ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ციხელაშვილი: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საკვებ პროდუქტებზე წვდომის პრობლემაა

22 იანვარი, 2019 • 2210
ციხელაშვილი: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საკვებ პროდუქტებზე წვდომის პრობლემაა

„ეს არაჰუმანურია, არავის ინტერესებს არ ადგება და, დამერწმუნეთ, ამ რეგიონების  მოსახლეობა ძალიან წუხს. ჩვენ არაერთი მომართვა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობას საკვებ პროდუქტებზე წვდომის პრობლემა აქვს,“ – ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით გამშვები პუნქტების ჩაკეტვის შესახებ გააკეთა.

მინისტრი ამბობს, რომ მდგომარეობას ართულებს დიდთოვლობის გამო ტრანსკავკასიური მაგისტრალის ჩაკეტვაც, რამაც ცხინვალის რეგიონი იზოლაციაში მოაქცია.   

უკვე მე-12 დღეა, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა, ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაშია. განსაკუთრებით მძიმე, კატასტროფული მდგომარეობის წინაშეა მოსახლეობა ცხინვალის რეგიონში, სადაც  დიდთოვლობის გამო ტრანსკავკასიური მაგისტრალი ჩაკეტილი გახლავთ. შესაბამისად, მოსახლეობას არ აქვს წვდომა ელემენტარულ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, მათ შორის საკვებზე. მოცემულობა არის რთული და არასტანდარტული. სტუდენტებს  ხელოვნურად აქვთ შეზღუდული წვდომა განათლებაზე, ისევე როგორც მოსახლეობის სხვა ნაწილს აქვს შეზღუდული წვდომა ვაჭრობაზე, რაც მათი ოჯახებისა და დანარჩენი მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.  

ციხელაშვილის თქმით, ქართული მხარე, პარტნიორებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში ჩართულია პრობლემის მოსაგვარებლად და გადაადგილების აღსადგენად.

“არარსებულ ეპიდემიაზე აპელირებით .. გადასასვლელი პუნქტების  ჩაკეტვას არანაირი გამართლება არ აქვს, რადგან მდგომარეობა არაა ეპიდემიური და რაიმეთი უარესი წინა წლებთან შედარებით. პირიქით, გაუმჯობესებულია. ამიტომ ეს არ არის ადეკვატური საბაბი.

მივმართავ ყველას, რომ გადაიხედოს ეს არამხოლოდ უკანონო, არამედ არაჰუმანური გადაწყვეტილება. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მხრიდან შეთავაზებულია აბსოლუტურად ყველა გზა და გამოსავალი, რათა ამ საკითხს მივხედოთ და მოსახლეობას საკვების პრობლემა არ გავუჩინოთ. მოვუწოდებ, რომ ნაბიჯები აქეთკენ გადაიდგას,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

თუმცა, როგორც თავად ცხინვალის მცხოვრებლებმა განუცხდეს ნეტგაზეთს, რაიმე პროდუქციის განსაკუთრებული დეფიციტი მაღაზიებში ან აფთიაქებში არ უგრძვნიათ.

ოსური მედიის ცნობით კი, იმის გამო, რომ დიდთოვლობის გამო მეშვიდე დღეა რუსეთთან საზღვარი ჩაკეტილია, მაღაზიებში რძის პროდუქციის, ძეხვეულის და ბავშვთა კვების დეფიციტი შეიმჩნევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი