ახალი ამბები

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი თიბისის საქმეზე: ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს

22 იანვარი, 2019 • 1826
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი თიბისის საქმეზე: ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს

“ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები, ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს. იყო ასევე საუბარი ოპეკის მხრიდან მის დაფინანსებაზე, ასევე საუბარია ევროპის ბანკის მიმართ გარკვეული თანხის გამოყოფაზე,” – ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა “ბათუმელების” კითხვას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ.

“ბათუმელებმა” ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებული ქართველი ბანკირის, მამუკა ხაზარაძის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

“რაც შეეხება თქვენს შეკითხვას ბანკის მფლობელთან დაკავშირებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესებს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამას შეიძლება ჰქონდეს რაიმე გავლენა ანაკლიაზე, არამედ იმიტომ, რომ ამერიკული მფლობელობაც არის ამ ბანკში.

ჩვენი სურვილია, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას. ასევე ჩვენი სურვილია, რომ ამერიკელმა ინვესტორებმა საქართველოში წარმატებულად იმოღვაწეონ და სწორედ ეს არის განმაპირობებელი იმისა, თუ როგორი იქნება ჩვენი მოქმედება მომდევნო პერიოდში,” – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა.

თიბისის საქმე მოკლედ

მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში განაცხადა, რომ “თიბისი ბანკიდან” გამოძების ფარგლებში ამოიღო დოკუმენტაცია. უწყების თქმით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” “თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.

 პროკურატურა ასევე ირწმუნება, რომ ამ კომპანიებისთვის ნასესხები თანხა “თიბისის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ასევე, ბადრი ჯაფარიძემ ისესხეს, როგორც ფიზიკურმა პირებმა, შემდეგ კი ბანკმა ვალი ჩამოაწერა ორივე კომპანიას.

“თიბისი ბანკმა” გავრცელებულ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული ტრანზაქციები არაერთხელ შემოწმდა როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში და იქ უკანონო ქმედებები არ ყოფილა.

ამბებს “თიბისი ბანკში” მიმდინარე გამოძიებაზე გაეცანით აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი