგენილებით მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი. ამ კოდექსის „ბ.გ.“ ქვეპუნქტის თანახმად, „პარლამენტის წევრი პატივისცემით ექცევა პარლამენტის სხვა წევრებს და მოქალაქეებს, არ იყენებს სიძულვილის ენას, რომელიც მიმართულია რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის თუ სხვა ნიშნით განსაზღვრული უმცირესობებისკენ”:

“ემზარ კვიციანმა, მოცემულ შემთხვევაში, უპატივცემლობა და არატოლერანტული დამოკიდებულება გამოამჟღავნა საქართველოს მოქალაქის ენობრივი და ეთნიკური კუთვნილების ნიშანთან დაკავშირებით, რაც პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით წარმოადგენს სიძულვილის ენას.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრის არაეთიკურ ქცევაზე რეაგირებას უნდა ახდენდეს ეთიკის საბჭო, რომელიც ამ დრომდე არ არის დაკომპლექტებული, შესაბამისად, ემზარ კვიციანის აღნიშნული განცხადება ვერ გახდება ეთიკის საბჭოს მსჯელობის საგანი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

კოალიციაში ასევე აცხადებენ, რომ სხდომის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს, არავითარი რეაქცია არ ჰქონდა ემზარ კვიციანის განცხადებასთან დაკავშირებით, ამის სანაცვლოდ მან გააკრიტიკა მირტაგი ასადოვის განცხადების ის ნაწილი, სადაც კანონპროექტის ინიცირება სადეპუტატო მოვალეობის დარღვევად იყო შეფასებული:

“ შემაშფოთებელია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის უმოქმედობა, რომელმაც ვერც სიძულვილის ენის გამოყენების აღკვეთა შეძლო და არც საკუთარი კოლეგის მიერ ამგვარი ენის გამოყენებას გაემიჯნა”, -წერია განცხადებაში.

“კოალიცია თანასწორობისთვის” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს, დაიცვან პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მოთხოვნები და არ გამოიყენონ სიძულვილის ენა.

იმავდროულად, კოალიცია მოითხოვს, შესაბამისი კომიტეტის თუ პლენარული სხდომის თავმჯდომარემ დროული რეაგირება მოახდინოს დეპუტატის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის აღსაკვეთად ან მომავალში მის თავიდან
ასაცილებლად და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დროულად დააკომპლექტოს ეთიკის საბჭო, რათა, ერთი მხრივ, სამართლებრივი შეფასება მიეცეს ამ ფაქტს, ხოლო, მეორე მხრივ, მომავალში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.